Facebook Twitter

ას-462-433-2010 14 ივნისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შპს “მ. ს. მ.” (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სს “ა.” (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ვალდებულების შეუსრულებლობის გამო თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს “მ. ს. მ.” სარჩელი აღძრა სასამართლოში სს “ა.” მიმართ სარეკლამო მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების _ 16 734,19 ლარის დაკისრების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2008 წელს მხარეთა შორის დაიდო სარეკლამო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს გაუწია 16 734,19 ლარის ღირებულების მომსახურება. არაერთგზის მიმართვის მიუხედავად მოპასუხეს აღნიშნული თანხა შპს-სათვის არ აუნაზღაურებია.

სს “ა.” სარჩელი ნაწილობრივ _ 7425 ლარის ღირებულების მომსახურების გაწევის ნაწილში ცნო და განმარტა, რომ შპს “მ. ს. მ.” მოთხოვნა 9309,19 ლარის დაკისრების თაობაზე დაუსაბუთებელია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს “მ. ს. მ.” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს “ა.” შპს “მ. ს. მ.” სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 7425 ლარი, ხოლო 9309,19 ლარის გადახდის დაკისრებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს “მ. ს. მ.” გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 აპრილის განჩინებით შპს “მ. ს. მ.” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2010 წლის 29 მარტის განჩინებით შპს “მ. ს. მ.” სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, აღნიშნული განჩინება აპელანტს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და, სასამართლოში დაბრუნებული საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის თანახმად, 2010 წლის 31 მარტს ჩაბარდა ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მერვე ნაწილით გათვალისწინებულ უფლებამოსილ პირს _ შპს “მ. ს. მ.” დირექტორ გ. ჯ-შვილს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ხარვეზის შევსების 7-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2010 წლის 1 აპრილიდან და ამოიწურა 2010 წლის 7 აპრილს. მოცემულ შემთხვევაში შპს “მ. ს.ი მ.” წარმომადგენელმა, მ. ს-შვილმა სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მიმართა პალატის 2010 წლის 29 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის გასვლის შემდეგ, კერძოდ, 2010 წლის 13 აპრილს. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, 374-ე მუხლით და მიიჩნია, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა, რაც მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია და შპს “მ. ს. მ.” უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 432,36 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს “მ. ს. მ.” შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგი საფუძვლებით: დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ აპელანტს პალატის მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და სახელმწიფო ბაჟი არ გადაუხდია. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზით მხარეს ევალებოდა კონკრეტულ ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდა და არა მისი წარდგენა სააპელაციო პალატისათვის. აღნიშნული ხარვეზი აპელანტმა გამოასწორა და სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა ვადაში _ 2010 წლის 6 აპრილს, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა.

მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 მარტის განჩინებით შპს “მ. ს. მ.” სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღეში სახელმწიფო ბაჟის _ 432,36 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სააპელაციო სასამართლოსათვის წარდგენა.

საქმეში წარმოდგენილი შპს “ს.” შერტობინების ბარათით დასტურდება, რომ სასამართლო გზავნილი 2010 წლის 31 მარტს ჩაბარდა შპს “მ. ს. მ.” დირექტორ გ. ჯ-შვილს.

აპელანტმა, ხარვეზის შესვების მიზნით, სასამართლოს მიმართა და სახელმწიფო ბაჟის ქვითარი წარუდგინა 2010 წლის 13 აპრილს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “მ. ს. მ.” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი, სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

ამასთან, ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, მოცემული ნორმის გამოყენების წინაპირობაა მხარის მიერ საპროცესო მოქმედების ვადის გაშვება.

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განჩინებით აპელანტ შპს “მ. ს. მ.” ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა 7-დღიანი ვადა, რომელიც აითვლება 2010 წლის 31 მარტის, ხარვეზის თაობაზე განჩინების მხარისათვის ჩაბარების შემდგომი დღიდან _ 2010 წლის 1 აპრილიდან და იწურება 2010 წლის 7 აპრილს.

საქმის მასალებით დგინდება, რომ ზემოხსენებულ პერიოდში შპს “მ. ს. მ.” ხარვეზის გამოსწორების მიზნით, სასამართლოსათვის არ მიუმართვს, რის გამოც გასაჩივრებული განჩინებით მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ ხარვეზს წარმოადგენდა რა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდა, მითითებული ვადის დაცვით, 2010 წლის 6 აპრილს აპელანტის მიერ თანხის ბანკში შეტანა ხარვეზის გამოსწორების საფუძველს წარმოადგენდა, ვინაიდან სააპელაციო პალატის 2010 წლის 29 მარტის განჩინებით აპელანტს გასაგებად განემარტა, რომ მას 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟი არა მარტო უნდა გადაეხადა, არამედ აღნიშნულის დამადასტურებელი ქვითარი წარედგინა სასამართლოსათვის, რითაც იგი ხარვეზის გამოსწორების ფაქტს დაადასტურებდა.

მხარემ უგულებელყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 მარტის განჩინების მე-3 პუნქტის აღნიშნული მოთხოვნა, რის გამოც ხარვეზი მის მიერ სრულად გამოსწორებულად ვერ ჩაითვლება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “მ. ს. მ.” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.