ას-483-456-2011 8 აპრილი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბ. ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის, კერძო საჩივრის ავტორი _ შპს «კ. გ. ბ-ა»
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «ს. ს. ე-ა»
გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 13 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 25 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი – ელექტროგადამცემი ხაზების გადატანა, ხელშეკრულების დადება, მიწის გადასახადის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს «კ. გ. ბაზამ» სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «საქართველოს ს. ე-ის» მიმართ მიწის გადასახადის ანაზღაურების, მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებისა და ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენი ანძის აღების მოთხოვნით.
გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით შპს «კ. გ. ბ-ის» სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 15000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, ასევე ღობის დანგრევით მიყენებული ზიანის _ 250 ლარის ანაზღაურება და შპს «კ. გ. ბ-ის» ტერიტორიაზე განთავსებული მაღალი ძაბვის ანძების აღება. ამავე სასამართლოს 2004 წლის 17 მაისის განჩინებით აღნიშნული გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება და 17 მაისის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 13 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
შპს «კ. გ. ბ-ის» დირექტორმა გ.ქ-მა საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების სააპელაციო პალატის 2004 წლის 13 ოქტომბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 25 დეკემბრის განჩინებით შპს «კ. გ. ბ-ის» დირექტორ გ.ქ-ის საჩიივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 237-ე მუხლით და განმარტა, რომ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის შეტანის ვადა 10 დღეა, ხოლო ამ ვადის დენა იწყება მხარისათვის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადაცემის შემდეგ.
საქმეში (ს.ფ. 171) განთავსებული გზავნილის თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს «კ. გ. ბ-ას» დაუსწრებელი გადაწყვეტილება ჩაბარდა 2005 წლის 5 იანვარს, ხოლო მან საჩივრით სასამართლოს მიმართა 2005 წლის 2 თებერვალს, დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე სარჩივრის შეტანის 10-დღიანი ვადის დარღვევით, ამასთან, პალატამ დაუსაბუთებლობის მოტივით არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მითითება, რომ მას დაუსწრებელი გადაწყვეტილება ჩაბარდა 2005 წლის 5 იანვარს.
შპს «კ. გ. ბ-ის» დირექტორმა გ.ქ-მა საჩივრით მომართა სასამართლოს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 13 ოქტომბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, ასევე კერძო საჩივარი შემოიტანა თბილისისი სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 25 დეკემბრის განჩინებაზე, რომლითაც მისი საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «კ. გ. ბ-ის» დირექტორ გ.ქ-ის საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 13 ოქტომბრის განჩინებაზე, ასევე კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 25 დეკემბრის განჩინებაზე განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 237-ე მუხლი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის შესაძლებლობას ითვალისწიენებს იმ მხარის მიმართ, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამასთან, კანონმდებლობა საჩივრის შეტანის გზით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის ადგენს გარკვეულ წინაპირობებს, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 237-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე. ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარეს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაჰბარდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში. დასახელებული ნორმის ანალიზით დასტურდება, რომ საჩივარი შეტანილ უნდა იქნას კანონით დადგენილ ვადაში და სააპელაციო სასამართლო დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერებას განიხილავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავითა და 387-ე მუხლით დადგენილი წესების გამოყენებით.
ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებათა ანალიზის საფუძველზე, შეიძლება დავასკვნათ, რომ საჩივრის წესით სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა მხოლოდ სააპელაციო სასამართლოშია შესაძლებელი და საჩივრის ზემდგომ ინსტანციაში განხილვის შესაძლებლობას კანონმდებელი არ ითვალისწინებს.
მოცემულ შემთხვევაში, შპს «კ. გ. ბ-ის» დირექტორი საჩივრით მოითხოვს რა თბილისისი საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 13 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას, აღნიშნული საჩივარი საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება დაუშვებლობის მოტივით. აღნიშნულ მოსაზრებას ამყარებს ის გარემოებაც, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 392-ე მუხლი კრძალავს იმ მხარის მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობას, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია აღნიშნული გადაწყვეტილება, ასეთი გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრება შეუძლია მხოლოდ იმ მხარეს, თუ სააპელაციო სასამართლომ მის მიართ გამოიტანა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
რაც შეეხება შპს «კ. გ. ბ-ის» დირექტორის კერძო საჩივარს, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული კერძო საჩივარი ასევე უნდა დარჩეს განუხილველად, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის შემოტანიდან 10 დღეში იხილავს მისი დასაშვებობის საკითხს, რა დროსაც სხვა გარემოებებთან ერთად ამოწმებს კერძო საჩივარი შეტანილია თუ არა კანონით დადგენილ ვადაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.
დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, განჩინების გასაჩივრებისათვის კანონი ადგენს 12-დღიან ვადას, რომლის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია და მხარეს უფლება ეძლევა, კერძო საჩივარი შეიტანოს განჩინების კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ჩაბარების ან გამოცხადების მომენტიდან. აღნიშნული ნორმა იმპერატიული ხასიათისაა და ამ ვადის აღდგენა, თუნდაც მხარის მიერ საპატიო მიზეზით გაშვების შემთხვევაშიც კი, არ დაიშვება.
განსახილველი საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 25 დეკემბრის განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად გაეგზავნა შპს «კ. გ. ბ-ს» და მის დირექტორ გ.ქ-ს საქმეში და მითითებულ მისამართზე აღნიშნული გზავნილები 2007 წლის 26 იანვარს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა ადრესატს (იხ. ტ.II, ს.ფ.256-257).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინება ეგზავნება უშუალოდ მხარეს ან მის წარმომადგენელს და კანონმდებელი მითითებულ პირთაგან ერთ-ერთისათვის კორესპოდენციის ჩაბარებას განიხილავს კანონმდებლობით დადგენილი ან სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის დენის დასაწყისად, ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილი კი აწესრიგებს ორგანიზაციისათვის გაგზავნილი შეტყობინების ჩაბარების წესს.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის 2006 წლის 25 დეკემბრის განჩინების ასლების 2007 წლის 26 იანვარს ადრესატთათვის ჩაბარება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძვლად უნდა იქნას მიჩნეული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ სათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისისი საააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 25 დეკემბრის განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი ვადის დენა დაიწყო 2007 წლის 27 იანვარს და ამოიწურა 2007 წლის 7 თებერვალს. შპს «კ. გ. ბ-ს» დირექტორმა კი კერძო საჩივარი საფოსტო განყოფილებას ჩააბარა 2011 წლის 7 თებერვალს (მართალია საფოსტო კონვერტი საქმეში მოთავსებულია საჩივრის შემდეგ და კერძო საჩივრის წინ, თუმცა პალატა თვლის, რომ მხარემ კერძო საჩივარი შეიტანა საჩივართან ერთად ფოსტის მეშვეობით) კერძო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 4 წლის შემდეგ, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 237-ე, 416-ე, 420-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს «კ. გ. ბ-ს» საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 13 ოქტომბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. შპს «კ. გ. ბ-ს» კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 25 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად კერძო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი ვადის დარღვევის გამო.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.