ას-492-461-2010 21 ივნისი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. კვანტალიანი, ვ. როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ შპს “ლ. და კომპანია”
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ სს “ა.”
მოპასუხეები _ 1. ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურო; 2. სს “ა.”
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს რუსთავის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს “ა.” სარჩელი ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2005 წლის 8 აგვისტოს ქონების გადაცემის ოქმიდან ქონების ამორიცხვისა და მისი სს “ა.” დაბრუნების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2005 წლის 8 აგვისტოს ოქმიდან ამოირიცხა სარჩელით გათვალისწინებული შემდეგი ქონება: ჯოჯგინა ამწე; ბეტონის ამრევი; მეტალის ფორმა რიგელის; რკინის კარადა; გვერდითი ქვა; მეტალის ფორმა გადახურვის ფილის; მეტალის ფორმა გვერდითი ქვის ერთმაგი, კოლონის 14მ; საკედლე ბლოკის, ფუნდამენტის ბლოკის, მეტალის შიფერის საჭრელი აგრეგატი; ჩარხი ჩა-231; ჩარხი ფხშ-11; სასწორი; ელექტროშემდუღებელი აპარატი; შპს “ლ. და კომპანიას” უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა და სს “ა.” გადაეცა: ჯოჯგინა ამწე, ბეტონის ამრევი, რკინის კარადა, სასწორი, ელექტროშემდუღებელი აპარატი; სს “ა.” სარჩელზე მეტალის ფორმის 3 ცალი გვერდითი ქვის საკედლე პანელის, 3 ცალი მეტალის ფორმის საკედლე ქვის, 3 ცალი გადახურვის მეტალის ფორმის, ფუნდამენტის ბლოკის, მეტალის ფორმა რიგელის, მეტალის შიფერის დასამზადებელი აპარატისა და ორი ჩარხის გადაცემის მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა (ტომი 6, ს.ფ. 61-65).
პირველი ინსტანციის სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ლ. და კომპანიამ”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება (ტომი 6, ს.ფ. 99-114).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, აპელანტს _ შპს “ლ. და კომპანიას” დაევალა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში განესაზღვრა ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2005 წლის 8 აგვისტოს ოქმიდან ამორიცხული ნივთების საბაზრო ღირებულება, წარედგინა სადავო ნივთების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულება, გადაეხადა ამ ღირებულების 4%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟი (არანაკლებ 150 და არაუმეტეს 7 000 ლარი), აგრეთვე გადაეხადა 160 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟი უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ თითოეულ მოძრავ ნივთზე და ზემომითითებულ ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის დედანი წარედგინა სააპელაციო სასამართლოში (ტომი 7, ს.ფ. 2-4).
ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადაში, 2010 წლის 28 აპრილს, შპს “ლ. და კომპანიამ” სააპელაციო სასამართლოში წარადგინა განცხადება, რომელსაც თან დაურთო 160 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი.
ამასთან, განმცხადებელმა მიუთითა, რომ 2006 წელს სს “ა.” წარმომადგენელმა ვ. კ-ემ სასამართლოს წარუდგინა 2005 წლის 8 აგვისტოს აქტში ასახული სადავო ქონების ღირებულების დამადასტურებელი საბუთი, სადაც ცხრილში დაფიქსირებულია თითოეული მოძრავი ნივთის ღირებულება. ეს ღირებულება 2006 წლისათვის მთლიანობაში არ აღემატებოდა 2 000 ლარს. ამასთან დაკავშირებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნ. თედეშვილმა მიიღო განჩინება, რომლითაც მხარეს დაუდგინა ხარვეზი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “კ” ქვეპუნქტიდან გამომდინარე სადავო ქონების ღირებულება განსაზღვრა 4 000 ლარით. შესაბამისად, გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობამ სარჩელზე შეადგინა სადავო ქონების ღირებულების 3% _ 120 ლარი (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტი).
განმცხადებელმა ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ექსპლოატაციაში მიღებულ მოძრავ ქონებას 1990 წლიდან ერიცხება ცვეთა. ამიტომ, პრაქტიკულად, 2005 წლისათვის მათი ღირებულება განულებული იყო, რომ არაფერი ვთქვათ 2010 წელზე.
სადავო ქონების ღირებულების დამადასტურებელი საბუთის წარდგენის მოთხოვნასთან დაკავშირებით განმცხადებელმა აღნიშნა, რომ შპს “ლ. და კომპანიამ” სასამართლოს უკვე წარუდგინა 2005 წლის 8 აგვისტოს აქტში ასახული სადავო ქონების ღირებულების ცხრილი, რომელიც თან ერთვის მის სააპელაციო საჩივარს.
განმცხადებლის მოსაზრებით, რამდენადაც დავის საგნის ღირებულების განსაზღვრა შეუძლებელია, უფრო მეტიც, ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი მოპარულია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “კ” ქვეპუნქტის საფუძველზე სადავო ქონების ღირებულება განისაზღვრება 4 000 ლარით. აქედან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “კ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი თანხა შეადგენს 160 ლარს (4 000 ლარის 4%), რაც გადახდილია (ტომი 7, ს.ფ. 10-12).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის განჩინებით შპს “ლ. და კომპანიის” სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ აპელანტმა არ გამოასწორა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, რაც იმაში გამოიხატა, რომ მან არ განსაზღვრა ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2005 წლის 8 აგვისტოს ოქმიდან ამორიცხული ნივთების საბაზრო ღირებულება, არ წარადგინა სადავო ნივთების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულება და არ გადაიხადა ამ ღირებულების 4%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟი. გარდა ამისა, აპელანტმა არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ თითოეულ მოძრავ ნივთზე 160 ლარის ოდენობით. ამ უკანასკნელმა წარადგინა მხოლოდ 160 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (ტომი 7, ს.ფ. 25-27).
სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 30 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს “ლ. და კომპანიამ”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, შემდეგი საფუძვლებით:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით მხარეებს განემარტათ, რომ ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის, რომლითაც დადგინდა შპს “ლ. და კომპანიას” უკანონო მფლობელობიდან რიგი ნივთების გამოთხოვა და სს “ა.” გადაცემა, გასაჩივრება შესაძლებელი იყო კერძო საჩივრის მეშვეობით. აქედან გამომდინარე, შპს “ლ. და კომპანიას” გადაწყვეტილების აღნიშნული ნაწილი სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია. მხარემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2005 წლის 8 აგვისტოს ოქმიდან ამოირიცხა სარჩელით გათვალისწინებული ქონება. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განსაზღვრა უნდა მომხდარიყო მხოლოდ გასაჩივრებული ნაწილით გათვალისწინებული დავის საგნის ღირებულებიდან, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
კერძო საჩივრის ავტორი არასწორად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ თითქოს შპს “ლ. და კომპანიამ” სასამართლოში არ წარადგინა სააღსრულებო ბიუროს ოქმიდან ამოსარიცხი ქონების საბაზრო ღირებულება. სინამდვილეში ხარვეზის შევსების შესახებ შპს “ლ. და კომპანიის” განცხადებას თან ერთვის ამ ქონების საბაზრო ღირებულების ცხრილი. გარდა ამისა, 2006 წელს მოწინააღმდეგე მხარე სს “ა.” რუსთავის საქალაქო სასამართლოში ასევე წარადგინა დასახელებული ცხრილი, რომლის მიხედვით, სადავო ქონების ღირებულება მთლიანობაში არ აღემატება 2 000 ლარს. აღნიშნულის გამო, მოსამართლემ მიიღო განჩინება, რომლითაც მხარეს დაუდგინა ხარვეზი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “კ” ქვეპუნქტიდან გამომდინარე სადავო ქონების ღირებულება განსაზღვრა 4 000 ლარით. შესაბამისად, გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობამ სარჩელზე შეადგინა სადავო ქონების ღირებულების 3% _ 120 ლარი (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტი).
ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება არამართლზომიერია (ტომი 7, ს.ფ. 30-33).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის განჩინება, შპს “ლ. და კომპანიის” სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას იმის შესახებ, რომ მას სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი, რომლითაც დადგინდა შპს “ლ. და კომპანიის” უკანონო მფლობელობიდან რიგი ნივთების გამოთხოვა და სს “ა.” გადაცემა. ამასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს ს.ფ. 99-114-ზე (ტომი 7) განთავსებულ შპს “ლ. და კომპანიის” სააპელაციო საჩივარზე, სადაც აპელანტი აღნიშნავს, რომ 2009 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით საჩივრდება მთლიანად. აღნიშნულ მსჯელობას ვერ შეცვლის გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტში არსებული მითითება გადაწყვეტილების ზემოთ დასახელებული ნაწილის კერძო საჩივრით გასაჩივრების საპროცესო შესაძლებლობაზე. აღნიშნული ცდომილების მიუხედავად, სააპელაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, სრულიად ცხადია, რომ აპელანტი სადავოდ ხდის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას მთლიანად და არა მის რომელიმე კონკრეტულ ნაწილს. ამასთან, სააპელაციო წესით გასაჩივრების შემდგომ აპელანტს სააპელაციო საჩივრის რომელიმე მოთხოვნაზე უარი არ განუცხადებია. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ მას სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაევალა იმ მოთხოვნის ნაწილში, რომელიც არ გაუსაჩივრებია, საფუძველს მოკლებულია.
მიუხედავად ამისა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში შპს “ლ. და კომპანიის” სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი საჭიროებს ხელახალ შემოწმებას.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 19 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზის აპელანტის მიერ შეუვსებლობა (ტომი 7, ს.ფ. 25-25).
საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად აპელანტმა სააპელაციო სასამართლოში წარადგინა განცხადება, რომელსაც თან დაურთო 160 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. ამასთან, აპელანტმა მიუთითა, რომ სასამართლოს უკვე წარუდგინა 2005 წლის 8 აგვისტოს აქტში ასახული სადავო ქონების ღირებულების ცხრილი, რომელიც თან ერთვოდა სააპელაციო საჩივარს, ცხრილში დაფიქსირებული იყო თითოეული მოძრავი ქონების ღირებულება, რომელიც 2006 წლისათვის მთლიანობაში არ აღემატებოდა 2 000 ლარს. განმცხადებლის მოსაზრებით, ამ დროისათვის დავის საგნის ღირებულების განსაზღვრა შეუძლებელია. შესაბამისად, ეს ღირებულება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “კ” ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა განისაზღვროს 4 000 ლარით, რომლის 4% შეადგენს 160 ლარს (ტომი 7, ს.ფ. 10-12).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლიდან გამომდინარე, საქმეზე დავის საგნის ფასის მითითების ვალდებულება უწინარესად მოსარჩელეს (აპელანტს) აკისრია. თუკი მოსარჩელის მიერ მითითებული ფასი აშკარად არ შეესაბამება სადავო ქონების რეალურ ღირებულებას, დავის საგნის ფასს განსაზღვრავს მოსამართლე სადავო ქონების საბაზრო ღირებულების მიხედვით. აღნიშნული ნორმა ადგენს წესს, რომლის მიხედვით დავის საგნის (სარჩელის საგნის) ღირებულების განსაზღვრის მოვალეობა ეკისრება მოსარჩელეს, ხოლო აღნიშნული ფასის სადავო ქონების რეალურ ღირებულებასთან შეუსაბამობის შემთხვევაში შემდგომ საპროცესო მოქმედებად გათვალისწინებულია თავად სასამართლოს მიერ დავის საგნის ფასის განსაზღვრა და არა სარჩელის (სააპელაციო საჩივრის) განუხილველად დატოვება. ამგვარი რამ არ გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან. მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებაში მიუთითა მის მიერ განსაზღვრული დავის საგნის ფასი და გადაიხადა შესაბამისი სახელმწიფო ბაჟი _ 160 ლარი. თუკი სააპელაციო სასამართლო არ ეთანხმებოდა აპელანტის მიერ განსაზღვრული დავის საგნის ფასს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის თანახმად თავად იყო ვალდებული, განესაზღვრა დავის საგნის ფასი და შესაბამისად დასაკისრებელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა. ამიტომ ასეთ შემთხვევაში არსებობდა აპელანტისათვის ხარვეზის ვადის გაგრძელების და არა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა შპს “ლ. და კომპანიისათვის” სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი თანხა ვინდიკაციური სარჩელის მოთხოვნისათვის (სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი). ასეთი სარჩელის მოთხოვნის ფასი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის “კ” ქვეპუნქტის თანახმად უნდა განსაზღვრულიყო 4 000 ლარით და არა უკანონო მფლობელობიდან გამოსათხოვი ცალკეული ნივთების ღირებულებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის ვადის გაგრძელების და არა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.