ას-466-436-2010 28 ივნისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლ. ლაზარაშვილი, პ. ქათამაძესაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ თ. მ-ძე, გ. ა-შვილი, გ. ბ., ე. წ-ძე, რ. მ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა “შ.”, ა. პ-ინი, მ. ხ-იანი, დ. კ-შვილი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ამხანაგობის კრების ოქმებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. კ-ძემ, თ. მ-ძემ, გ. ა-შვილმა, ა. მ-ძემ, დ. მ-ძემ, ზ. ს-შვილმა, ზ. ღ-ძემ, ვ. კ-ძემ, გ. ი-იამ, ქ. გ-იანმა, გ. ბ-ულმა, ე. წ-ძემ, რ. მ-ძემ, კ. შ-შვილმა, გ. წ-აიამ, ნ. ს-შვილმა, ზ. ღ-ძემ, ნ. მ-ძემ და ი. გ-ძემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა “შ.”, ა. პ-ინის, მ. ხ-იანისა და დ. კ-შვილის მიმართ და მოითხოვეს მენაშენეთა ამხანაგობა “შ.” 2007 წლის 5 ივლისის კრების ¹5 ოქმისა და 2008 წლის 12, 18, 26 და 27 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა.
ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა “შ.” თავმჯდომარე მ. კ-ძემ ამხანაგობა “შ.” 2007 წლის 5 ივლისის კრების ¹5 ოქმის ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი ცნო, ხოლო მოპასუხე ა. პ-ინის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო დაუსაბუთებლობის გამო. სარჩელი ასევე არ ცნეს მოპასუხეების _ დ. კ-შვილისა და მ. ხ-იანის წარმომადგენელმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. კ-ძის, თ. მ-ძის, გ. ა-შვილის, ა. მ-ძის, დ. მ-ძის, ზ. ს-შვილის, ზ. ღ-ძის, ვ. კ-ძის, გ. ი-იას, ქ. გ-იანის, გ. ბ.ს, ე. წ-ძის, რ. მ-ძის, კ. შ-შვილის, გ. წ-აიას, ნ. ს-შვილის, ზ. ღ-ძის, ნ. მ-ძისა და ი. გ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. კ-ძემ, თ. მ-ძემ, გ. ა-შვილმა, ა. მ-ძემ, დ. მ-ძემ, ზ. ს-შვილმა, ზ. ღ-ძემ, ვ. კ-ძემ, გ. ი-იამ, ქ. გ-იანმა, გ. ბ-ულმა, ე. წ-ძემ, რ. მ-ძემ, კ. შ-შვილმა, გ. წ-აიამ, ნ. ს-შვილმა, ზ. ღ-ძემ, ნ. მ-ძემ და ი. გ-ძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 29 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად აპელანტებს განესაზღვრათ 10 დღის ვადა და დაევალათ სააპელაციო საჩივრის ღირებულების მითითება, ასევე სახელმწიფო ბაჟის, დავის საგნის ღირებულების 4%-ის, არანაკლებ 150 და არა უმეტეს 5000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. ამავე სასამართლოს 2010 წლის 11 თებერვლის განჩინებით აპელანტებს სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შევსების ვადა 7 დღით გაუგრძელდათ.
2010 წლის 19 თებერვალს სასამართლოს განცხადებით მიმართეს აპელანტებმა მ. კ-ძემ, თ. მ-ძემ, გ. ა-შვილმა, გ.ბ-ულმა და სხვებმა, სადაც აღნიშნეს, რომ ამ დრომდე შეგროვებული აქვთ სახელმწიფო ბაჟის ნაწილი, დარჩენილი თანხის შეგროვებას ელოდებიან დამატებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, იშუამდგომლეს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება ერთი კვირით, ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის განაწილვადება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 26 თებერვლის განჩინებით აპელანტებს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა 5 დღით კვლავ გაუგრძელდათ.
პალატის მითითებით, საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ განჩინების ასლი აპელანტის წარმომადგენელ კ. ბ-ძეს და სააპელაციო საჩივრის ავტორებს ჩაბარდათ 2010 წლის 29 მარტს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლომ ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო ადრესატებისათვის განჩინების ჩაბარების მეორე დღიდან 2010 წლის 30 მარტიდან და, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, იგი ამოიწურა 2010 წლის 3 აპრილს, ვინაიდან ვადის უკანასკნელი დღე დაემთხვა დასვენებისა და უქმე დღეებს, იგი ამოიწურა პირველ სამუშაო დღეს _ 6 აპრილს. პალატამ დაადგინა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში აპელანტებს ხარვეზი არ შეუვსიათ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე თ. მ-ძემ, გ. ა-შვილმა, გ. ბ-ულმა, ე. წ-ძემ და რ. მ-ძემ შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად აითვალა ხარვეზის შევსების მიზნით აპელანტთათვის მიცემული ვადა, რადგან თითოეულ აპელანტს ხარვეზის გაგრძელების თაობაზე სააპელაციო პალატის განჩინება არ ჩაბარებია და მათთვის უცნობი იყო, გაუგრძელა თუ არა სასამართლომ მითითებული საპროცესო ვადა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ თ. მ-ძის, გ. ა-შვილის, გ. ბ.ს, ე. წ-ძისა და რ. მ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
მითითებული კანონის დანაწესი ცხადყოფს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.
მოცემულ შემთხვევაში აპელანტებს რამდენჯერმე დაუდგინდათ ხარვეზი და მიეცათ ვადა მის გამოსასწორებლად. საბოლოოდ 2010 წლის 26 თებერვლის განჩინებით სააპელაციო პალატამ აპელანტებს დაავალა 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა და განუმარტა, რომ აღნიშნული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებებით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის დადგენის თაობაზე 2010 წლის 29 მარტს ჩაბარდა როგორც აპელანტთა წარმომადგენელ კ.ბ-ძის თანამშრომელ ლ.ჯ-შვილს, ისე ერთ-ერთი აპელანტის _ მ. კ-ძის ძმას _ კ.კ-ძეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით _ სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას.
ზემოხსენებული კანონის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო უწყება თუ გზავნილი მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდა ერთ-ერთ მათგანს პირადად, მათი ოჯახის სრულწლოვან წევრს ან სამუშაო ადგილზე მყოფ თანამდებობის პირს, რომელიც თავისი ხელმოწერით დაადასტურებს სასამართლო უწყების მიღებას და ადრესატისათვის მისი გადაცემის ვალდებულებას. ასეთ შემთხვევაში სასამართლო უწყების მხარისა და მისი წარმომადგენლის მიერ მიღების თარიღად მიიჩნევა ზემოხსენებული თანამდებობის პირის მიერ უწყების მიღების თარიღი.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო გზავნილის აპელანტ მ.კ-ძის ძმისათვის, ასევე სააპელაციო საჩივრის ავტორთა წარმომადგენელ კ.ბ-ძის თანამშრომლისათვის ჩაბარება გზავნილის აპელანტთათვის ჩაბარებად უნდა ჩაითვალოს. კანონიერია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ გზავნილი კანონით გათვალისწინებული წესითაა ჩაბარებული და ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი ხუთდღიანი ვადა უნდა აითვალოს ჩაბარებიდან _ 2010 წლის 29 მარტიდან. შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადა ამოიწურა 2010 წლის 6 აპრილს, თუმცა აპელანტებს ხარვეზის გამოსწორების მიზნით ან სხვა რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავთ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დასაბუთებულია სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ. მ-ძის, გ. ა-შვილის, გ. ბ.ს, ე. წ-ძისა და რ. მ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.