Facebook Twitter

ას-488-457-2010 5 ივლისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ლ. ლაზარაშვილი, ვ. როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ მ. ა-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ “საქართველოს ეროვნული მუზეუმი” (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ნივთის მესაკუთრედ ცნობა, მისი უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა, პიროვნული დევნისა და დისკრიმინაციის აკრძალვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ა-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ “საქართველოს ეროვნული მუზეუმის” მიმართ ექსპონატად დაფიქსირებული სასაუზმე პავილიონის მესაკუთრედ მოსარჩელის ცნობის, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან აღნიშნული ნივთის გამოთხოვის, ხელშეშლის აღკვეთის, პიროვნული დევნისა და დისკრიმინაციის აკრძალვის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის შესახებ, მ. ა-ძის სარჩელი დატოვებულ იქნა განუხილველად და დაუბრუნდა მოსარჩელეს თანდართული დოკუმენტებით.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. ა-ძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 11 დეკემბრის განჩინებით მ. ა-ძის კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 31 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

მოცემული საქმის წარმოების განახლების თაობაზე მ.ა-ძის განცხადება არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 აპრილის განჩინებით მ. ა-ძის განცხადება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტების საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 11 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა შემდეგი გარემოებების გამო: სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა განმცხადებლის მოსაზრება, რომ, რადგანაც სასამართლომ კერძო საჩივრის განხილვა ზეპირი მოსმენით არ ჩაატარა, მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ როგორც სააპელაციო საჩივრის, ისე კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმება ხდება მხარეთა დაუსწრებლად და მითითებული ნორმა სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად საქმის ზეპირი განხილვის ჩატარებისა და მხარეთა მოწვევის ვალდებულებას არ აკისრებს. ამდენად, პალატამ მიუთითა, რომ მ. ა-ძის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ 2008 წლის 11 დეკემბრის განჩინება კანონის მოთხოვნათა დაცვით იქნა მიღებული და არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტების საფუძველზე მისი გაუქმების წინაპირობა. პალატამ ასევე არ გაიზიარა განმცხადებლის მოსაზრება, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” და “ე1” ქვეპუნქტების საფუძველზე გასაჩივრებული განჩინება უკანონობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით უნდა გაუქმდეს და საქმის წარმოება განახლდეს, ვინაიდან პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა სცილდება საქმის წარმოების განახლების ფარგლებს. ბათილად ცნობის გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის წესი ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. პალატის მითითებით, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საზედამხედველო წარმოების წესით გადასინჯვასა და გაუქმების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. ა-ძემ. კერძო საჩივრის ავტორმა მოგვიანებით დააზუსტა მისი მოთხოვნის საფუძვლები და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა ზეპირი მოსმენით ჩატარდა სხვადასხვა შემადგენლობის მიერ, კერძოდ, 2010 წლის 24 მარტს სასამართლო სხდომა მოსამართლეების _ პ. ქ-ის, ხ. არევაძისა და ა. ი-ის შემადგენლობით ჩატარდა, ხოლო 14 აპრილის სხდომაზე პალატის შემადგენლობაში ხ. არევაძის ნაცვლად მონაწილეობას იღებდა მოსამართლე ნ. ნ-ე. მოსამართლეთა ცვლილების თაობაზე მ. ა-ძეს არ გადასცემია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო მის წერილებზე სასამართლო მოხელეთა მიერ გაცემული პასუხები არ იყო შესაბამისობაში მ. ა-ძის განცხადებასთან და არ იყო მითითებული სამართლის ნორმა, რომლის თანახმადაც დასაშვებია საქმის განხილვაში მოსამართლეთა ცვლილება, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ნიშნავს საქმის განხილვას მოსამართლეთა არაკანონიერი შემადგენლობით. ამასთან, დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის განხილვისაგან მოსამართლის აცილების, მისი ვადამდე გათავისუფლებისა თუ სხვა თანამდებობაზე გადაყვანის წესი. საქმის განხილვის წესის დარღვევაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა პ. ჯ-შვილმა ცრუ ჩვენება მისცა სასამართლოს, რომ ის ესწრებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2008 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ სხდომას და თავადვე დაადასტურა, რომ საქმის განხილვისას მოსარჩელის მიმართ სასამართლოს მხრიდან ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, თუმცა მიუხედავად მ.ა-ძის პროტესტისა, სასამართლო მაინც დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღებისას აღნიშნულ ჩვენებას, ამასთან მოგვიანებით სასამართლომ სასამართლო სხდომის ოქმში გაასწორა აღნიშნული უსწორობა, თუმცა აღნიშნულს ასახვა არ ჰქონია არც გადაწყვეტილებაში და არც ოქმიდან ამოუღია მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლიც ცრუ ჩვენება. სასამართლოს მიერ პ. ჯ-შვილის ცრუ ჩვენების გაზიარების გამო მხარემ იმ გარემოების დასადგენად, რომ საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინტერესებს არ იცავდა პ. ჯ-შვილი, ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, ამასთან, სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 18 მაისის განჩინებით უსაფუძვლოდ არ დაკმაყოფილდა მ.ა-ძის განცხადება მტკიცებულებათა უზრუნველყოფის თაობაზე _ საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას მოპასუხის წარმომადგენლად მონაწილე პირების ვინაობის დადგენის თაობაზე, რადგანაც მხარის მიერ ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტის აღიარებით დადასტურდებოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” და “ე1” პუნქტების საფუძველზე მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 14 აპრილის განჩინების გაუქმება, ასევე მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 31 ოქტომბრის, თბილისის სააპელაციო სასამართლო 2008 წლის 11 დეკემბრის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 14 სექტემბრის, 30 სექტემბრის, 5 ოქტომბრის, 2008 წლის 20 მარტისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 30 აპრილის განჩინებების კანონიერების შემოწმება და სარეზოლუციო ნაწილის შეცლის გარეშე საკასაციო სასამართლო 2009 წლის 25 ივნისის განჩინების განმარტება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივნისის განჩინებით მ.ა-ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 აპრილის განჩინებაზე მიღებულ იქნა წარმოებაში, ხოლო დანარჩენ ნაწილში დარჩა განუხილვევად დაუშვებლობის გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მ. ა-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში მხარე სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ, რადგანაც 2010 წლის 24 მარტისა და 14 აპრილის სხდომებზე შეიცვალა სასამართლო კოლეგიის შემადგენლობა და აღნიშნულის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ იქნა გამოცემული.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის აღნიშნულ არგუმენტს. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლით განმტკიცებული დებულება, რომ მოსამართლის საქმის განხილვისაგან ჩამოცილება დაიშვება მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამოქალაქო საქმის განხილვასთან მიმართებით, რეგლამენტირებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-31-ე მუხლებით. კანონის დასახელებულ ნორმებში მითითებული ერთ-ერთი საფუძვლის არსებობა იწვევს სასამართლო შემადგენლობის არაკანონიერად მიჩნევის საფუძველს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად სასამართლოს არაკანონიერი შემადგენლობით განხილულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება გაუქმებას.

