Facebook Twitter

საქმე ¹ას-46-45-2010 22 თებერვალი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ.კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ლ. ლაზარაშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ რ. ბ-შვილი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შ. ე-შვილი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 14 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანამესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შ. ე-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. ბ-შვილის მიმართ მეუღლეთა საერთო ქონების თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მხარეები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. ქ.თბილისში, ... მე-3 მკ/რ-ის მე-5 კვარტლის მე-16 კორპუსის ¹98 ბინა წარმოადგენდა მათ თანასაკუთრებას. სამოქალაქო კოდექსის 1158-1160-ე, 1164-ე, 1167-1168-ე მუხლების საფუძველზე მოსარჩელესა და მის ორ არასრულწლოვან შვილს უნდა გამოეყოს აღნიშნული უძრავი ნივთის 1/2.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ სადავო ქონება საჯარო რეესტრში რ.ბ-შვილის სახელზე არ ირიცხება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით შ. ე-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელე ცნობილ იქნა ქ.თბილისში, ... მე-3 მკ/რის მე-5 კვარტლის მე-16 კორპუსის ¹98 ბინის 1/2-ის მესაკუთრედ.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება რ. ბ-შვილმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 14 დეკემბრის განჩინებით რ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ დაადგინა, რომ რ.ბ-შვილის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2009 წლის 14 დეკემბერს 13.30 საათზე, რის შესახებაც აპელანტის წარმომადგენელს კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა. აღნიშნულის მიუხედავად, არც რ.ბ-შვილი და არც მისი წარმომადგენელი ნუნუ ჩოჩელი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა, თავისი გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოს არ აცნობა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილით, 229-ე მუხლის მეორე ნაწილით, 372-ე მუხლით, 275-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე რ. ბ-შვილმა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ საქმის განხილვის შესახებ სასამართლო უწყება რ.ბ-შვილს არ ჩაბარებია, მის წარმომადგენელს კი პალატამ საქმის განხილვის დროის აპელანტისათვის შეტყობინება არ დაავალა. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომ მხარეს ან თუნდაც მის წარმომადგენელს ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-73-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სასამართლო უწება. სასამართლოს რ.ბ-შვილისათვის არ გაუგზავნია სააპელაციო საჩივარზე მოწინააღმდეგე მხარის მიერ შეტანილი შესაგებელი და არ განუსაზღვრავს გონივრული ვადა პასუხის წარმოსადგენად და საქმისათვის მოსამზადებლად.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:

სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 2 დეკემბრის სხდომაზე რ. ბ-შვილის წარმომადგენელ ნ. ჩ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და რ.ბ-შვილის სააპელაციო საჩივრის განხილვა გადაიდო 2009 წლის 14 დეკემბერს, 13.30 საათზე. აპელანტს მიეცა ვადა მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი შესაგებლის გასაცნობად.

საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელწერილის მიხედვით, საქმის განხილვის თარიღი ეცნობა რ.ბ-შვილის წარმომადგენლ ნ.ჩოჩელს, შ.ე-შვილსა და მის წარმომადგენელ ი.მიქაცაძეს.

2009 წლის 14 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე არც აპელანტი და არც მისი წარმომადგენელი არ გამოცხადდნენ და პალატას თავისი გამოუცხადებლობის მიზეზი არ აცნობეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ რ. ბ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე იმ აპელანტის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, სასამართლო მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი.

მოცემულ შემთხვევაში 2009 წლის 14 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე აპელანტი მხარე არ გამოცხადდა და არც თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი პალატას არ აცნობა, მოწინააღმდეგე მხარემ კი იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რის გამოც სააპელაციო პალატის განჩინება რ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ მას და მის წარმომადგენელს საქმის განხილვის შესახებ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-73-ე მუხლების დაცვით არ ეცნობა, კერძოდ:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში.

მითითებული კანონის დანაწესებიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია, აცნობოს მხარეს ან მის წარმომადგენელს საპროცესო მოქმედებების, მათ შორის, საქმის განხილვის შესახებ, რა დროსაც სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარებულად მისაჩნევად საკმარისია, რომ უწყება მიიღოს მისმა წარმომადგენელმა. აღნიშნული გარემოება განპირობებულია იმით, რომ კანონმდებელი ითვალისწინებს წარმომადგენლის ვალდებულებას, დაუყოვნებლივ აცნობოს მხარეს სასამართლო უწყების მიღების თაობაზე. ამავდროულად ნიშანდობლივია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ზღუდავს სასამართლოს იმ საკითხის გადაწყვეტაში, თუ სად ჩააბაროს მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყება და ადგენს, რომ აღნიშნული შესაძლოა განხორციელდეს უშუალოდ სასამართლოს შენობაშიც.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დაცულ იქნა კანონის ზემოხსენებული მოთხოვნები და 2009 წლის 14 დეკემბრის სასამართლო სხდომის შესახებ რ. ბ-შვილის წარმომადგენელ ნ. ჩოჩელს სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 2 დეკემბრის სხდომაზე ეცნობა, რაც ამ უკანასკნელმა დაადასტურა ხელწერილზე ხელის მოწერის გზით. შესაბამისად, ნ.ჩოჩელი ვალდებული იყო, შეეტყობინებინა თავისი მარწმუნებლისათვის საქმის განხილვის დრო და წარმომადგენლის მიერ მითითებული მოვალეობის შეუსრულებლობა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს არ წარმოადგენს.

დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ სააპელაციო სასამართლოს რ.ბ-შვილისათვის სააპელაციო საჩივარზე მოწინააღმდეგე მხარის მიერ შეტანილი შესაგებელი არ გაუგზავნია, პასუხის წარმოსადგენად და საქმის განხილვისათვის მოსამზადებლად გონივრული ვადა არ განუსაზღვრავს.

სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 2 დეკემბრის სხდომის ოქმით დასტურდება, რომ საქმის განხილვა გადაიდო სწორედ იმის გამო, რომ აპელანტ მხარეს გადაეცა სააპელაციო საჩივარზე შეტანილი შესაგებლის ასლი და ამავე წლის 14 დეკემბრამდე მიეცა ვადა მის გასაცნობად და სასამართლო პროცესისათვის მოსამზადებლად, რისთვისაც, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, 12-დღიანი შუალედი გონივრულ ვადას წარმოადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რ. ბ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 14 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.