ას-482-455-2011 02 მაისი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნ. კვანტალიანი, ბ.ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ რ. დ-ე (წარმომადგენელი ნ. დ-ე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს «... ... ...»
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ პირგასამტეხლოს გადახდისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 22 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა რ. დ-ემ მოპასუხე სს «... ... ...ის» მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა კუთვნილი ხელფასიდან სს «... ... ...ის» მიერ ჩამოჭრილი თანხა მას ჩათვლოდა თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების სახით გადახდილად და ასევე გათავისუფლებულიყო პირგასამტეხლოს გადახდისაგან (ტომი 1, ს.ფ. 1-11, 145-148).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ. დ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოსარჩელე გათავისუფლდა სს «... ... ...თან» დადებული 2008 წლის 12 ივნისის თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2009 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით სს «... ... ...ის» მიმართ დავალიანების სახით არსებული პირგასამტეხლოს 2443.74 ლარის გადახდისაგან; რ. დ-ის სახელფასო განაკვეთიდან ჩამოჭრილი თანხა, 3159 ლარი, ჩაითვალა გადახდილად მხარეებს შორის 2008 წლის 12 ივნისის თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2009 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით არსებული პროცენტის 1149.93 ლარის გადახდის ვალდებულებაში და ძირითადი თანხის 4187.95 ლარიდან 2009.07 ლარის გადახდის ვალდებულებაში.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში კრედიტორმა, სს «... ... ...მა» არ შეასრულა სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა, კერძოდ, თავდებს რ. დ-ეს ძირითადი მოვალის (მ. მ-ის) მიერ ვადის გადაცილების შესახებ აცნობა ვადის გადაცილებიდან ერთი წლის შემდეგ, 2009 წლის 20 ოქტომბერს. ამასთან, სასამართლომ საქმეზე დადგენილად ჩათვალა, რომ 2009 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით დავალიანება სესხზე საურავებთან ერთად შეადგენდა ძირ თანხას 4187.95 ლარს, პროცენტს 1149.93 ლარს, ჯარიმას 2443.74 ლარს, მთლიანობაში 7781.62 ლარს (ტომი 1, ს.ფ. 153-158).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს «... ... ...მა», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი 1, ს.ფ. 163-171).
2011 წლის 28 თებერვალს რ. დ-ემ შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა სააპელაციო სასამართლოს (ტომი 2, ს.ფ. 29-38).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 მარტის განჩინებით რ. დ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია სააპელაციო საჩივრის ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, განცხადებული აქვს თუ არა უარი სააპელაციო საჩივრის შეტანაზე.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დაადგინა, რომ სს «... ... ...ის» სააპელაციო საჩივარი განსახილველად მიღებულ იქნა 2011 წლის 1 თებერვალს, ხოლო 8 თებერვალს საჩივრის ასლი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარე რ. დ-ეს. გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის თანახმად, აღნიშნული გზავნილი პირადად ჩაჰბარდა რ. დ-ის მამას, ავთანდილ დ-ეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. რ. დ-ემ შეგებებული სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2011 წლის 24 თებერვალს, შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარდგენის 10-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 374.1 მუხლების შინაარსზე და მიიჩნია, რომ შეგებებული სააპელაციო საჩივარი, როგორც დაგვიანებით წარდგენილი, უნდა დარჩენილიყო განუხილველად (ტომი 2, ს.ფ. 59-61).
სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 7 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა რ. დ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რადგან ამავე კოდექსის 379-ე მუხლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია სააპელაციო საჩივრის ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის ასლი არც მოსარჩელეს გადაცემია და არც მის წარმომადგენელს. მართალია, სასამართლო გზავნილი ჩაბარდა მოსარჩელის მამას, მაგრამ თავად მოსარჩელე მსახურობს ჯარში, რაც სასამართლოსათვის ცნობილი იყო. ამასთან, მამამისის ოჯახი სოციალურად დაუცველია, ადრესატს ხელი არ მიუწვდებოდა თავისუფლად გადაადგილებაზე, მას არც საქმის გარემოებების გარკვევა შეეძლო (ტომი 2, ს.ფ. 70-72).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. დ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 მარტის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლის მიხედვით, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის ვადაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, განცხადებული აქვს თუ არა უარი სააპელაციო საჩივრის შეტანაზე.
მითითებული ნორმა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს უფლებას ანიჭებს შეიტანოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მას უარი აქვს ნათქვამი გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებაზე. ამასთან, ეს ნორმა ადგენს შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადას, რომელიც შეადგენს 10 დღეს და ამ ვადის ათვლა იწყება მოწინააღმდეგე მხარისათვის სააპელაციო საჩივრის ასლის გადაცემის მომენტიდან.
საქმის მასალების მიხედვით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 თებერვლის განჩინებით აპელანტის _ სს «... ... ...ის» სააპელაციო საჩივარი განსახილველად იქნა მიღებული. აღნიშნული სააპელაციო საჩივრის ასლი სარჩელში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს (მოსარჩელეს), რ. დ-ეს. საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივრის ასლი 2011 წლის 10 თებერვალს ჩაბარდა რ. დ-ის მამას, ა. დ-ეს (ტომი 2, ს.ფ. 11-14, 18).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მთითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 7 3-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი, გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება ან დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივრის ასლი 2011 წლის 10 თებერვალს ჩაბარდა რ. დ-ის ოჯახის წევრს (მამას) ა. დ-ეს. შესაბამისად, სასამართლო გზავნილი ჩაბარებულად ითვლება ასევე ადრესატის – რ. დ-ისათვის.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო საჩივრის ასლი სასამართლოს უნდა გაეგზავნა ასევე მოწინააღმდეგე მხარის, რ. დ-ის წარმომადგენლისათვის. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვინაიდან სააპელაციო საჩივრის ასლი გაეგზავნა და კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა თავად მხარეს – რ. დ-ეს, სასამართლო აღარ იყო ვალდებული უწყება დამატებით გაეგზავნა ასევე მისი წარმომადგენლისათვის. მითითებული მსჯელობა გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილიდან, რომლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. ამდენად, სასამართლოს აკისრია ვალდებულება უწყება გაუგზავნოს მხარეს ან მის წარმომადგენელს და არა ორივე მათგანს, ხოლო ერთ-ერთი მათგანისათვის უწყების ჩაბარება ჩაითვლება მხარისათვის უწყების ჩაბარებად.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ იგი მსახურობს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და 3 წელიწადია აღარ ცხოვრობს ქედის რაიონის სოფელ ქედაში, საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან რ. დ-ემ სარჩელში თავად მიუთითა ზემოაღნიშნული მისამართი მის ძირითად და ერთადერთ მისამართად. შესაბამისად, მითითებულ მისამართზე მოსარჩელის ოჯახის წევრისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება ითვლება ჩაბარებად თავად მოსარჩელისათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-ე და 61-ე მუხლების შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში რ. დ-ის მიერ შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა ამოიწურა 2011 წლის 21 თებერვალს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ ორშაბათი. შეგებებული სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩაჰბარდა 2011 წლის 24 თებერვალს (ტომი 2, ს.ფ. 58, 29-38), ანუ მის შესატანად დადგენილი ვადის დარღვევით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან რ. დ-ემ გაუშვა შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა, ამიტომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე, 379-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად დაგვიანებით წარდგენილი შეგებებული სააპელაციო საჩივარი.
ამდენად, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და იგი დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. დ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 მარტის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.