განსახილველ შემთხვევაში, მ. ა-ძე უთითებს რა, რომ მისი განცხადება სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ განიხილა, კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-31-ე მუხლების რომელიმე დებულებაზე, რაც საქმის არაკანონიერი შემადგენლობით განხილვის ფაქტს დაადასტურებდა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ 2010 წლის 24 მარტის სხდომაზე მ.ა-ძის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოსამართლე პ.ქ-ის, ხ.არევაძისა და ა.ი-ის შემადგენლობით საპატიოდ მიიჩნია და საქმის განხილვა არ დაწყებულა, მთავარი სხდომა გადაიდო 2010 წლის 14 აპრილს. საქმე არსებითად განიხილა და გადაწყვიტა კოლეგიურმა სასამართლომ 2010 წლის 14 აპრილს მოსამართლე პ. ქ-ის, ნ. ნ-ისა და ა. ი-ის შემადგენლობით. აღნიშნული ფაქტი გამორიცხავს საქმის კოლეგიური სასამართლოს სხვადასხვა შემადგენლობით განხილვას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი განცხადებით მოსარჩელე მ.ა-ძე და მისი წარმომადგენელი წერილობით ადასტურებენ მათ ნებას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის თანახმად, სურთ სარჩელის გამოხმობა, ასევე წერილობითაა დადასტურებული, რომ მოდავე მხარეები არ აპირებენ საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 31 ოქტომბრის განჩინების გასაჩივრებას და შუამდგომლობენ საქმეზე მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის გამოტანის თობაზე. დასახელებული მტკიცებულებით უდავოდ დასტურდება მხარის ნება სარჩელის გამოხმობასთან მიმართებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მხარის მოსაზრებას სარჩელის იძულებით გამოხმობის თაობაზე ვერ გაიზიარებს. საქმის მასალებით კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოება არ დასტურდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის 2010 წლის 14 აპრილის განჩინებაში მითითებულ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებას და თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” და “ე1” პუნქტების შესაბამისად გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. ა-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.