Facebook Twitter

¹ას-47-39-2011 17 თებერვალი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ რ. ძ-ელი (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ დ. დ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. ლ-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. ლ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. ძ-ელის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის მიერ მისი საცხოვრებელი ოთახების თავზე მოწყობილი საპირფარეშოსა და საკანალიზაციო მილების მოშლა. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ სამშენებლო წესების დარღვევით მოაწყო საპირფარეშო და საკანალიზაციო სისტემა და, არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენაზე უარს აცხადებს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ იგი არც ერთ მეზობელს ზიანს არ აყენებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით ვ. ლ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დადგინდა საკანალიზაციო წყალ-გაყვანილობის მოშლა, რომელიც გადის მოსარჩელის საცხოვრებელი ფართის თავზე და უერთდება სადავო საპირფარეშოს, საპირფარეშოს მოშლაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 დეკემბრის განჩინებით ვ.ლ-ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და რ.ძ-ელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ აპელანტი რ. ძ-ელი და მისი წარმომადგენელი დ. დ-ძე საქმის განხილვაზე მიწვეული იყვნენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ დროს პროცესზე არ გამოცხადდნენ და არც თავისი გამოუცხადებლობის მიზეზი სააპელაციო პალატას არ აცნობეს. სასამართლომ იხელმძღვანელა ამავე კოდექსის 372-ე, 275-ე მუხლებით და დასაბუთებულად ჩათვალა მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე რ.ძ-ელის წარმომადგენელმა დ.დ-ძემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: 2010 წლის 21 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე აპელანტი რ.ძ-ელი და მისი წარმომადგენელი დ.დ-ძე არ გამოცხადდნენ საპატიო მიზეზით, კერძოდ, რ.ძ-ელს საქმის განხილვაზე გამოცხადება მინდობილი ჰქონდა წარმომადგენლისათვის. სასამართლო უწყება მხარეს ჩაბარდა 2010 წლის 22 ნოემბერს, 26 ნოემბერს კი გარდაიცვალა რ.ძ-ელის ბებია თ. ძ-ელი. შესაბამისად, ოჯახში არსებული ვითარებიდან გამომდინარე,მას არ ჰქონდა საშუალება, ყურადღება მიექცია უწყებისათვის.

ასევე საპატიო მიზეზი გააჩნდა დ.დ-ძესაც, ვინაიდან 2010 წლის 20 დეკემბერს, გვიან საღამოს მან შეიტყო დედის ავადმყოფობის შესახებ, რომელიც დაავადებულია ონკოლოგიური ავადმყოფობით, და გაემგზავრა ოზურგეთის რაიონში მის მოსანახულებლად. აღნიშნულის გამო დ.დ-ძე ვერ გამოცხადდა სასამართლოში საქმის განხილვაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლებისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ძ-ელის წარმომადგენელ დ. დ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ მოდავე მხარეები, რომელთაც საქმის განხილვის შესახებ სასამართლო უწყებები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდათ, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ და არც თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა სასამართლოს არ აცნობეს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო ეფუძნება ვარაუდს, რომ მხარეებმა დავის მიმართ იურიდიული ინტერესი დაკარგეს ან პროცესზე გამოცხადებასთან დაკავშირებული საპროცესო მოვალეობის არასაპატიოდ შეუსრულებლობით უპატივცემულობა გამოხატეს სასამართლოს მიმართ.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ აპელანტსა და მის წარმომადგენელ დ. დ-ძეს 2010 წლის 21 დეკემბერს რ.ძ-ელის სააპელაციო საჩივრის განხილვის დანიშნვის თაობაზე სასამართლო უწყებები ამავე წლის 22 და 17 ნოემბერს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ჩაბარდათ, რაც მათ სადავოდ არ გაუხდიათ.

აღნიშნულის მიუხედავად, არც თავად რ. ძ-ელი და არც მისი წარმომადგენელი დ.დ-ძე საქმის განხილვაზე არ გამოცხადდნენ და გამოუცხადებლობის მიზეზის თაობაზე სასამართლოსათვის არ უცნობებიათ. ამ გარემოებათა სამართლებრივი შეფასებით სააპელაციო სასამართლოს განჩინება რ.ძ-ელის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ კანონიერია.

გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ აპელანტი 2010 წლის 21 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდა 2010 წლის 26 ნოემბერს ბებიის _ თ.ძ-ელის გარდაცვალების გამო, რადგან აპელანტის ოჯახის წევრი გარდაიცვალა საქმის განხილვამდე თითქმის ერთი თვით ადრე. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასახელებული ფაქტი რ.ძ-ელის სადავო გამოუცხადებლობაზე გავლენას ვერ იქონიებდა.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მხარის პოზიციას ვერც აპელანტის წარმომადგენელ დ.დ-ძის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ, რადგან კერძო საჩივარზე დართული სამედიცინო ცნობით არ დასტურდება, რომ დ.დ-ძის დედა საჭიროებდა შვილის გადაუდებელ დახმარებას სწორედ 2010 წლის 21 დეკემბერს. ნიშანდობილივია, რომ ონკოლოგიური დაავადებები მიმდინარეობს დროის ხანგრძლივ პერიოდში და ავადმყოფობის სადავო დროს გართულება მხარემ ვერ დაასაბუთა. ასეც რომ არ იყოს, აპელანტი და მისი წარმომადგენელი ვერ უთითებენ, რა საპატიო მიზეზით ვერ აცნობეს სასამართლოს თავიანთი გამოუცხადებლობის თაობაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივრით სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი დასაბუთებული არ არის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რ. ძ-ელის წარმომადგენელ დ. დ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.