ას-472-442-2010 28 ივნისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლ. ლაზარაშვილი, პ. ქათამაძესაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ მ. გ-ია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ც-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ც-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. გ-იას მიმართ სესხის ხელშეკრულების ძირითადი თანხის _ 20000 აშშ დოლარისა და საპროცესო ხარჯების ანაზღაურების, ხოლო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, იპოთეკის საგნის იძულებით აუქციონზე რეალიზაციის შესახებ შემდეგი საფუძვლით: 2009 წლის 11 თებერვალს მოსარჩელემ მოპასუხეს ასესხა 20 000 აშშ დოლარი ერთი წლის ვადით. სესხი უზრუნველყოფილ იქნა მოპასუხის კუთვნილი საცხოვრებელი ბინით. მ.გ-იამ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა.
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ მას სესხის ძირითადი თანხიდან 3000 აშშ დოლარი უკვე გადახდილი აქვს, ხოლო დარჩენილი თანხა, მხარეთა შეთანხმებით, მოპასუხეს უნდა დაეფარა 2011 წლის იანვრის ბოლომდე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ც-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ. გ-იას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 20000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში დადგინდა მ.გ-იას საკუთრებაში რიცხული იპოთეკით დატვირთული საცხოვრებელი სახლის რეალიზაცია.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-იამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 აპრილის განჩინებით მ. გ-იას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლები მხარეებს გაეგზავნათ კანონის მოთხოვნათა დაცვით და 2010 წლის 24 მარტს სასამართლო გზავნილი ჩაბარდა მ. გ-იას ოჯახის სრულწლოვან წევრს, მეუღლეს. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მ.გ-იამ სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2010 წლის 8 აპრილს. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ სასამართლო გზავნილის აპელანტის მეუღლისათვის ჩაბარება თავად მ.გ-იას მიერ მის მიღებას უთანაბრდება. ამავე კოდექსის 369-ე და 374-ე მუხლების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა დაარღვია და იგი უნდა დარჩეს განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. გ-იამ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2010 წლის 28 მარტს და სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა 2010 წლის 24 მარტიდან არასწორად აითვალა.
საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი 2010 წლის 24 მარტს ჩაბარდა მ. გ-იას მეუღლეს _ ფ.გ-იას.
მ.გ-იამ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში შეიტანა 2010 წლის 8 აპრილს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. გ-იას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის განმავლობაში. მითითებული ვადა იმპერატიულადაა დადგენილი და მისი გაგრძელების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელწერილით დასტურდება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მ. გ-იას კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა და 2010 წლის 24 მარტს ჩაბარდა მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს, მეუღლე ფ.გ-იას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად კი, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, იმ შემთხვევაშიც, თუ ადრესატის არყოფნისას იგი ჩაბარდება მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში აპელანტის მეუღლის _ ფ.გ-იასათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება სასამართლო გზავნილის თავად მხარისათვის ჩაბარებად უნდა ჩაითვალოს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის დაცვით რაიმე კონკრეტულ მტკიცებულებას არ ეფუძნება და, შესაბამისად, ვერ იქნება გაზიარებული კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ მას პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდა 2010 წლის 28 მარტს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადა სავსებით სწორად აითვალა 2010 წლის 24 მარტიდან და მართებულად ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივრის 2010 წლის 8 აპრილს შეტანით მ. გ-იამ ზემოხსენებული ვადა დაარღვია, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. გ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.