Facebook Twitter

ას-469-439-2010 14 ივნისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვ. როინიშვილი, ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ინდივიდუალური მეწარმე “ლ. ს-ძე” (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ე. ტ. ს.” (შეგებებული სარჩელის ავტორი)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ვალდებულების შესრულების დავალდებულება, პირგასამტეხლოს, ზედმეტად გადახდილი თანხისა და ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ინდივიდუალურმა მეწარმე “ლ. ს-ძემ” სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “ე. ტ. ს.” მიმართ ვალდებულების შესრულების დავალდებულების, მისი არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზიანისა და პირგასამტეხლოს დაკისრების დავალდებულების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2008 წლის 23 ოქტომბერს მხარეთა შორის დაიდო სასტუმრო “ვ. ბ.” ოთახების 3 თვით ქირავნობის ხელშეკრულება. მოპასუხეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურება არ გადაუხდია.

მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს ინდივიდუალურ მეწარმე “ლ. ს-ძის” მიმართ ზედმეტად გადახდილი თანხის დაკისრებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შპს “ე. ტ. ს.” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 10000 ლარისა და 2009 წლის 12 იანვრიდან 2009 წლის 25 თებერვლამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 12050 აშშ დოლარის 0,2%-ის გადახდა, ინდივიდუალურ მეწარმე ლ. ს-ძეს 12050 აშშ დოლარის შპს “ე. ტ. ს.” დაკისრებაზე ეთქვა უარი, შპს “ენ ტური საქართველოს” შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ინდივიდუალურ მეწარმე ლ. ს-ძეს დაეკისრა შპს “ე. ტ. ს.” 16523 ლარის გადახდა, შპს “ე. ტ. ს.” ზიანის ანაზღაურებაზე ეთქვა უარი.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ინდივიდუალურმა მეწარმე “ლ. ს-ძემ” გაასაჩივრა სააპელაციო წესით. ამავე გდაწყვეტილებაზე შეგებებული სარჩელის დაკმაყოფიელბაზე უარის თქმისა და ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს “ე. ტ. ს.”.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 აპრილის განჩინებით ინდივიდუალური მეწარმე ლ. ს-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: პალატამ დაადგინა, რომ ლ.ს-ძის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, განესაზღვრა საპროცესო ვადა _ 10 დღე და დაევალა სააპელაციო საჩივარზე თანდართული სახელმწიფო ბაჟის _ 810 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა და აღნიშნული თანხის გამოკლებით სახელმწიფო ბაჟის _ 660,92 ლარისა და 587,56 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის გადახდა. განჩინება ხარვეზის შესახებ აპელანტს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით.

საქმეში წარმოდგენილია შეტყობინების ბარათი გზავნილის ჩაბარების შესახებ, საიდანაც დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 დეკემბრის განჩინება ხარვეზის შესახებ 2009 წლის 15 დეკემბერს ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელ ივ. პ-შვილის მამას, დ. პ-შვილს, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე, 74-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ გზავნილის მხარისათვისაც ჩაბარებულად მიჩნევის საფუძვლად მიიჩნია.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2009 წლის 16 დეკემბრიდან და ამოიწურა 2009 წლის 25 დეკემბერს, ანუ ხარვეზის შევსების უფლებამოსილება აპელანტს გააჩნდა 2009 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით. აპელანტმა ხარვეზის შესახებ განცხადებით სასამართლოს მიმართა მითითებული ვადის გასვლის შემდგომ _ 2009 წლის 28 დეკემბერს, რაც პალატის მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილისა და 374-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ინდივიდუალურმა მეწარმე “ლ. ს-ძემ” შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ სადავო ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა არასწორად აითვალა ი. პ-შვილისათვის მისი ჩაბარების მომენტიდან, ვინაიდან ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ლ.ს-ძემ ივ.პ-შვილს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შეუწყვიტა. აღნიშნული გარემოება დაფიქსირებულია სასამართლო სხდომის ოქმში. თავად ლ.ს-ძეს ხარვეზის დადგენილს თაობაზე განჩინება ჩაბარდა 2009 წლის 19 დეკემბრს და სახელმწიფო ბაჟი მის მიერ გადახდილ და სააპელაციო პალატისათვის წარდგენილ იქნა ვადაში _ 2009 წლის 28 დეკემბერს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ მეწარმე “ლ. ს-ძის” კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგი საფუძვლებით:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. ხარვეზის გამოსასწორებლად მხარისათვის დადგენილი ვადა აითვლება მისთვის ხარვეზის დადგენის თაობაზე განჩინების, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, ჩაბარების მომენტიდან. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი, სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის გამოსწორების მიზნით მხარისათვის დადგენილი 10-დღიანი ვადა არასწორად აითვალა ხარვეზის დადგენის თაობაზე სასამართლო განჩინების ლ.ს-ძის წარმომადგენელ ივ.პ-შვილისათვის ჩაბარების მომენტიდან, ვინაიდან ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 29 სექტემბრის სხდომის ოქმში დაფიქსირებულია ლ.ს-ძის განცხადება ივ.პ-შვილისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. ამავე ოქმით დასტურდება, რომ სასამართლომ გაიზიარა ლ.ს-ძის მიერ ივ.პ-შვილისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტის ფაქტი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 134).

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ივ.პ-შვილს უფლება არ ჰქონდა უფლება, აპელანტის სახელით მონაწილეობა მიეღო სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმის განხილვაში, შესაბამისად, ხარვეზის განჩინების მისთვის ჩაბარება აპელანტისათვის მის ჩაბარებას ვერ გაუთანაბრდება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და ინდივიდუალურ მეწარმე “ლ. ს-ძის” სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ხელახლა განხილვისას პალატამ უნდა იმსჯლოს, აითვალოს თუ არა მოცემული ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ აპელანტისათვის მიცემული 10-დღიანი ვადა 2009 წლის 19 დეკემბერს ხარვეზის დადგენის თაობაზე განჩინების პირადად ლ.ს-ძისათვის ჩაბარების მომენტიდან და შეაფასოს, მხარის მიერ 2009 წლის 28 დეკემბერს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოსათვის წარდგენით გამოასწორა თუ არა აპელანტმა ხარვეზი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ინდივიდუალური მეწარმე “ლ. ს-ძის” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 აპრილის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.