ას-460-431-2010 12 ივლისი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (განმცხადებელი) _ ქ. ქ-შვილი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 აპრილის განჩინება
დავის საგანი _ პირთა ნათესაური კავშირის დადგენა
კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 14 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა ქ. ქ-შვილმა მასა და მის მშობლებს _ ბ. ბ-იონსა და ე. ქ-შვილს შორის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის _ პირთა ნათესაური კავშირის დადგენის მოთხოვნით.
განმცხადებელი მიუთითებდა, რომ მისი მშობლები იყვნენ ბ. ბ-იონი და ე. ქ-შვილი. მისივე მითითებით, იგი დაიბადა 1945 წლის 8 მარტს, მამის გარდაცვალების დღეს, საქართველოს სსრ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ლენინგორის რაიონის სოფელ მონასტერში. გაურკვეველი მიზეზების გამო სამშობიაროდან დედის გვარზე გამოიყვანეს. იურიდიული ძალის მქონე დაბადების მოწმობის მისაღებად საჭირო იყო დადგენილიყო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი პირთა ნათესაური კავშირის შესახებ, რათა ახალ დაბადების მოწმობაში ჩაწერილიყო ქ. ქ-შვილის მშობლების სახელები და გვარები. განმცხადებლის მითითებით, მან მიმართა სამოქალაქო რეესტრის სამსახურს, სადაც უარის განუცხადეს დაბადების მოწმობაში მშობლების ვინაობის ჩაწერაზე სასამართლოს მიერ ნათესაური კავშირის ფაქტის დადგენამდე (ტ.1, ს.ფ. 1-3).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ. ქ-შვილის განცხადება პირთა ნათესაური კავშირის დადგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საგარეჯოს სამსახურის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით ქ. ქ-შვილს არ ჰქონდა დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობა და მშობლების ქორწინების მოწმობა. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ცნობის შესაბამისად საქართველოს ნოტარიუსთა პალატას არ მოეპოვებოდა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მოქმედი ნოტარიუსების თაობაზე ინფორმაცია, ხოლო ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მოქმედი ორგანოების მიერ გაცემული რაიმე დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიაზე ვერ იქნებოდა მიჩნეული იურიდიული ძალის მქონედ. ასევე, საქმეში წარმოდგენილი იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სამოქალაქო აქტების ცენტრალური არქივის მიერ გაცემული ცნობით დგინდებოდა, რომ 1945 წლის ლენინგორის რაიონის მასალა არქივში არ ინახებოდა, რის გამოც ვერ დასტურდებოდა ქ. ქ-შვილის დაბადებისა და მისი მშობლების ვონაობის შესახებ ინფორმაციისა და ბ. ბ-იონის გარდაცვალების ფაქტის სისწორე (ტ.1, ს.ფ. 32-35).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ქ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა პირთა ნათესაური კავშირის შესახებ. აპელანტი მიუთითებდა, რომ მას არ შეეძლო დაბადების მოწმობის აღება, ვინაიდან არ გააჩნდა მშობლების პირადობის მოწმობები და მისი დაბადების შესახებ სააქტო ჩანაწერი. საჭირო დოკუმენტაციის მოპოვება შეუძლებელი იყო სამხრეთ ოსეთში შექმნილი საომარი მოქმედების გამო (ს.ფ. 118-129).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 მარტის განჩინებით ქ. ქ-შვილს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში დაეზუსტებინა თუ ვისა და ვის შორის და რა სახის ნათესაური კავშირის დადგენას ითხოვდა. ამავე ვადაში აპელანტს ასევე დაევალა 75 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა (ტ.2, ს.ფ. 2-3).
2010 წლის 14 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ქ. ქ-შვილმა, რომელმაც მიუთითა, რომ ჩაჰბარდა ხარვეზის შესახებ განჩინება და ითხოვა მისი სააპელაციო საჩივრის განმხილველი მოსამართლის აცილება და საქმის სხვა მოსამართლისათვის გადაცემა (ტ.2, ს.ფ. 13).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 23 აპრილის განჩინებით ქ. ქ-შვილის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. ქ-შვილს ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2010 წლის 13 აპრილს. ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი 5-დღიანი ვადა ამოიწურა 2010 წლის 18 აპრილს, რომელიც იყო უქმე დღე. შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა მომდევნო პირველ სამუშაო დღეს _ 19 აპრილს, ხოლო აპელანტის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული (ტ.2, ს.ფ. 9-11).
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქ. ქ-შვილმა, რომელმაც ითხოვა მისი განცხადების განხილვა. კერძო საჩივარში მითითებულია, რომ ქ. ქ-შვილმა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარების შემდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა განცხადებით, სადაც მოითხოვა საქმის სხვა მოსამართლისათვის განსახილველად გადაცემა. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, აცილების საკითხთან დაკავშირებით შეტანილ განცხადებაზე პასუხის მიღებამდე მას აღარ ესაჭიროებოდა სააპელაციო სასამართლოში განცხადების შეტანა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ (ტ.2, ს.ფ. 15-18).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ქ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 აპრილის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 მარტის განჩინებით ქ. ქ-შვილს დაევალა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსება.
გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი აპელანტის მიერ მითითებულ მისამართზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ჩაიბარა შვილმა 2010 წლის 13 აპრილს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების 5-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2010 წლის 14 აპრილს და დასრულდა 19 აპრილს. სააპელაციო საჩივრის ხარვეზი აპელანტს არ შეუვსია.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის მსჯელობას, რომ, რამდენადაც მან სააპელაციო სასამართლოს მიმართა საქმის განმხილველი მოსამართლის აცილების განცხადებით, აცილების საკითხის გადაწყვეტამდე აღარ ესაჭიროებოდა რაიმე სახის განცხადების შეტანა მის სააპელაციო საჩივარზე დადგენილ ხარვეზთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ აპელანტი აღნიშნული განცხადებით ითხოვდა მხოლოდ მოსამართლის აცილებას და მას რაიმე შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით არ წარუდგენია. შესაბამისად, აცილების შესახებ განცხადების წარდგენა ვერ შეაჩერებდა ხარვეზის შევსების ვადის დენას. ამასთან, მოსამართლის აცილების საკითხის გადაწყვეტა მოცემულ შემთხვევაში არ წარმოადგენდა ისეთ საპროცესო მოქმედებას, რომელიც გავლენას მოახდენდა ქ. ქ-შვილის სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების საკითხზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს ქ. ქ-შვილის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. ქ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 აპრილის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.