Facebook Twitter

ას-459-430-2010 21 მაისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ მ. კ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სს “ს. ბ.” (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ვალდებულების შესრულება, გირავნობის საგნის იძულებით აუქციონზე რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს “ს. ბანკმა” სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. კ-ძის, ზ. ლ-ძის, რ. ბ-ძისა და ჟ. კ-ძის მიმართ საბანკო დავალიანების დაკისრებისა და გირავნობის საგნის იძულებით აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნით.

ზ. ლ-ძემ, რ. ბ-ძემ და ჟ. კ-ძემ სარჩელი არ ცნეს, ხოლო მ. კ-ძემ საჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ: ძირითადი თანხის 3431.95 ლარისა და სესხის სარგებლის _ 1440 ლარის გადახდის ნაწილში.

ახალციხის რაიონული სასამართლო 2009 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე სს “ს. ბ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე მ. კ-ძეს მოპასუხეებთან _ ზ. ლ-ძესთან, რ. ბ-ძესთან და ჟ. კ-ძესთან ერთად სოლიდარულად დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის _ 3431,92 ლარის სს “ს. ბ-ის” სასარგებლოდ გადახდა, მოპასუხე მ. კ-ძეს სს “ს. ბ-ის” სასარგებლოდ ასევე დაეკისრა სესხზე დარიცხული პროცენტის _ 2972,9 ლარისა და ჯარიმის 15265,44 ლარის, სულ 18238,34 ლარის გადახდა, ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით რეალიზებულ იქნა მ. კ-ძის კუთვნილი დაგირავებული ქონება.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-ძემ. სააპელაციო საჩივარი მოცემულ გადაწყვეტილებაზე ასევე შეიტანეს ზ. ლ-ძემ, რ. ბ-ძემ და ჟ. კ-ძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 აპრილის განჩინებით მ.კ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. კ-ძემ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. კ-ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის შემოტანიდან 10 დღეში იხილავს მისი დასაშვებობის საკითხს, რა დროსაც სხვა გარემოებებთან ერთად ამოწმებს კერძო საჩივარი შეტანილია თუ არა კანონით დადგენილ ვადაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. ამდენად, დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, განჩინების გასაჩივრებისათვის კანონი ადგენს 12-დღიან ვადას, რომლის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია და მხარეს უფლება ეძლევა, კერძო საჩივარი შეიტანოს განჩინების კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ჩაბარების ან გამოცხადების მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება არა მხოლოდ უშუალოდ მხარისათვის ჩაბარების მომენტი, არამედ ადრესატის ოჯახის სრულწლოვანი წევრისა თუ სამუშაოს ადმინისტრაციისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება.

განსახილველი საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 აპრილის განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ჩაბარდა ადრესატის ნათესავს _ სრულწლოვან წევრს 2010 წლის 16 აპრილს (იხ. შეტყობინების ბარათი გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარების შესახებ, ტ.II. ს.ფ. 58). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის შეტანის თორმეტდღიანი ვადის დენა დაიწყო მ.კ-ძის სრულწლოვანი ნათესავისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარების დღის მომდევნო დღიდან _ 17 აპრილიდან და ამოიწურა ამავე წლის 28 აპრილს. საქმის მასალებით ასევე უდავოდ დასტურდება, რომ მ.კ-ძემ კერძო საჩივარი სასამართლოში შეიტანა 2010 წლის 30 აპრილს (იხ. ტ.II, ს.ფ.63), კერძო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი თორმეტდღიანი ვადის დარღვევით. აღნიშნული გარემოება მ.კ-ძის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. კ-ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.