ას-456-427-10 8 ივლისი, 2010 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ ე. მ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,მ-ი” (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება –თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 10 თებერვლის განჩინება.
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ პირგასტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სს „მ-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა სს “მ-ს“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით გადასახდელად დაკისრებოდა 109 922 ლარი და 67 თეთრის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს განათლებისა და მეცნეიერების სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2010 წლის 10 თებერვლისGგანჩინებით განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა 2010 წლის 12 იანვარს, გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადა ამოიწურა 26 იანვარს. სააპელაციო საჩივარი კი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში წარდგენილ იქნა 2010 წლის 27 იანვარს ანუ კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მხარის მიერ – სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, რომ მხარემ ამ უფლების რეალიზება კანონით განსაზღვრულ ვადაში შესძლოს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საპროცესო უფლება გაესაჩივრებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით რეალიზებულ არ იქნა კანონით დადგენილ ვადაში.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამინისტროს ჩაჰბარდა 2010 წლის 13 იანვარს (სამინისტროში რეგისტრაციის ¹ 22/1256. დანართი ¹1). ამდენად, გადაწყვეტილების გასაჩივრების 14_ დღიანი ვადის ბოლო დღე იყო 2010 წლის 27 იანვარი. აღნიშნულ დღეს იყო წარდეგენა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ უთხრა უარი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააპელაციო საჩივრის განხილვაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო საქმეზე წარმოდგენილ კერძო საჩივარს, თანდართულ მტკიცებულებებს და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.
ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოცემულ შემთხვეაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საქართვლოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2010 წლის 12 იანვარს, გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადა ამოიწურა 26 იანვარს, სააპელაციო საჩივარი კი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში წარდგენილი იქნა 2010 წლის 27 იანვარს ანუ კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საქართველოს განათლებისა და მეციერების სამინისტროს კერძო საჩივარში მითითებულ მოტივებს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების თაობაზე. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაბარდა 2010 წლის 13 და არა 12 იანვარს. აღნიშნულის დასამტკიცებლად იგი უთითებს სამინისტროში შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციის ¹22/1256, რომელიც მისი მითითებით მოცემულია დანართი ¹1-ში. პალატა აღნიშნავს, რომ კერძო საჩივარში დართულ მასალებში ასეთი სახის მტკიცებულება არ მოიპოვება, ასეთი მტკიცებულება რომც არსებობდეს, სასამართლო მას მაინც ვერ გაიზიარებდა, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებით ცალსახად დგინდება, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უწყება ჩაბარდა 12 იანვარს, საიდანაც გასულია 14 დღიანი ვადა.
ზემოაღნიშულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ არ არსბობს სააპელაციო სასამართლო განჩინების გაუქმების საფუძველი და იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლის ე. მ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.