ას-479-449-2010 28 ივნისი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ მ. ბ-ო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ვ. ბ-ო
მოპასუხეები _ ნ. კ-ინა, ო. ბ-ო, ქ. ბ-ო, დ. ს-ძე
მესამე პირი _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 24 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ვ. ბ-ომ. საქმეზე მოპასუხეებად დასახელდნენ: მ. ბ-ო, ნ. კ-ინა, ო. ბ-ო, ქ. ბ-ო და დ. ს-ძე, ხოლო მესამე პირად _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური. მოსარჩელემ მოითხოვა ბათუმში, ... ქ. ¹2-ში მდებარე უძრავი ქონებიდან რეალური წილის გამოყოფა და საჯარო რეესტრის ჩანაწერებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა (ს.ფ. 1-2, 56-58, 59-60).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით ვ. ბ-ოს სარჩელი დაკმაყოფილდა: გაუქმდა საზიარო უფლება ბათუმში, ... ქ. ¹2-ში მდებარე ფართზე და ბათუმში, ნ. ... ქ. ¹2-ში მდებარე ¹1 ოთახი, რომელიც დაკავებული ჰქონდა დ. ს-ძეს და შეადგენდა 15.6კვ.მ-ს, აღირიცხა დ. ს-ძის საკუთრებაში, ¹3 ოთახს, რომელიც შეადგენდა 15.2კვ.მ-ს დაემატა ¹2 ოთახის კედლის გაწევით 3.64კვ.მ ფართი და აღნიშნული 18.84კვ.მ ფართი აღირიცხა მ. ბ-ოს, ქ. ბ-ოსა და ნ. კ-ინას საკუთრებაში, ხოლო დარჩენილი ¹2 ოთახი, რომელიც კედლის გადაწევის შემდეგ დარჩებოდა 11.06კვ.მ აღირიცხა ვ. ბ-ოსა და ო. ბ-ოს საკუთრებაში; იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საჯარო რეესტრის მონაცემებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა (ს.ფ. 79-84).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-ომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება (ს.ფ. 103-112).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 მარტის განჩინებით მ. ბ-ოს სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად, დადგინდა სააპელაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის დრო _ 2010 წლის 8 აპრილი. მოგვიანებით სასამართლო სხდომის აღნიშნული თარიღი შეიცვალა 2010 წლის 12 აპრილით (ს.ფ. 135-136, 176).
სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 12 აპრილის სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარე ვ. ბ-ოს წარმომადგენელმა თ. კ-შვილმა იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე მ. ბ-ოს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რაც იმით დაასაბუთა, რომ აპელანტს გაშვებული ჰქონდა სააპელაციო წესით გასაჩივრების 14-დღიანი ვადა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო 2008 წლის 5 მაისს. იმის გამო, რომ საქალაქო სასამართლომ ვერ შეძლო გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარება, გადაწყვეტილება გამოქვეყნდა საჯარო შეტყობინების წესით მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გაზეთ “....”. გამოქვეყნება მოხდა 2008 წლის 3 ოქტომბერს. აპელანტს გასაჩივრება შეეძლო 2008 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით. მ. ბ-ომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში შეიტანა 2010 წელს, რითაც გაუშვა გასაჩივრების ვადა. აქედან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორმა მოითხოვა მ. ბ-ოს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება (ს.ფ. 181-183).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 აპრილის განჩინებით მ. ბ-ოს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ ვერ შეძლო აღნიშნულ საქმეზე გამოტანილი, 2008 წლის 5 მაისის გადაწყვეტილების მ. ბ-ოსათვის ჩაბარება; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილება გამოქვეყნდა საჯარო შეტყობინების წესით მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გაზეთ “.....” 2008 წლის 3 ოქტომბერს; გამოქვეყნებიდან 2 წლის გასვლის შემდეგ, კერძოდ, 2010 წლის 27 იანვარს, მ. ბ-ომ სასამართლოში შეიტანა სააპელაციო საჩივარი; გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 7 დღის გასვლის შემდეგ, 2008 წლის 10 ოქტომბერს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა, რამდენადაც ამ დროისათვის სააპელაციო საჩივარი არ ყოფილა წარდგენილი და სასამართლომ გადაწყვეტილებაზე გასცა სააღსრულებო ფურცელი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება იმ გაზეთის საშუალებით, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, რამდენადაც მ. ბ-ოს მისამართი უცნობი იყო, ამიტომ სასამართლომ კანონის შესაბამისად მოახდინა გაზეთ “24 საათში” გადაწყვეტილების გამოქვეყნება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება გაზეთში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
საქმეზე დგინდებოდა, რომ გაზეთში გადაწყვეტილების გამოქვეყნება მოხდა 2008 წლის 3 ოქტომბერს. კანონის თანახმად, 2008 წლის 10 ოქტომბერს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში იყო შესული. მოცემულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა 2010 წლის 27 იანვარს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მ. ბ-ომ გაუშვა გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა (ს.ფ. 186-189).
სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 12 აპრილის განჩინება მ. ბ-ომ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მან მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის თანახმად, საჯარო შეტყობინება _ ესაა სასამართლოს მიერ განხორციელებული უკიდურესი საპროცესო მოქმედება, რომლის გამოყენებაც შეიძლება შემდეგ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც: ა. მხარის ადგილსამყოფელი უცნობია; ბ. მხარისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება ვერ ხერხდება. სასამართლოსათვის ცნობილი იყო მ. ბ-ოს ადგილსამყოფელი. მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენდა საცხოვრებელი სახლი, რაც ბუნებრივად ასაბუთებს სასამართლოს მიერ აღნიშნული სახლის ადგილმდებარეობის ცოდნას.
კერძო საჩივრის ავტორის ვარაუდით, მისთვის სასამართლო უწყების (გადაწყვეტილების) ჩაბარებას აბრკოლებდა ის გარემოება, რომ თვითონ და მოწინააღმდეგე მხარე ცხოვრობენ ერთ მისამართზე. ვ. ბ-ო შეგნებულად აფერხებდა მ. ბ-ოსათვის გადაწყვეტილების ჩაბარებას, მას უნდოდა ესარგებლა ამ გარემოებით და ეშუამდგომლა გადაწყვეტილების საჯარო შეტყობინებით გამოქვეყნების თაობაზე, ვინაიდან იცოდა მოპასუხის დამკიდებულება (ხელმოკლეობის გამო) პრესის მიმართ (ს.ფ. 204-205).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ბ-ოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 აპრილის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების თანახმად, აპელანტ მ. ბ-ოს მისამართია: ბათუმი, ნ. ... ქ. ¹2, ბინა 3 (ს.ფ. 1-2, 3, 103-112). ამავე მისამართს უთითებს მ. ბ-ო განსახილველ კერძო საჩივარშიც (ს.ფ. 204-205).
საქმეზე დგინდება, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება მოპასუხე მ. ბ-ოს გაეგზავნა საქმეში არსებულ ზემომითითებულ მისამართზე. საქალაქო სასამართლოში დაბრუნებულ გზავნილის ფურცელზე მისი ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებულია, რომ მ. ბ-ო საცხოვრებლად გადავიდა თბილისში (ს.ფ. 86). ამავე მიზეზით დაუბრუნდა სასამართლოს გზავნილი მეორე შემთხვევაშიც (ს.ფ. 92).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე, 73-ე მუხლების თანახმად, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაშიც. 73-ე მუხლის 11 ნაწილი ადგენს, რომ, თუ პირველად გაგზავნისას სასამართლო უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე. ასეთ შემთხვევაში კორესპონდენცია ჩაბარებულად ითვლება.
როგორც უკვე აღინიშნა, მხარის ინფორმირების აღნიშნული საპროცესო ვალდებულება სააპელაციო სასამართლომ დაიცვა. გასათვალისწინებელია, რომ მ. ბ-ო სასამართლოში საქმის წარმოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმირებული იყო. მხარის კეთილსინდისიერების ვალდებულებიდან გამომდინარე, ადგილსამყოფელის შეცვლის შემთხვევაში მ. ბ-ოს შეეძლო სასამართლოსათვის ეცნობებინა თავისი ფაქტობრივი (რეალური) ადგილსამყოფელი, რაც მას არ განუხორციელებია.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარის ინფორმირების მიზნითYდამატებით გამოიყენა სასამართლო გადაწყვეტილების საჯარო შეტყობინების წესით გავრცელების საპროცესო შესაძლებლობა. მიუხედავად ამისა, არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვადის გათვალისწინებით მომხდარა სააპელაციო საჩივრის შეტანა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გავლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში მ. ბ-ოს მიერ გაშვებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადა, რის გამოც სააპელაციო საჩივარი სწორად იქნა დატოვებული განუხილველად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს და უცვლელად ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ბ-ოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 აპრილის განჩინება; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.