ას-478-448-2010 21 მაისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ე. ლ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ დ. ი.-ის ძე კ-ძე, დ. ა.-ის ძე კ-ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. ლ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. ი.-ის ძე კ-ძისა და დ. ა.-ის ძე კ-ძის მიმართ სოფელ ... მდებარე, მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების აღდგენის შესახებ.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით ე. ლ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ლ-ძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა დ. ი.-ის ძე კ-ძისა და დ. ა.-ის ძე კ-ძის შუამდგომლობა, ე. ლ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ე. ლ-ძემ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ლ-ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის შემოტანიდან 10 დღეში იხილავს მისი დასაშვებობის საკითხს, რა დროსაც სხვა გარემოებებთან ერთად ამოწმებს კერძო საჩივარი შეტანილია თუ არა კანონით დადგენილ ვადაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. ამდენად, დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, განჩინების გასაჩივრებისათვის კანონი ადგენს 12-დღიან ვადას, რომლის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია და მხარეს უფლება ეძლევა, კერძო საჩივარი შეიტანოს განჩინების კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ჩაბარების ან გამოცხადების მომენტიდან. აღნიშნული ნორმა იმპერატიული ხასიათისაა და ამ ვადის აღდგენა თუნდაც მხარის მიერ საპატიო მიზეზით გაშვების შემთხვევაშიც კი არ დაიშვება.
განსახილველი საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 აპრილს განჩინება ე. ლ-ძეს პირადად ჩაბარდა 2010 წლის 21 აპრილს (იხ ს.ფ. 133). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის შეტანის თორმეტდღიანი ვადის დენა დაიწყო მხარისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარების დღის მომდევნო დღიდან _ 22 აპრილიდან და ამოიწურა ამავე წლის 3 მაისს. საქმის მასალებით ასევე უდავოდ დასტურდება, რომ ე.ლ-ძემ კერძო საჩივარი ბათუმის საფოსტო განყოფილებას ჩააბარა 2010 წლის 4 მაისს (იხ. ს.ფ.140), კერძო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევით. აღნიშნული გარემოება ე. ლ-ძის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე. ლ-ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.