Facebook Twitter

საქმე #210100119002885619

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №605აპ-20 ქ. თბილისი

ს–ი რ., 605აპ-20 28 დეკემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივნისის განაჩენზე სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოჩა ჯანყარაშვილისა და მსჯავრდებულ რ. ს–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. გ–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

პროკურორი გოჩა ჯანყარაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: რ. ს–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას.

მსჯავრდებულ რ. ს–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. გ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და რ. ს–ის გამართლებას.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით რ. ს–ს, - დაბადებულს .... წელს, - ბრალად ედებოდა გაუპატიურების მცდელობა, ესე იგი პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის მცდელობა, ჩადენილი ძალადობით; თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 19 იანვარს, ღამის საათებში, ს..........ს რაიონის სოფელ ...............ში მდებარე ი. ა–ის საცხოვრებელ სახლში რ. ს–ი წინასწარი შეთანხმებით, მ. მ–თან, რ. ჯ–თან, რ. ჯ–სა და ა. ა–თან ერთად შეიჭრა და უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება 19 წლის ა. ა–ს, რის შემდეგაც იგი ძალის გამოყენებით ჩასვა მოწითალო ფერის „ვაზ 2109“ მარკის ავტომობილში, სახელმწიფო ნომერით .......... და მიიყვანა ს...........ს რაიონის სოფელ .............ში მდებარე მ. მ–ის საცხოვრებელ სახლში, სადაც, 2019 წლის 20 იანვარს ა. ა–ა იპოვეს საქართველოს შსს .....ის პოლიციის დეპარტამენტის ...............ს რაიონის თანამშრომლებმა.

2019 წლის 19 იანვარს, ღამის საათებში, ს.............ს რაიონის სოფელ ...........ში მდებარე მ. მ–ის საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, რ. ს–მა მის მიერ მოტაცებულ ა. ა–ს ძალის გამოყენებით გახადა ტანსაცმელი წელს ქვემოთ და სცადა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარება, თუმცა წინააღმდეგობის გაწევის გამო, აღნიშნული ვერ შეძლო.

3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 დეკემბრის განაჩენით:

რ. ს–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში.

რ. ს–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 2 აპრილიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

ბრალდების მხარე საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: რ. ს–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო დაცვის მხარე - განაჩენის გაუქმებასა და რ. ს–ის გამართლებას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივნისის განაჩენით სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიიჩნია, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი არ არის არასრულწლოვანი.

7. საკასაციო სასამართლო დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ რ. ს–ს უდანაშაულოდ ცნობისა და მათი გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება რ. ს–ის ბრალეულობა მისთვის ინკრიმინირებულ ქმედებაში.

8. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის კასატორის პოზიციას, რომ დაზარალებულის ა. ა–ა წინააღმდეგობის გაწევის გარეშე გაჰყა რ. ს–ს და ადგილი არ ჰქონია დაზარალებულისთვის თავისუფლების აღკვეთას, ვინაიდან შეეძლო სახლში და ეზოში თავისუფლად გადაადგილება. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2019 წლის 19 იანვრამდე რ. ს–ი და ქ. ა–ა ფაქტიურად არ იცნობდნენ ერთმანეთს, მათ შორის ადგილი არ ჰქონია პირდაპირ და უშუალო კომუნიკაციას. ქორწინებასთან დაკავშირებით რ. ს–ს რომ არ ჰქონდა თანხმობა მიღებული ა. ა–გან, ასევე დასტურდება უშუალოდ რ. ს-ს დების -ე. და ჰ. ს-ს ჩვენებითაც.

9. დაზარალებულიაითაჯალიევას ჩვენების თანახმად როდესაც რ. ს–ი თანმხლებ პირებთან ერთად შევარდა მის საცხოვრებელ სახლში, ხელში აიყვანა დაზარალებული და მიჰყავდა იგი მანქანისკენ, დაზარალებული უწევდა წინააღმდეგობას, ყვიროდა და შველას ითხოვდა. დაზარალებულმა აგრეთვე განმარტა, რომ მეზობლებს რაიმე ხმაური „არ გაუგიათ იმიტომ, რომ ერთ მხარეს ახლო ნათესავები არიან ჩვენი, რომლებიც სტუმრად იყვნენ წასულები და სახლში არ იყვნენ და აქეთ მეორე მხარეს კიდე ანუ ჩემი ბიცოლა ადრე წვება და თან ტელევიზორი ჩართული ჰქონდა ვერ გაიგებდნენ ხმას“ (იხ. 23.10.2019 წლის სხდომის ოქმი 15:10:24). დაზარალებულის განმარტებით, როდესაც რ. ს–მა მანქანაში ჩასვა, „ვცდილობდი მანქანის კარების გახსნას მაგრამ რ–ი საშუალებას არ მაძლევდა, ხელს იჭერდა, ჩემს ხელს“(იხ. 23.10.2019 წლის სხდომის ოქმი 15:13:45)

