Facebook Twitter

ას-457-432-11 16 მაისი, 2011 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პ. ქათამაძე, ბ. ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ნ. თ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. თ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. თ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. თ-ის მიმართ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების შესახებ, შემდეგი დასაბუთებით: 2008 წლის 24 აპრილს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, შვილიშვილს გ. თ-ს, აჩუქა თავისი კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ, საგარეჯო, კ-ას ქ. ... ..-ში, რის სანაცვლოდაც გ. თ-ი დაპირდა მოვლა-პატრონობას. თავდაპირველად გ. თ-ი ყურადღებას აქცევდა, შემდეგ კი შეწყვიტა მის მიმართ ყოველგვარი მზრუნველობა. მოსარჩელის განმარტებით, მიტოვებულია უპატრონოდ და ყურადღებას არავინ აქცევს.მოპასუხე აცხადებს, რომ მის მოსავლელად არ სცალია, ხოლო მოპასუხის ძმა ფირუზო თ-ი და მისი მეუღლე, გ. თ-ის დავალებით, აყენებენ შეურაცხყოფას.

მოპასუხე გ. თ-მა არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ ჩუქების ხელშეკრულებაში დამსაჩუქრებლის მოვლა-პატრონობის ვალდებულება გათვალისწინებული არ ყოფილა. მიუხედავად აღნიშნულისა, თავისი კეთილი ნებით მოსარჩელეს ყურადღებას და მოვლა-პატრონობას არ აკლებდა. მოსარჩელისთვის ძმას - ფ. თ-სა და მის მეუღლეს მხრიდან შეურაცხყოფას არ მიუყენებია. მუდმივად იხდის მოსარჩელის მიერ გახარჯული ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გადასახადს, მის მიმართ უმადურობა არ გამოუჩენია და შეძლებისდაგვარდ უწევდა მზრუნველობას. მოპასუხის განმარტებით, ლიანა არაბულის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებური მითვისების მიზნით ამ უკანასკნელის მიერ მოშლილ იქნა სამეზობლო მესერი, რის გამოც მისი ძმა, ფ. თ-ი იძულებული გახდა მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისათვის. მისივე განმარტებით, მოსარჩელესთან ურთიერთობა დაეძაბა მას შემდეგ, როდესაც მათ ურთიერთობაში ჩაერია მისი მამიდა, მოსარჩელის შვილი - ლენა არაბული. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე ითხოვს, რომ არ იქნეს გაუქმებული ჩუქების ხელშეკრულება და მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

მესამე პირი _ მ. ი-ი არ დაეთანხმა ნ. თ-ის სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ ჩუქების ხელშეკრულება დადებულია მხარეთა ნების შესაბამისად, გაუქმებით წარმოიშობა უფრო მეტი პრობლემა სამართლებრივი თვალსაზრისით, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2010 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. თ-მა.

სააპელაციო პალატაში საქმის ზეპირი განხილვისას, 2011 წლის 22 თებერვალს მხარეებმა სხდომაზე იშუამდგომლეს მორიგების აქტის დამტკიცებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. პალატამ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მორიგების აქტი არ არის კანონსაწინააღმდეგო, არ ლახავს მესამე პირის უფლებებს, რის გამოც, 2011 წლის 22 თებერვლის განჩინებით დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგება შემდეგი პირობებით: უძრავი ქონება მდებარე საგარეჯოში, კ-ას ქ. ... ..-ში, (მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი ¹... ... ...,) მასზე არსებული შენობა_ნაგებობებით, რომლებიც წარმოადგენს 2008 წლის 24 აპრილის ხელშეკრულების საგანს და ირიცხება გ. თ-ის სახელზე, გაიყოს მათ შორის და აღირიცხოს თანასაკუთრების უფლებით გ. თ-ისა და ნ. თ-ის სახელზე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. თ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო სასამართლომ 2011 წლის 22 თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მიუთითა, რომ მორიგების შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია. იმ პერიოდისთვის ის იყო ავად, ახალი გადატანილი ჰქონდა ინსულტი და, შესაბამისად, ვერ აცნობიერებდა პროცესზე მიმდინარე მოვლენები. სასამართლომ მას არ განუმარტა მორიგების აქტზე ხელმოწერის შედეგად მოსალოდნელი შედეგების თაობაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას არავითარი საფუძველი არ ჰქონდა, რომ მორიგებას დათანხმებოდა. მაშინ, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ იყო გამოტანილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. თ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით, ხოლო მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას.

ამასთან, საქმის მორიგებით დასრულებისას გასათვალისწინებელია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის დანაწესი, რომლის თანახმად მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. ამდენად, მორიგების პირობებზე შეთანხმებას მხარეები განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ, ვინაიდან სასამართლოს მიერ მათი დამტკიცების შემდეგ განსახილველი დავა მთავრდება და მხარეთა შეთანხმებას სასამართლო გადაწყვეტილების ძალა ენიჭება.

მოცემულ შემთხვევაში მოდავე მხარეებმა ნ. თ-მა და გ. თ-მა გამოავლინეს ნება მორიგების შესახებ, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ სწორად მიიღო განჩინება მხარეთა მორიგების დამტკიცების თაობაზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ. თ-ის ნების ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძვლის არსებობა არც საქმის მასალებით და არც წარმოდგენილი კერძო საჩივრით არ დასტურდება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მორიგების აქტის გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორის მითითება აღნიშნული აქტის დამტკიცების შედეგად მისი უფლებების დარღვევის თაობაზე. მორიგების აქტში ჩამოყალიბებულ პირობებს თავად მხარეები განსაზღვრავენ. სადავო შემთხვევაში მხარეთათვის კანონით მინიჭებული აღნიშნული საპროცესო უფლების რეალიზება განხორციელდა მათ მიერ მორიგების აქტზე ხელმოწერის გზით, რის გამოც ნ. თ-ის მსჯელობა მორიგების აქტის გაუქმების შესახებ საფუძველს მოკლებულია.

დაუსაბუთებელია ნ. თ-ის მითითება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლის დარღვევაზე. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა მორიგების არსი სწორედ იმაში მდგომარეობის, რომ გარკვეული დათმობის სანაცვლოდ მხარეთა შორის სასამართლო დავა დასრულდეს, ხოლო საკუთარი მოთხოვნებისა და უფლებების დათმობის მოცულობას ყოველი მხარე დამოუკიდებლად წყვეტს. ამასთან გასაჩივრებული განჩინებით ნ. თ-ს გარკვევით განემარტა მორიგების შედეგების თაობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. თ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.