ას-480-454-2011 27 მაისი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შპს «... ... ...ის» დირექტორი შ. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ ე. ს-ე
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ე. ს-ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში შპს «... ... ...ის» მიმართ და მოითხოვა მოპასუხესთან 2007 წლის 20 ივლისსა და 2008 წლის 11 იანვარს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტა და ქ. ბათუმში, ფ-ის ქ. ¹110-ში მდებარე უძრავი ქონების თავის საკუთრებაში ბარუნება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, შეწყვეტილად იქნა ცნობილი ე. ს-ესა და შპს «... ... ...ს» შორის 2007 წლის 20 ივლისსა და 2008 წლის 11 იანვარს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები და ქ. ბათუმში, ... ქ. ¹110-ში მდებარე უძრავი ქონება (მახასიათებლები: მიწის სარეგისტრაციო ¹... ... ..., სარეგისტრაციო ზონა _ ბათუმი, კოდი-05, სექტორი III, კოდი 03, კვარტლის ¹17, ნაკვეთის ¹016, ფართობი 307 კვ.მ, უფლება საერთო საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია _ არასასოფლო, შენობა-ნაგებობები სასარგებლო ფართოთ 18,96 კვ.მ), ე. ს-ეს დაუბრუნდა საკუთრებაში, შპს «... ... ...ს» მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1000 ლარის ოდენობით.
საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «... ... ...ის» წარმომადგენელმა ჯ. ქ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 იანვრის განჩინებით აპელანტ შპს «... ... ...ს» (წარმომადგენელი ჯ. ქ-ი) სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 5-დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის (160 ლარის) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ ჯ. ქ-ის სახელზე გაცემული რწმუნებულების (მინდობილობის), სადაც ასახული იქნებოდა, რომ წარმომადგენელ _ ჯ. ქ-ს მინიჭებული აქვს სასამართლო აქტების გასაჩივრების უფლებამოსილება ან უშუალოდ შპს «... ... ...ის» ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის წარმოსადგენად.
2011 წლის 20 იანვარს შპს «... ... ...მა» (წარმომადგენელი ჯ. ქ-ი) განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება იმ საფუძვლით, რომ მათ მიერ ხარვეზი აღმოფხვრილი იყო, რის დასადასტურებლადაც განცხადებას თან დაურთო 150 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითარი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 იანვრის განჩინებით აპელანტს 4 დღით გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა და დაევალა ხარვეზის სრულად შევსების მიზნით დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის _ 10 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ ჯ. ქ-ის სახელზე გაცემული რწმუნებულების (მინდობილობის), სადაც ასახული იქნებოდა, რომ წარმომადგენელ _ ჯ. ქ-ს მინიჭებული აქვს სასამართლო აქტების გასაჩივრების უფლებამოსილება ან უშუალოდ შპს «... ... ...ის» ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის წარმოსდგენა. ამასთან, აღნიშნული განჩინებითვე აპელანტს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები, თუმცა, მიუხედავად ამისა, აპელანტმა 2010 წლის 7 თებერვალს მიმართა სასამართლოს განცხადებით, რასაც თან დაურთო ორგანიზაციის ხელმძღვანელის _ შ. ბ-ის მიერ მის სახელზე გაცემული მინდობილობა და მოითხოვა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 თებერვლის განჩინებით შპს «... ... ...ის» წარმომადგენლის ჯ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში, ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს «... ... ...ის» დირექტორმა შ. ბ-ემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება იმ საფუძვლით, რომ საქმეში არსებული და შემდგომში კვლავ წარმოდგენილი რწმუნებულების თანახმად, ჯ. ქ-ს მის მიერ მინიჭებული ჰქონდა უფლებამოსილება, დაეცვა შპს «... ... ...ის» ინტერესები საქართველოში მოქმედ ყველა ინსტანციის სასამართლოში, რაც თავის მხრივ მოიაზრებდა წარმომადგენლის უფლებას, დაეცვა საზოგადოების ინტერესები, კერძოდ, გაესაჩივრებინა ზემდგომ ინსტანციაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და, აქედან გამომდინარე, სასამართლოს უნდა გაეგრძელებინა მათთვის ხარვეზის შევსების ვადა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილ _ 10 ლარის გადახდის ნაწილში, თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლისა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «... ... ...ის» დირექტორ შ. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 თებერვლის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 იანვრის განჩინებით აპელანტ შპს «... ... ...ს» (წარმომადგენელი ჯ. ქ-ი) სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 5-დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის (160 ლარის) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ ჯ. ქ-ის სახელზე გაცემული რწმუნებულების (მინდობილობის), სადაც ასახული იქნებოდა, რომ წარმომადგენელ _ ჯ. ქ-ს მინიჭებული აქვს სასამართლო აქტების გასაჩივრების უფლებამოსილება ან უშუალოდ შპს «... ... ...ის» ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის წარმოსადგენად.
