ას-470-440-2010 21 ივნისი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნ. კვანტალიანი, ვ. როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ც. პ-შვილი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები _ ლ. მ-ძე, მ. ი-ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 16 აპრილის განჩინება
სარჩელის დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 4 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ც. პ-შვილმა მოპასუხეების _ ლ. მ-ძისა და მ. ი-ძის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის შვილი _ ლ. ფ-შვილი მუშაობდა კავშირ “ა. უ. დ. ცენტრში”, აღნიშნული კავშირის დირქტორია მ. ი-ძე. ლ. ფ-შვილს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ლ. მ-ძემ გულმკერდის არეში დანით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით ლ. მ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 14 წლით. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ შვილის საფლავის მოწყობის ხარჯებმა შეადგინა 18 206 ლარი და ითხოვდა აღნიშნული თანხის მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრებას (ს.ფ. 1-10).
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით ც. პ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა, რომ კანონი არ ანაზღაურებდა პირის გარდაცვალების შედეგად დამდგარ ყველა სახის ზიანს. ზიანის ანაზღაურება ხდებოდა პირის დაკრძალვაზე გაწეული ხარჯების კომპენსაციით, ხოლო მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვდა საფლავის მოწყობის ხარჯის ანაზღაურებას, რაც არ წარმოადგენდა დაკრძალვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯს. სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ მ. ი-ძე წარმოადგენდა არასათანადო მოპასუხეს, ვინაიდან ლ. ფ-შვილი შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა კავშირთან “ა. უ. დ. ცენტრი” და არა მ. ი-ძესთან (ს.ფ. 136-139).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ც. პ-შვილმა და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება. აპელანტი მიუთითებდა, რომ მ. ი-ძემ მისი უმოქმედობით, რაც გამოიხატა იმაში რომ არ უზრუნველყო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ლ. ფ-შვილისათვის შესაბამისი დაცვის საშუალებების მიწოდება, ხელი შეუწყო ლ. მ-ძეს დანაშაულის სისრულეში მოყვანაში. აპელანტის მითითებით, დაკრძალვის ხარჯებში იგულისხმებოდა საფლავის მოწყობის ხარჯებიც (ს.ფ. 149-157).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 16 აპრილის განჩინებით ც. პ-შვილის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი ც. პ-შვილს ჩაჰბარდა 2010 წლის 17 მარტს. სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 2010 წლის 6 აპრილს, გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ (ს.ფ. 160-161).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 16 აპრილის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ კერძო საჩივრით გაასაჩივრა ც. პ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მას და მის წარმომადგენელს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ ჩაბარებიათ. იგი ჩაბარდა ც. პ-შვილის მოხუცებულ დედას, რომლისთვისაც გადაწყვეტილების დანიშნულება უცნობი იყო. გადაწყვეტილების ჩაბარების შესახებ ც. პ-შვილისათვის ცნობილი გახდა 2010 წლის 24 მარტს, მისი რაიონიდან დაბრუნების შემდეგ, რის შემდგომ მან კანონით დადგენილ ვადაში წარადგინა სააპელაციო საჩივარი (ს.ფ. 164-165).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 16 აპრილის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი ც. პ-შვილს ჩაჰბარდა 2010 წლის 17 მარტს (ს.ფ. 144).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შესატანად დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების 14-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2010 წლის 18 მარტს და დასრულდა 2010 წლის 31 მარტს. აპელანტმა სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2010 წლის 6 აპრილს, გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლი ასევე მიუთითებს, რომ, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობა, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების ასლის მისი დედისათვის ჩაბარება არ ნიშნავს მისთვის ჩაბარებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. აქედან გამომდინარე, აპელანტ ც. პ-შვილის ოჯახის წევრის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება ითვლება ც. პ-შვილის მიერ ჩაბარებად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს და უცვლელად ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ც. პ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 16 აპრილის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.