Facebook Twitter

ას-490-464-11 30 მაისი, 2011 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პ. ქათამაძე, ბ. ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ლ. რ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. ბ-შვილი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. ბ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. რ-შვილის მიმართ და მოითხოვა საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით 1625 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, თბილისში, ... ქუჩა ¹62-ში მდებარე მოპასუხე ლ. რ-შვილის კუთვნილ შენობა-ნაგებობაში არსებული 23,44 მ2 საერთო ფართის საცხოვრებელი სადგომის საკუთრებაში გადაცემა.

მოპასუხე ლ. რ-შვილმა არ ცნო სარჩელი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. ბ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, ზ. ბ-შვილს მოპასუხე ლ. რ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 1625 აშშ დოლარის გადახდა და, ამ ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ, დადგინდა, რომ ზ. ბ-შვილს საკუთრებაში გადაეცეს თბილისში, ... ქუჩა ¹62-ში მდებარე შენობა_ნაგებობაში განთავსებული, მოპასუხე ლ. რ-შვილის საკუთრებაში არსებული 23,44 მ2 საერთო ფართის საცხოვრებელი სადგომი, რაც სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ლ. რ-შვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 14 მარტის განჩინებით ლ. რ-შვილის სააპელაციო საჩივარი, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, დარჩა განუხილველი შემდეგი დასაბუთებით: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 იანვრის განჩინებით ლ. რ-შვილს დაევალა, მიეთითებინა, თუ რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობა, ასევე მიეთითებინა გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ასაბუთებდა სააპელაციო საჩივარს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 იანვრის განჩინებით აპელანტ ლ. რ-შვილს გაუგრძელდა საპროცესო ვადა 5 დღით, სადაც აღინიშნა რომ 2011 წლის 21 იანვარს სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილ დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარში აპელანტის მიერ მითითებული მოთხოვნა _ დაკმაყოფილებულ იქნას მოსარჩელის მოთხოვნა მის მიერ თანხის გადახდის სანაცვლოდ ზ. ბ-შვილის მიერ საცხოვრებელი სადგომის დათმობის თაობაზე, არ მიიჩნევა მისი, როგორც აპელანტის, მოთხოვნის დაზუსტებად.

2011 წლის 7 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მიმართა ლ. რ-შვილმა, რომელმაც დააზუსტა მოთხოვნა და განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა იმ მოტივით, რომ მოსარჩელემ ნაწილობრივ აღიარა მისი მოთხოვნა, შესაბამისად, პირველი სასარჩელო მოთხოვნის აღიარება ავტომატურად გამორიცხავდა მოსარჩელის მეორე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას. მოთხოვნები იყო ალტერნატიული და პირველი მოთხოვნის აღიარებით შეუძლებელი იყო მისი მეორე მოთხოვნის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 16 თებერვლის განჩინებით აპელანტ ლ. რ-შვილს იმავე საფუძვლებით კვლავ გაუგრძელდა საპროცესო ვადა 5 დღით.

2011 წლის 7 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მიმართა ლ. რ-შვილმა, რომელმაც განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის ამ საფუძვლით დადგენა და, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიუღებლობა დაუშვებელი იყო. იგი შესაძლებელია მიღებულ იქნას სასამართლოს სხდომაზე განხილვის შედეგად და სასამართლო გადაწყვეტილებით.

პალატამ განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეს დაეკისრა ლ. რ-შვილის სასარგებლოდ 1625 აშშ დოლარის გადახადა, ზ. ბ-შვილის საკუთრებაში სადავო ფართის გადაცემის სანაცვლოდ, ხოლო სააპელაციო საჩივრით აპელანტი ლ. რ-შვილი ითხოვდა ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც დაკმაყოფილებული იქნებოდა ზ. ბ-შვილის მოთხოვნა, ლ. რ-შვილის მიერ თანხის გადახდის სანაცვლოდ, ზ. ბ-შვილის მხრიდან სადგომის დათმობის შესახებ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 იანვრისა და ამავე წლის 16 თებერვლის განჩინებებით აპელანტს დაევალა, დაეზუსტებინა მოთხოვნა. აღნიშნული განჩინებებით აპელანტს ასევე განემარტა, რომ მოთხოვნა თავისი პროცესუალური თვალსაზრისით დაყენებული უნდა ყოფილიყო სარჩელით ან შეგებებული სარჩელით, ხოლო სააპელაციო საჩივრით დაუშვებელი იყო იმ მოთხოვნის დასმა, რაც სარჩელის ან შეგებებული სარჩელის სახით შეიძლებოდა დასმულიყო პირველი ინსტანციის სასამართლოში.