ასევე დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 25 იანვრის განჩინებით ჯ. ქ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა და აპელანტს 4 დღით გაუგრძელა ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა ამასთან, განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები, თუმცა, მიუხედავად ამისა, აპელანტმა 2010 წლის 7 თებერვალს მიმართა სასამართლოს განცხადებით, რასაც თან დაურთო, საქმეში უკვე არსებული, ორგანიზაციის ხელმძღვანელის _ შ. ბ-ის მიერ მის სახელზე გაცემული მინდობილობა (იხ. ტ III, ს.ფ. 27) და მოითხოვა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება. ამდენად, ვინაიდან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, აპელანტმა არ წარმოადგინა მინდობილობა, სადაც სათანადოდ იქნებოდა მითითებული სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების წარმომადგენლისათვის მინიჭების თაობაზე და ასევე, დრჩენილი სახელმწიფო ბაჟის _ 10 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ზემოთ დასახელებულ ნორმათა შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ შპს «... ... ...ის» სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში არსებული და შემდგომში კვლავ წარმოდგენილი რწმუნებულების თანახმად, ჯ. ქ-ს მის მიერ მინიჭებული ჰქონდა უფლებამოსილება, დაეცვა შპს «... ... ...ის» ინტერესები საქართველოში მოქმედ ყველა ინსტანციის სასამართლოში, რაც თავის მხრივ მოიაზრებდა წარმომადგენლის უფლებას, დაეცვა საზოგადოების ინტერესები, კერძოდ, გაესაჩივრებინა ზემდგომ ინსტანციაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად მიუთითებს, რომ წარმომადგენლის მიერ მარწმუნებლის უფლების ჯეროვნად დაცვის მიზნით რწმუნებულებაში არა ზოგადად, არამედ კონკრეტულად უნდა აღნიშნოს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მინიჭების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში რწმუნებული არ იქნება უფლებამოსილი მარწმუნებლის სახელით განახორციელოს აღნიშნული უფლებამოსილება. განსახილველ შემთხვევაში კი, საქმეში არსებული და შემდგომ ხარვეზის შევსების მიზნით სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი შპს «... ... ...ის» დირექტორის მიერ გაცემული მინდობილობით ჯ. ქ-ს მიენიჭა უფლება, შპს «... ... ...ის» სახელით «აწარმოოს სამოქალაქო, ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის საქმეები ყველა ინსტანციის სასამართლოში, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, სახელმწიფო დაწესებულებებში. აღნიშნული რწმუნებულების განსახორციელებლად რწმუნებული უფლებამოსილია ორგანიზაციის სახელზით შეასრულოს ყველა ის მოქმედება და პროცედურა, რაც დადგენილია კანონმდებლობით, მათ შორის: შეიტანოს განცხადება ან სარჩელი სასამართლოში, გაეცნოს საქმის მასალებს, გააკეთოს ამონაწერები ამ მასალებიდან, განაცხადოს აცილება და ა. შ». დასახელებული მინდობილობის დებულებათა შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მარწმუნებელს ჯ. ქ-ისათვის პირდაპიდ არ მიუნიჭებია უფლება სასამართლოს აქტების ზემოდგომ ინსტანციებში გასაჩივრებისა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან, კერძო საჩივრის ავტორმა დადგენილი ხარვეზის გამოსწორება ვერ უზრუნველყო სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ შპს «... ... ...ის» სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს «... ... ...ის» დირექტორ შ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 თებერვლის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.