Facebook Twitter

ას-490-459-2010 28 მაისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი. ჭ-შვილი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ .. ..” (მოპასუხე)

დავის საგანი – სამსახურში აღდგენა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. ჭ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ი. ჭ-შვილმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 მარტის განჩინებით ი. ჭ-შვილის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ი. ჭ-შვილმა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 მარტის განჩინებაზე ი. ჭ-შვილმა შეიტანა განცხადება, რომელიც თავისი შინაარსით წარმოადგენს კერძო საჩივრს და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიაჩნია, რომ ი. ჭ-შვილის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, რომელიც ვალდებულია, უწყება დაუყონებლივ ჩააბაროს ადრესატს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 მარტის განჩინება, რომლითაც განუხილველად იქნა დატოვებული ი. ჭ-შვილის სააპელაციო საჩივარი, საქმეში მითითებულ მისამართზე კერძო საჩივრის ავტორის შვილს – ვ. ჭ-შვილს პირადად ჩაჰბარდა 2009 წლის 30 აპრილს (ტ. II, ს.ფ.13). ი. ჭ-შვილს კერძო საჩივრის შეტანის ვადა ჰქონდა 2009 წლის 13 მაისის ჩათვლით, კერძო საჩივარი კი შეტანილია 2010 წლის 24 თებერვალს, ე.ი. კერძო საჩივრის შეტანის 12 - დღიანი ვადის დარღვევით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია კერძო საჩივრის შეტანის კანონით განსაზღვრული 12-დღიანი ვადა, რის გამოც ი. ჭ-შვილის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 70-ე, 284-ე, 416-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი. ჭ-შვილის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 მარტის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.