Facebook Twitter

ას-477-447-10 15 ივლისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – თ. კ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. გ-ძე

დავის საგანი – თანხის დაკისრება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება –Q ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ლ. გ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. კ-ძის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ.

ლანჩხუთის მაგისტრატი სასამართლოს 2010 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით ლ. გ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე თ. კ-ძეს მოსარჩელე ლ. გ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 700 ლარის გადახდა, თ. კ-ძეს ასევე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით.

დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. კ-ძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 23 აპრილის განჩინებით თ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ლანჩხუთის მაგისტრატი სასამართლოს 2010 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით, თ. კ-ძეს დაეკისრა ლ. გ-ძის სასარგებლოდ თანხის გადახდა 700 ლარის ოდენობით. იმის გათვალისწინებით, რომ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს, პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და დაუშვებელია.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა თ. კ-ძემ. მან მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა იმის გამო, რომ დავის საგნის ფასია 700 ლარი და არ აღემატება 1000 ლარს. იგი სადავოდ ხდის არა მარტო დაკისრებულ 700 ლარს, არამედ მთლიანად სასამართლო პროცესის მიმდინარეობას, რაც არ გაითვალისწინა სააპელაციო სასამართლომ. აქედან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის წარმოებაში მიღებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ თ. კ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ღირებულება აღემატება 1000 (ათას) ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლანჩხუთის მაგისტრატი სასამართლოს 2010 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით ლ. გ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე თ. კ-ძეს მოსარჩელე ლ. გ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 700 ლარის გადახდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა თ. კ-ძემ.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, დავის საგნის ფასი არის 700 ლარი, სააპელაციო საჩივარი კი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო საჩივრის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ვინაიდან სააპელაციო საჩივრის ფასი არ აღემატება 1000 ლარს, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა თ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი განუხილველად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს თ. კ-ძის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. კ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 23 აპრილის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.