Facebook Twitter

ას-480-450-10 15 ივლისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ს-ძე

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ჟ-იანი

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება –Q ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ლ. ჟ-იანმა ნ. ს-ძის, გ. ფ-ოვისა და მ. ხ-იას მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან საცხოვრებელი ბინის გამოთხოვა და მოპასუხეების გამოსახლება სადავო სახლიდან.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ. ს-ძე, გ. ფ-ოვი და მ. ხ-ია გამოსახლებულ იქნენ ქ.ქუთაისში, ... ¹22\95-ში მდებარე ლ. ჟ-იანის სახელზე რიცხული საცხოვრებელი ბინიდან.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ნ. ს-ძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 15 აპრილის განჩინებით ნ. ს-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2010 წლის 15 აპრილს, სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, რომელიც სასამართლო სხდომაზე მოწვევისა და გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე გაფრთხილებული იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ტელეფონის მეშვეობით. ასევე გაფრთხილებულები იყვნენ სხდომის დროისა და ადგილის შესახებ გ. ფ-ოვი და მ. ხ-ია.

დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოში 2010 წლის 14 აპრილს შემოვიდა ნ. ს-ძის განცხადება, სადაც ის ითხოვდა სხდომის გადადებას გამოჯანმრთელებამდე. განცხადებას თან ჰქონდა დართული 2010 წლის 23 აპრილს გაცემული ცნობა, რომელსაც ხელს აწერს ექიმი მ. დ-შვილი და დასმულია მასზე ბეჭედი, მაგრამ პალატა თვლის, რომ წარმოდგენილი ცნობა არ არის სახდომის გადადების საფუძველი, ვინაიდან იგი არ პასუხობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. ს-ძემ. მან მიუთითა, რომ 2010 წლის 15 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ გამოიტანა განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, იმ მოტივით, რომ იგი არ გამოცხადდა სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე. მან სასამართლოში წარადგინა განცხადებასთან ერთად ექიმის მიერ გაცემული ცნობა. მისთვის უცნობი იყო, რომ აღნიშნულ ცნობას მთავარი ექიმის ხელმოწერა სჭირდებოდა. ვინაიდან, ექიმებთან ვიზიტი ფასიანია, იგი მკურნალობდა ოჯახის ექიმთან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ნ. ს-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან\და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

დადგენილია, რომ 2010 წლის 15 აპრილს, სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, რომელიც სასამართლო სხდომაზე მოწვევისა და გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე გაფრთხილებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ტელეფონის მეშვეობით. ასევე გაფრთხილებულები იყვნენ სხდომის დროისა და ადგილის შესახებ გ. ფ-ოვი და მ. ხ-ია. ნ. ს-ძემ წარმოადგინა განცხადება და ექმის მიერ გაცემული ცნობა ავადმყოფობის შესახებ.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მართალია, ნ. ს-ძემ წარმოადგინა ექიმის ცნობა ავადმყოფობის შესახებ, მაგრამ წარმოდგენილი ცნობა არ არის ხელმოწერილი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ, შესაბამისად ის ვერ ჩაითვლება სათანადო მტკიცებულებად, რაც საქმის განხილვის გადადების საფუძველი იქნებოდა.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტი არ გამოცხადდა სასამართლოს მთავარ სხდომაზე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად მოწინააღმდეგე მხარემ არ მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, ამასთან უარი განაცხადა საქმის განხილვის გადადებაზე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს ნ. ს-ძის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ს-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 15 აპრილის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.