Facebook Twitter

ას-491-460-2010 5 ივლისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ლ. ლაზარაშვილი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ გ. დ-ია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ამხანაგობა “ვ-ი 66/90” (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა

დავის საგანი – ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. დ-იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ამხანაგობა “ვ-ი 66/90-ის” მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2001 წლის 16 სექტემბერს მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ თავდაპირველად 20 000 აშშ დოლარის, ხოლო მშენებლობის დასრულებისას დამატებით 5000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ შეიძინა ქ.თბილისში, ... ქ.¹66-ში მშენებარე საცხოვრებელი ბინა და ავტოფარეხი. თავდაპირველი შენატანი მან გადაიხადა, რაც დადასტურებულია ამხანაგობის იმჟამინდელი თავმჯდომარის მიერ, თუმცა მოგვიანებით გ. დ-იამ შეიტყო, რომ მისი ბინა განაწილდა ამხანაგობის სხვა წევრებზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გ. დ-ია ამხანაგობის წევრი არ ყოფილა. ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება მის მიერ სადავო უძრავი ნივთის სანაცვლოდ 20 000 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით გ. დ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით გ. დ-იას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით გ. დ-იას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ამხანაგობა “ვ-ი 66/90-ს” დაევალა, გ. დ-იას საკუთრებაში გადასცეს ქ.თბილისში, ... ქ¹66-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულზე არსებული 163 კვ.მ ოთხოთახიანი ბინა და პირველ სართულზე არსებული ავტოსადგომი, ხოლო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 4 დეკემბრის განჩინებით ამხანაგობა “ვ-ი 66/90-ის” საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად და სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

გ. დ-იამ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა კანონიერ ძალაში შესული 2008 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 აპრილის განჩინებით გ. დ-იას განცხადება არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლისა და 263-ე მუხლის პირველი ნაწილის სამართლებრივი ანალიზით სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ სასამართლო უფლებამოსილია, დაადგინოს გადაწყვეტილების აღსრულების კონკრეტული წესი და საშუალება, რომლის შესახებაც უნდა აღინიშნოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში, ასევე უფლებამოსილია, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, შეცვალოს გადაწყვეტილების აღსრულებისათვის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესი ან საშუალება.

პალატის მითითებით, გ. დ-იას მიერ ამხანაგობა “ვ-ი 66/90-ის” წინააღმდეგ აღძრული სარჩელის საგანს წარმოადგენდა მხარეთა შორის არსებული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება _ კონკრეტული ნივთის საკუთრებაში გადაცემა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რა გ. დ-იას სარჩელი, ამხანაგობა “ვ-ი 66/90-ს” დაევალა ქ.თბილისში, ... ¹66-ში ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულზე არსებული 163 კვ.მ ფართის ოთხოთახიანი ბინის და პირველ სართულზე არსებული ავტოსადგომის გ. დ-იას საკუთრებაში გადაცემა. ამდენად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რაც გამოიხატებოდა მოსარჩელისათვის ქონების ნატურით გადაცემაში. სასამართლომ მიიჩნია, რომ 2008 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლით გათვალისწინებული აღსრულების რაიმე კონკრეტული წესი ან საშუალება არ განსაზღვრულა, შესაბამისად, მისი შეცვლის საფუძველიც არ არსებობს.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული ნივთის გადაცემის ნაცვლად, მისი შესრულების შეუძლებლობის გამო, არსებული საბაზრო ღირებულების ანაზღაურების დაკისრება სცილდება გადაწყვეტილების აღსრულების წესისა და საშუალების შეცვლისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლით დადგენილ შემთხვევებს.

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 მარტის განჩინებით გ.დ-იას წარმომადგენლების განცხადება დაკმაყოფილდა და, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო ამხანაგობა “ვ-ი 66/90-ის” საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებას _ ქ.თბილისში, .... ¹6-ში მდებარე მშენებარე 436 კვ.მ მანსარდას. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლით და მიიჩნია, რომ 2010 წლის 24 მარტის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა გადაწყვეტილების აღსრულების წესის შეცვლის თაობაზე გ. დ-იას განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების დადგენილი წესით აღსრულების ხელშეწყობა. წინამდებარე განჩინებით გ. დ-იას უარი ეთქვა რა განცხადების დაკმაყოფილებაზე, 2010 წლის 24 მარტის განჩინებით დაშვებული უზრუნველყოფის ღონისძიების საფუძველიც აღარ არსებობს, რის გამოც, პალატის მოსაზრებით, იგი უნდა გაუქმდეს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე გ. დ-იამ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულების წესის იმ ნაწილში შეცვლა, რომლითაც ამხანაგობას დევალა ქ.თბილისში, ... ¹66-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულზე არსებული 163 კვ.მ ოთხოთახიანი ბინისა და პირველ სართულზე არსებული ავტოსადგომის გ. დ-იას საკუთრებაში გადაცემა, ამხანაგობას დაეკისროს გადასაცემი ქონების საბაზრო ღირებულების _ 156 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სადავო უძრავი ქონება გადაეცა გ.დ-იას საკუთრებაში, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება ვერ აღსრულდა იმ მიზეზით, რომ მოპასუხემ საქმის წარმოების მსვლელობისას უკანონოდ გაყიდა ყადაღადადებული ბინა.

სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე და 263-ე მუხლები, როდესაც უარი უთხრა გ.დ-იას გადაწყვეტილების აღსრულების წესისა და საშუალების შეცვლაზე. პალატამ უგულებელყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე “აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ”, რომლითაც სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება. მხარეთა ეფექტური დაცვა და კანონიერების აღდგენა გულისხმობს ადმინისტრაციული უწყებების მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების აღსრულების ვალდებულებას. ამდენად, სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით უარი თქვა მართლმსაჯულების განხორციელებაზე და არ მიუთითა, თუ როგორ უნდა აღსრულდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. დ-იას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე და 263-ე მუხლები, რამაც გამოიწვია არაკანონიერი განჩინების გამოტანა.

მოცემულ შემთხვევაში გ. დ-ია ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების წესის შეცვლას იმგვარად, რომ მოპასუხე მხარეს, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკისრებული ოთხოთახიანი ბინისა და ავტოსადგომის გადაცემის ნაცვლად, დაეკისროს გადმოსაცემი ქონების საბაზრო ღირებულება _ 156000 აშშ დოლარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.

მითითებული ნორმა ემსახურება რა გადაწყვეტილების აღსრულებას, გულისხმობს სასამართლოს კომპეტენციას, გამოტანილი გადაწყვეტილების ფარგლებში იმსჯელოს მისი აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლაზე. ნორმის შინაარსიდან ნათლად იკვეთება კანონის დათქმა, რომ სასამართლოს შეუძლია, შეცვალოს უკვე დადგენილი აღსრულების საშუალება და წესი. ამასთან, გადაწყვეტილების აღსრულების წესი ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით მკაფიოდ უნდა განისაზღვროს, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მიხედვით, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესსა და ვადას, ან მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ამის შესახებ მითითებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემული ნორმა ადგენს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით განსაზღვრული აღსრულების წესის შეცვლის შესაძლებლობას. კერძო საჩივრის ავტორი კი ითხოვს გადაწყვეტილების იმგვარად აღსრულებას _ მის მიერ განსაზღვრული ქონების საბაზრო ღირებულების მხარისათვის დაკისრებას, რაზედაც გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლოს არ უმსჯელია. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით გ. დ-იას სრულიად მართებულად ეთქვა უარი გადაწყვეტილების აღსრულების წესის შეცვლის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ გადაწყვეტილების აღსრულება მართლმსაჯულების შემადგენელი ნაწილია და მისი შესრულება უზრუნველყოფილია სახელმწიფოს მიერ. ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა გარანტირებულია კანონის სხვადასხვა ნორმებით, რომლებიც ავალდებულებს სასამართლოს, გამოიტანოს აღსრულებადი გადაწყვეტილება, რაც მოცემულ შემთხვევაში საეჭვო არ არის _ სასამართლომ მხარეს დააკისრა ქონების გადაცემა. ამავდროულად, მხარეს უფლება აქვს, კანონის ფარგლებში ხელი შეუწყოს და უფრო მეტად გარანტირებული გახადოს მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება, კერძოდ:

ქონების მიკუთვნების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებათა ეფექტური აღსრულება უზრუნველყოფილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 253-ე მუხლით, რომლის მიხედვით, ქონების ნატურით მიკუთვნების დროს სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს ამ ქონების ღირებულებაზე, რომელიც უნდა გადახდეს მოპასუხეს, თუ გადაწყვეტილების აღსრულებისას აღნიშნული ქონება მას არ აღმოაჩნდება. ამდენად, მხარე, რომელიც ითხოვს ქონების მიკუთვნებას, უფლებამოსილია, მოითხოვოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობის საშიშროებისას (ქონების განადგურება და სხვა) ამ ქონების ღირებულების განსაზღვრა. აღნიშნულით უზრუნველყოფილია გადაწყვეტილების რეალურად აღსრულება და მოსარჩელეს ამ ნორმის გამოყენების შემთხვევაში ქონების ღირებულების ანაზღაურების შესახებ სარჩელის ხელახლა აღძვრის საჭიროება არ წარმოეშობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. დ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.