ას-466-440-2011 4 აპრილი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ნ. გ-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. გ-უა, მ. გ-შვილი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. გ-უამ და მ. გ-შვილმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ა., ნ., ე., ს. გ-ძეების, ხ. დ-შვილისა და ე. ლ-ძის მიმართ ქ.თბილისში, ... ¹13 კორპუსში მდებარე ¹22 ბინის მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 6 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად, მოპასუხეთა მიერ შესაგებლის შეუტანლობის გამო სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო საცხოვრებელი სახლი გამოთხოვილ იქნა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან, ხოლო ამავე სასამართლოს 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინებით ა. და ნ. გ-ძეების საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. და ნ. გ-ძეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 თებერვლის განჩინებით ა. და ნ. გ-ძეების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. გ-ძემ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. გ-ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის შემოტანიდან 10 დღეში იხილავს მისი დასაშვებობის საკითხს, რა დროსაც სხვა გარემოებებთან ერთად ამოწმებს კერძო საჩივარი შეტანილია თუ არა კანონით დადგენილ ვადაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.
დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, განჩინების გასაჩივრებისათვის კანონი ადგენს 12-დღიან ვადას, რომლის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია და მხარეს უფლება ეძლევა, კერძო საჩივარი შეიტანოს განჩინების კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ჩაბარების ან გამოცხადების მომენტიდან. აღნიშნული ნორმა იმპერატიული ხასიათისაა და ამ ვადის აღდგენა, თუნდაც მხარის მიერ საპატიო მიზეზით გაშვების შემთხვევაშიც კი არ დაიშვება.
განსახილველი საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 თებერვლის განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად გაეგზავნა როგორც ა. გ-ძეს, ისე ნ. გ-ძეს საქმეში მითითებულ მისამართზე და აღნიშნული გზავნილები 2011 წლის 4 მარტს ჩაიბარა ადრესატთა ოჯახის ქმედუნარიანმა წევრმა _ ი. ძ-ძემ (ტ.II, ს.ფ.32-33).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინება ეგზავნება უშუალოდ მხარეს ან მის წარმომადგენელს და კანონმდებელი მითითებულ პირთაგან ერთ-ერთისათვის კორესპოდენციის ჩაბარებას განიხილავს კანონმდებლობით დადგენილი ან სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის დენის დასაწყისად.
ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისმართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. ამდენად, დასახელებული ნორმებით რეგლამენტებულია და ამომწურავადაა განსაზღვრული თუ რა შემთხვევაში ჩაითვლება სასამართლო შეტყობინების ჩაბარება კანონის შესაბამისად მხარისათვის გადაცემად, კერძოდ, კანონმდებელი შეტყობინების ჩაბარების ნამდვილობისათვის ადრესატის ოჯახის ქმედუნარიანი წევრისათვის მის ჩაბარებას საკმარისად მიიჩნევს.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის 2011 წლის 24 თებერვლის განჩინების ნ. გ-შვილის ოჯახის ქმედუნარიანი წევრისათვის 2011 წლის 4 მარტს ჩაბარება განხილულ უნდა იქნას როგორც უშუალოდ ნ. გ-ძისათვის ჩაბარებად.
ამდენად, კერძო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი ვადის დენა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო განჩინების ადრესატისათვის გადაცემის დღეს _ 2011 წლის 4 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 15 მარტს, კერძო საჩივარზე დასმული სასამართლო ბეჭდის თანახმად კი, იგი სასამართლოში შეტანილი 2011 წლის 23 მარტს, კანონით დადგენილი 12-დღიანი ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. გ-ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 თებერვლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.