Facebook Twitter

ას-455-426-2010 21 ივნისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ლ. ლაზარაშვილი, ვ. როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ გ. გ-შვილი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სს “ბ. რ.”, შპს “დ. გ. ც.” (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. გ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს “ბ. რ.” და მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შპს “დ. გ. ც.” მიმართ 2008 წლის 8 დეკემბრის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: გასაჩივრებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით შეწვეტილად იქნა აღიარებული სს “ბ. რ.” და გ. გ-შვილს შორის დადებული 2008 წლის 16 მაისის ¹63949, ასევე 2008 წლის 11 ივნისის ¹68084 საკრედიტო ხელშეკრულებები. შპს “დ. გ. ც.” საქმე განიხილა მოსარჩელისათვის სარჩელის ჩაუბარებლად და საქმის განხილვაზე სათანადო წესით მისი მიწვევის გარეშე, რითაც შეილახა მისი კანონიერი უფლებები.

შპს “დ. გ. ც.” სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. გ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გ. გ-შვილმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 აპრილის განჩინებით გ.გ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 29 მარტის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 918 ლარის გადახდა. აღნიშნული განჩინების ასლი გ. გ-შვილს ჩაბარდა 2010 წლის 3 აპრილს და ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი ვადა ამოიწურა 2010 წლის 12 აპრილს, თუმცა აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სააპელაციო პალატისათვის არ მიუმართავს. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლებით, 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და მიიჩნია, რომ გ.გ-შვილის სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე გ. გ-შვილმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ არასწორად მიიჩნია, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს 2010 წლის 3 აპრილს ჩაბარდა, რადგან საფოსტო შეტყობინების ბარათზე მითითებულია, რომ სასამართლო გზავნილი გადაეცა ზ. გ-შვილს. ასეთი პიროვნება გ.გ-შვილის ოჯახის სრულწლოვანი წევრი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-74-ე მუხლებით გათვალისწინებული სუბიექტი არ არის. თავად აპელანტს კი სადავო სასამართლო განჩინება არ ჩაბარებია, შესაბამისად, არც ხარვეზის გამოსწორების ვადის ათვლა არ დაწყებულა.

სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დაადგინა, რომ 2010 წლის 29 მარტის განჩინებით გ. გ-შვილის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 7-დღიან ვადაში მისი გამოსწორება.

ზემოხსენებული განჩინება გ.გ-შვილს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე და, საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინების მიხედვით, 2010 წლის 3 აპრილს ჩაბარდა ზ. გ-შვილს, აპელანტის ნათესავს.

სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 7-დღიან ვადაში გ. გ-შვილს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც სხვა რაიმე შუამდგომლობა სააპელაციო პალატისათვის არ წარუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. გ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველი.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 2010 წლის 29 მარტის განჩინება სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის თაობაზე 2010 წლის 3 აპრილს ჩაბარდა აპელანტ გ. გ-შვილის ოჯახის სრულწლოვან წევრ ზ. გ-შვილს, რაც სასამართლო გზავნილის მხარისათვისაც ჩაბარებულად მიჩნევის საფუძველია, კერძოდ:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, იგი ჩაბარდეს პირადად მხარეს ან, ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მასთან მცხოვრებ ოჯახის სრულწლოვან წევრს.

დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ სასამართლო გზავნილის მიმღები ზ. გ-შვილი ზემოხსენებული ნორმებით გათვალისწინებული ადრესატის ოჯახის სრულწლოვანი წევრი არ არის, ვინაიდან საფოსტო შეტყობინებაზე არსებული ინფორმაციით საწინააღმდეგო დასტურდება. საფოსტო შეტყობინების უსწორობის დამადასტურებელი მტკიცებულება კი გ. გ-შვილს არ წარმოუდგენია, ხოლო მხოლოდ გ.გ-შვილის განმარტება ასეთი გარემოების დასადგენად საკმარისი არ არის.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ გ.გ-შვილის სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. გ-შვილი კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.