Facebook Twitter

ას-484-453-10 1 ივლისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ვ. დ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე – სს “ჭ-ი”

დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება –Q ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის განჩინება

აღწერილობითი ნაწილი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ვ. დ-ძემ და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 31 მარტის განჩინებით ვ. დ-ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 12 მარტის განჩინებით ხარვეზის შესავსებად განმცხადებელს განესაზღვრა ვადა 4 დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან. ასევე განემარტა, რომ თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსებდა ხარვეზს, სასამართლო მის განცხადებას განუხილველად დატოვებდა.

2010 წლის 26 მარტს ვ. დ-ძემ განცხადებით მიმართა სასამართლოს ხარვეზის შევსების მიზნით და მოითხოვა მისი განცხადების წარმოებაში მიღება და განხილვა. განცხადებას დაურთო დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ იგი არის ინვალიდი და შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ უნდა შეიცავდეს მითითებას კონკრეტულად თუ რომელ გადაწყვეტილებას ხდის მხარე სადავოდ, რომელი ახალი საფუძვლით, ანუ კონკრეტულად რას მიიჩნევს მხარე ახლად აღმოჩენილ გარემოებად, მხარემ ასევე უნდა მიუთითოს ამ ახალი გარემოების შესახებ თუ როდის გახდა მისთვის ცნობილი და უნდა წარუდგინოს სასამართლოს ახალი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

კანონის აღნიშნული მოთხოვნები ვ. დ-ძეს განემარტა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 12 მარტის ხარვეზის განჩინებაში, თუმცა მის მიერ ხარვეზი შევსებული არ იქნა ანუ სააპელაციო სასამართლოში არ იქნა წარმოდგენილი განცხადება ზემოთმითითებული მოთხოვნების დაცვით, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ ვ. დ-ძის განცხადება დაუშვებელია და იგი უნდა დარჩეს განუხილველი.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ვ. დ-ძემ და აღნიშნა, რომ მან რამდენჯერმე შეიტანა საჩივარი 2007 წლის 13 ნოემბრის უკანონო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით. მან სასამართლოში წარმოადგინა ახალი მტკიცებულებები, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ იგნორირება გაუკეთა მის მიერ წარმოდგენილ მასალებს და უკანონოდ დატოვა განუხილველად მისი განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ვ. დ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, თუ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ პასუხობს ამავე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს. სასამართლო ავალებს განმცხადებელს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას, ხოლო თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება განცხადება აღარ დაიშვება.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ვ. დ-ძის მიერ წარმოდგენილი განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ არ შეიცავდა მითითებას კონკრეტულად თუ რომელ გადაწყვეტილებას ხდიდა იგი სადავოდ, რომელი ახალი საფუძვლით, ანუ კონკრეტულდად რას მიიჩნევდა მხარე ახლად აღმოჩენილ გარემოებად, მხარეს ასევე უნდა მიეთითებინა ამ ახალი გარემოების შესახებ თუ როდის გახდა მისთვის ცნობილი და უნდა წარმოედგინა სასამართლოსათვის ახალი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთანავე განმცხადებლის მიერ არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 12 მარტის განჩინებით ხარვეზის შესავსებად განმცხადებელს განესაზღვრა ვადა 4 დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან. ასევე განემარტა, რომ თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსებდა ხარვეზს, სასამართლო მის განცხადებას განუხილველად დატოვებდა. მიუხედავად ამისა, მან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, კერძოდ, მან წარმოადგინა ცნობა სოციალურად დაუცველ პირთა ერთიან სიაში მისი ყოფნისა და შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან განთავისუფლების შესახებ, თუმცა ხარვეზი არ შეავსო იმ ნაწილში, რითაც დაევალა განცხადების შინაარსის ჩამოყალიბება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის, 422-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 426-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს ამ კოდექსის 422-423-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების წინამძღვრები, და თუ მხარეს არ შეეძლო ამ საფუძვლების წამოყენება პირველი ინსტანციის, სააპელაციო თუ საკასაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას. ამასთან განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს ამ გარემოებათა თაობაზე მხარისათვის შეტყობინებიდან ერთი თვის განმავლობაში.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატს მიაჩნია, რომ ვინაიდან ვ. დ-ძემ სასამართლოს მერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველად მისი სააპელაციო საჩივარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 31 მარტის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ვ. დ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 31 მარტის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.