ას-485-459-2011 30 მაისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ გ. ჩ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ თ. ქ-ია
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თ. ქ-იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ჩ-შვილის მიმართ და მოითხოვა მას და მოპასუხეს შორის დადებული ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტილად ცნობა და მოპასუხისათვის, მის სასარგებლოდ, გადაუხდელი ქირის სახით 6300 აშშ დოლარის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ. ქ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა, მოაპსუხე გ. ჩ-შვილს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების _ 6300 აშშ დოლარის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 3 ნოემბრის განჩინებით გ. ჩ-შვილის საჩივარი 2010 წლის 30 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2010 წლის 3 ნოემბრის საოქმო განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ჩ-შვილმა, მოთხოვა მათი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 მარტის განჩინებითგ. ჩ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2010 წლის 17 დეკემბრის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 252 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარმოდგენა. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები. ამასთან, სააპელაციო პალატის მითითებით, მის მიერ მიღებული 2011 წლის 4 იანვრისა და 2011 წლის 28 იანვრის განჩინებებით აპელანტ გ. ჩ-შვილს, მისივე შუამდგომლობების საფუძველზე, სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად, 10-10 დღით გაუგრძელდა საპროცესო ვადა, თუმცა, მან სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეავსო.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებული ვითარება _ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5-ე და 374-ე მუხლების შესაბამისად, იძლეოდა საფუძველს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დარეჯან ჩიხლაძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება იმ საფუძვლით, ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ვერ შეძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა, სასამართლომ კი უარი თქვა სამართალწარმოებაზე, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მოთხოვნები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ გ. ჩ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. ხარვეზის დადგენის საფუძველს წარმოადგენს როგორც ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული გარემოებები, ისე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა. ხარვეზის გამოსასწორებლად მხარისათვის მიცემული ვადის გასვლის შემდეგ სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 დეკემბრის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 252 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.
საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 იანვრისა და 2011 წლის 28 იანვრის განჩინებებით აპელანტ გ. ჩ-შვილს, მისივე შუამდგომლობების საფუძველზე, სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად, 10-10 დღით გაუგრძელდა საპროცესო ვადა.
საქმის მასალებით ასევე ირკვევა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხარვეზის შევსების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 იანვრის განჩინება გ. ჩ-შვილს ჩაჰბარდა 2011 წლის 5 თებერვალს, რაც დასტურდება საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე აპელანტის ოჯახის წევრის, რძლის _ მაგდა წამალაშვილს ხელმოწერით (იხ. ტომი 2, ს.ფ. 18). აღნიშნული გარემოება კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების თანახმად, ხარვეზის შესავსებად, სასამართლოს მიერ დანიშნული 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 6 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 15 თებერვალს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში გ. ჩ-შვილს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების თაობაზე რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას მასზე, რომ ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ვერ შეძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა, საკასაციო სასამართლო ვერ მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე და 48-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლო ხარჯების ოდენობის შემცირებისა თუ გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობით მხარეს სასამართლოსათვის არ მიუმართავს და, შესაბამისად, არც რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ იგი მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რაც მისი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი გახდებოდა, გ. ჩ-შვილს სასამართლოსათვის არ წარუდგენია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობით, გ. ჩ-შვილმა დაკარგა მისთვის მინიჭებული საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. ჩ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 მარტის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.