პალატამ მიუთითა, რომ, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა თავისი არსით წარმოადგენდა პირის მატერიალურ-სამართლებრივი უფლების რეალიზაციის საშუალებას, მოცემულ შემთხვევაში ასეთი მოთხოვნის დაყენება სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელი იყო. პალატის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოში დავის საგანი შეიძლება ყოფილიყო ის, თუ რამდენად სწორად, ანუ კანონშესაბამისად იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

პალატამ მიიჩნია, რომ ლ. რ-შვილმა სააპელაციო მოთხოვნა ვერ დააზუსტა ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნათა დაცვით, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. რ-შვილმა შემდეგი დასაბუთებით: განსახილველ დავაზე პირველი ინსტანციის სასამართლოში, მოსარჩელის პირველი სასარჩელო მოთხოვნის აღიარება ავტომატურად გამორიცხავდა მოსარჩელის მეორე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის მოთხოვნები ალტერნატიული იყო და პირველი მოთხოვნის აღიარებით შეუძლებელი იყო მისი მეორე მოთხოვნის დაკმაყოფილება. აქედან გამომდინარე, საქალაქო სასამართლოს მიერ მეორე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება იყო უსაფუძვლო და მან ამ გარემოებაზე დაყრდნობით წარადგინა სააპელაციო საჩივარი. აღნიშნული კი, საკმარის საფუძველს წარმოადგენდა იმისათვის, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმე განეხილა არსებითად.

გარდა ამისა, კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 იანვრის განჩინებაში მოყვანილ მოსაზრებას, იმის თაობაზე, რომ პირველ ინსტანციის სასამართლოში მას უნდა დაეყენებინა სარჩელი ან შეგებებული სარჩელი. მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ის განმარტავს, რომ მოსარჩელე ზ. ბ-შვილის მიერ მოთხოვნა დაყენებული იყო იმგვარად, რომ საჭიროებას არ წარმოადგენდა სარჩელის ან შეგებებული სარჩელის აღძვრა. ამასთან, მან ნაწილობრივ აღიარა სასარჩელო მოთხოვნა, თუმცა ვერ შეთანხმდა ზ. ბ-შვილთან თანხის გადახდის ვადაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. რ-შვილის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 იანვრისა და ამავე წლის 16 თებერვლის განჩინებებით ლ. რ-შვილს დაევალა, დაეზუსტებინა მოთხოვნა. აღნიშნული განჩინებებით აპელანტს ასევე განემარტა, რომ მოთხოვნა თავისი პროცესუალური თვალსაზრისით დაყენებული უნდა ყოფილიყო სარჩელით ან შეგებებული სარჩელით, ხოლო სააპელაციო საჩივრით დაუშვებელი იყო იმ მოთხოვნის დასმა, რაც სარჩელის ან შეგებებული სარჩელის სახით შეიძლებოდა დასმულიყო პირველი ინსტანციის სასამართლოში.

ლ. რ-შვილმა სააპელაციო საჩივრით (იხ.ტ.2, ს.ფ. 7-15) სადავოდ გახადა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ფართის ზ.ბ-შვილის საკუთრებაში მართლზომიერად გადაცემის საკითხი. ამავე საჩივარში ლ.რ-შვილმა მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს იმ მოტივით, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მის მიერ ნაწილობრივ იქნა აღიარებული, ხოლო პირველი სასარჩელო მოთხოვნის აღიარება ავტომატურად გამორიცხავდა მოსარჩელის მეორე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ აპელანტ ლ.რ-შვილის მოთხოვნა თავისი არსით წარმოადგენდა პირის მატერიალურ-სამართლებრივი რეალიზაციის საშუალებას და ასეთი მოთხოვნის დაყენება სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის ,ე” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს მითითებას, იმის თაობაზე, თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვს სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი, ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლო ვალდებულია, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებამდე შეამოწმოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის კანონითYგათვალისწინებული წინაპირობები (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 308-ე, 365-ე, 366-ე, 368-ე, 370-ე მუხლები). რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის (მოცემულ შემთხვევაში- უნდა დაკმაყოფილებულიყო თუ არა სარჩელი) ფაქტობრივ და იურიდიულ დასაბუთებას, ასევე პროცესუალური უფლებების მხარის მიერ კანონიერ გამოყენებას, აღნიშნულს შეფასება უნდა მიეცეს საქმის არსებითად განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა სააპელაციო საჩივრით სადავოდ გახადა მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის მართლზომიერების საკითხი. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას, რომ სააპელაციო პალატის ზემოთ მითითებული მოსაზრება წარმოადგენს არა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიაზე, არამედ საქმის არსებითი განხილვისას გადასაწყვეტ საკითხს.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს. სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას მხედველობაში უნდა მიიღოს ზემოთ მითითებული გარემოებები და შესაბამისად გადაწყვიტოს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. რ-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 მარტის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.