10. დაზარალებულის მიერ მიცემული ინფორმაცია არსებითად ანალოგიურად დაადასტურეს 2019 წლის 13 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულის მამამ - ი. ა–მ, დაზარალებულის დედამ - ჰ. მ–დ კ–მ და დაზარალებულის დამ - ბ. ა–მ.

11. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ მომხდარი ფაქტის დროს დაზიანდა საცხოვრებელ სახლში შესასვლელი კარების დამცავი მექანიზმი (ორფრთიანი ხის კარების შიდა მხარეს რკინის სალტეებში მოთავსებული ხის ჯოხი, რომლითაც იკეტებოდა კარები); ხოლო რ. ს–ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის დათვალიერებითა და ა–ის საცხოვრებელი სახლის ეზოდან ამოღებული ნივთმტკიცების ურთიერთშეჯერებით და მათზე დანიშნული ექსპერტიზების დასკვნებით ასევე, დადასტურდა დაზარალებულის, მისი მამისა და მოცემულ საქმესთან დაკავშირებით ბრალდებული სხვა პირების ჩვენებაში მითითებული ფაქტი იმის შესახებ, რომ როგორც ა. ა–ა, ასევე, მისი ოჯახის წევრები, მათ შორის მამა აქტიურად ცდილობდნენ აღეკვეთათ რ. ს–ისა და მისი თანმხლები პირების ქმედებანი,

12. სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ მას მარტოს გადაადგილების საშუალება არ ჰქონდა. საღამოს საათებში იგი ორჯერ გავიდა სახლიდან და ორივეჯერ რ–თან ერთად. (23.10.2019 წლის სხდომის ოქმი 15:30:59) მანვე, აგრეთვე, დაამატა, რომ როდესაც იგი რ–მა ხელში აიყვანა ტელეფონი ხელიდან გაუვარდა და დარჩა სახლში (იხ. 23.10.2019 წლის სხდომის ოქმი 15:31:27) შესაბამისად, მას არ ჰქონდა არანაირი საშუალება ეცადა გაქცევა ან დახმარება ეთხოვა ვინმესთვის.

13. საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით, ასევე უშუალოდ ბრალდებულების - მ. მ–ის, რ. და რ. ჯ–ების, ა. ა–ის მიერ სასამართლო განხილვის ეტაპზე მიცემული ჩვენებებითაც დასტურდება, რომ დაზარალებული გადაყვანილი იქნა მ. მ–ის და არა რ. ს–ს საცხოვრებელ სახლში.

14. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის - სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას, რომ გასაჩივრებული განაჩენი რ. ს–ს ნაწილობრივ გამართლების ნაწილში არის უკანონო. სასამართლო ბრალდების მითითებულ ეპიზოდთან დაკავშირებითაც სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის არგუმენტებსა და დასკვნებს მსჯავრდებულ რ. ს–ს საქართველოს სსკ-ის 19,137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გამართლების ნაწილში.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას ,,..ვალდებულების ფარგლები შეიძლება განსხვავდებოდეს სადავო გადაწყვეტილების ბუნებიდან გამომდინარე და ის უნდა განისაზღვროს თითოეული საქმის გარემოებების გათვალისწინებით ..ზემოაღნიშნული ვალდებულება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no. 36755/06, § 31; 11/11/2011), არამედ გულისხმობს, რომ სამართალწარმოების მხარეები უნდა ელოდნენ კონკრეტულ და მკაფიო პასუხებს იმ არგუმენტებზე, რომლებიც გადამწყვეტია სამართალწარმოების შედეგებისთვის“ (იხ.Tchankotadze v. Georgia, no. 15256/05, § 103, ECtHR,21/06/2016; და Deryan v. Turkey, no. 41721/04, § 33, ECtHR,21/07/2015). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს.

16. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/20202).

17. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოჩა ჯანყარაშვილისა და მსჯავრდებულ რ. ს–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. გ–ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე