Facebook Twitter

ას-497-471-2011 16 მაისი, 2011 წელი ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბ. ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ჯ. ჩ-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სს «... ბანკი» (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – დავალიანების გადახდევინება, ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს «... ბანკმა» სარჩელი აღძრა სასამართლოში ჯ. ჩ-ასა და შპს «...ს» მიმართ ჯ. ჩ-ასათვის ¹77828 საბანკო მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების _ 41327.78 აშშ დოლარის, ოვერდრაფტით მიღებულ თანხაზე 7850,42 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების, 41327.78 აშშ დოლარისა და 7850.42 აშშ დოლარის დაფარვის მიზნით, ჯ. ჩ-ას სახელზე რიცხული გირავნობის საგნის (ავტომანქანა «ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადო 2.7», სანომრე ნიშანი «...») რეალიზაციის, ჯ. ჩ-ასა და შპს «...სათვის» ¹523550-190479 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სოლიდარულად დავალიანების _ 98594.16 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებისა და აღნიშნული დავალიანების დაფარვის მიზნით, ჯ. ჩ-ას საკუთრებაში არსებული მცხეთის რაიონის სოფელ ... მდებარე (საკადასტრო კოდი ¹...) იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის მოთხოვნით.

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს «... ბანკის» სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ჯ. ჩ-ას მოსარჩელე სს «... ბანკის» სასარგებლოდ დაეკისრა 2006 წლის პირველი სექტემბრის ¹77828 საბანკო მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების _ 41327.78 აშშ დოლარის და ოვერდრაფტით მიღებულ თანხებზე დავალიანების _ 7850,42 აშშ დოლარის გადახდა, 2006 წლის პირველი სექტემბრის საბანკო მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების _ 41327.78 აშშ დოლარისა და ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების _ 7850.42 აშშ დოლარის დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა ჯ. ჩ-ას სახელზე რიცხული გირავნობის საგანი _ ავტომანქანა, «ტოიოტა ლენდკრუიზერი პრადო 2.7», (ფერი _ რუხი 1/8, გამოშვების წელი _ 2006, სანომრე ნიშანი _ ..., საიდენტიფიკაციო ნომერი _ ..., ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა _ ...), მოპასუხეებს: ჯ. ჩ-ასა და შპს «...ს» მოსარჩელე სს «... ბანკის» სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2007 წლის 2 მაისის იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების _ 98594.16 აშშ დოლარის გადახდა, აღნიშნული დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა ჯ. ჩ-ას სახელზე რეგისტრირებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება (მდებარე მცხეთის რაიონის სოფელ ..., 950 კვ.მ დაზუსტებული ფართობის შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი ლიტერ «ა», საცხოვრებელი ფართი: 54.00 კვ.მ და დამხმარე ფართი: 99.00 კვ.მ, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი ...).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ჯ. ჩ-ამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 თებერვლის განჩინებით ჯ. ჩ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი გარემოებების გამო:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება ჯ. ჩ-ას გაეგზავნა შესაგებელში მითითებულ მისამართზე _ ქ.თბილისში, ..... 14, ბინა ¹1 და 2011 წლის 20 იანვარს აღნიშნულ მისამართზე სასამართლო კორესპოდენცია ჩაბარდა აპელანტის შვილს _ გ. ჩ-ას.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე და 74-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ ჯ. ჩ-ას ოჯახის ქმედუნარიანი წევრისათვის სასამართლო შეტყობინების 2011 წლის 20 იანვარს ჩაბარება მიიჩნევა ჯ. ჩ-ასათვის ამავე დღეს ჩაბარებად.

პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლზე და განმარტა, რომ კანონმდებლობით დადგენილი სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 21 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 3 თებერვალს, ხოლო ჯ. ჩ-ამ სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა 2011 წლის 7 თებერვალს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ჯ. ჩ-ამ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შემოწმება შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ 2011 წლის 20 იანვარს ჯ. ჩ-ას შვილისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ჯ. ჩ-ასათვის ჩაბარებად მიიჩნია არასწორად, რადგანაც 2010 წლის დეკემბრიდან ჯ. ჩ-ა წამოსულია ოჯახიდან, აღარ ცხოვრობს ამ მისამართზე, ამასთან, გამოცვალა მობილური ტელეფონის ნომერი, რაც გამორიცხავს ოჯახის წევრის მიერ ჯ. ჩ-ასათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების თაობაზე დროულ ინფორმირებას. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მან სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა სასამართლო შეტყობინების გადაცემის მეორე დღესვე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. ჩ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

მოცემული საქმის მასალების მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება მოპასუხე ჯ. ჩ-ას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა მოპასუხის მიერ შესაგებელში მითითებულ მისამართზე და 2011 წლის 20 იანვარს აღნიშნული შეტყობინება ჩაბარდა ჯ. ჩ-ას ოჯახის ქმედუნარიან წევრს, შვილს _ გ. ჩ-ას (ტ.I, ს.ფ. 195).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, რაც უწყების ადრესატისათვის ჩაბარებულად მიჩნევისა და საპროცესო ვადის დენის დასაწყებად საკმარისი საფუძველია.

ამდენად, დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, კანონმდებელი სასამართლო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარებულად მიიჩნევს იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი საქმეში არსებულ მისამართზე ჩაბარდა კანონით გათვალისწინებულ ერთ-ერთ სუბიექტს, მათ შორისაა ოჯახის ქმედუნარიანი წევრი.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ მან შეიცვალა მისამართი და ტელეფონის ნომერი და ოჯახის წევრი ჯ.ჩ-ას დროულად ვერ აცნობებდა სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების თაობაზე, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით რეგლამენტებულია მხარისა და მის წარმომადგენლის ვალდებულება, მისამართის შეცვლის თაობაზე აცნობოს სასამართლოს. დასახელებული ნორმის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან, აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. დასახელებული ნორმა იმპერატიულად მოითხოვს სამოქალაქო პროცესის სუბიექტებისაგან საქმის წარმოების განმავლობაში მისამართის შეცვლის თაობაზე სასამართლოს ინფორმიერების სავალდებულობას. იმ შემთხვევაში, თუ მხარე დროულად არ აცნობებს მისამართის შეცვლის თაობაზე სასამართლოს, სასამართლო ამ მისამართზე შეტყობინების თუნდაც სხვა პირისათვის ჩაბარებას ადრესატისათვის ჩაბარებად მიიჩნევს. თავის მხრივ, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი გამომდინარეობს სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან, რათა სამართალწარმოების ერთ-ერთი მხარის მიერ მისამართის შეუტყობინებლობას შედეგად არ მოჰყვეს მართლმსაჯულების გაჭიანურება და ამავე დავის მეორე მხარის ინტერესების დაუსაბუთებელი შელახვა.

დასახელებული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატა საპატიოდ ვერ მიიჩნევს ჯ. ჩ-ას მითითებას მისამართისა და ტელეფონის ნომრის შეცვლის თაობაზე, რადგანაც სასამართლოს ინფორმირების ფაქტი, რომ მოპასუხემ მისამართი შეიცვალა, საქმის მასალებით არ დასტურდება და ამის თაობაზე არც კერძო საჩივრის ავტორს მიუთითებია, უფრო მეტიც, საპროცესო ვადის დარღვევით წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარსა და კერძო საჩივარშიც ჯ. ჩ-ა სწორედ იმ მისამართს მიუთითებს, სადაც მას გაეგზავნა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქალაქო სასამართლოსათვის უცნობი იყო ჯ. ჩ-ას ახალი მისამართის თაობაზე, გასაჩივრებული გადაწყეტილების შესაგებელში მითითებულ მისამართზე გაგზავნა მხარის კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ინფორმირებას გულისხმობს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დენა ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე დაიწყო ადრესატის ოჯახის ქმედუნარიანი წევრისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარების დღის მომდევნო დღეს _ 2011 წლის 21 იანვარს და ამოიწურა 3 თებერვალს. საქმეში წარმოდგენილი კერძო საჩივარი საფოსტო განყოფილებას გადაეცა 2011 წლის 7 თებერვალს (ტ.I, ს.ფ.208), სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით, რაც ჯ. ჩ-ას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვენის უტყუარი საფუძველი იყო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჯ. ჩ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.