Facebook Twitter

ბს-122-95-კ-05 8 ივნისი, 2005 წ.,

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი (მომხსენებელი),

ჯ. გახოკიძე

დავის საგანი: მიწის ნაკვეთის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობისა და მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

დ. ლ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების – გარდაბნის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს და მ. მ-ის მიმართ და მოითხოვა მ. მ-ზე გაცემული მიწის ნაკვეთის საკუთრების მოწმობის, სააღრიცხვო ბარათის და საკადასტრო რუკის გაუქმება, ასევე, დავალებოდა გარდაბნის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს დაეზუსტებინა მოსარჩელის მიწის ნაკვეთის საზღვრები და შეედგინა ახალი კადასტრული რუკა.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მიწის რეფორმის ფონდიდან 1996წ. 16 ივნისის ¹2353 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე საკუთრებაში გადაეცა გარდაბნის რაიონის ... სატყეოს ტერიტორიაზე, ¹18 კვარტალში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ¹14, ფართობით 600 კვ.მ, რომელზეც გაიცა მიწის ნაკვეთის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა. წლების განმავლობაში, სასაზღვრო მიჯნის აღმართვის მიზნით, დასმული ჰქონდა ბეტონის ბოძები, ამავე დროს, მოსარჩელეს დღემდე სრულად აქვს დაფარული მიწის სარეგისტრაციო მოსაკრებელი. 2003წ. ივლისში მისთვის ცნობილი გახდა, რომ დაბა ... მცხოვრები მ. მ-ი პრეტენზიას აცხადებდა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე იმ საფუძვლით, რომ გარდაბნის რაიონის მიწის მართვის სამმართველომ მიწა გადასცა საკუთრებაში და გააჩნდა მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა. მოგვიანებით გაარკვია, რომ მ. მ-ს 2002წ. დეკემბერში განცხადებით მიუმართავს გარდაბნის რაიონული სასამართლოსათვის და დაუდგენია იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ იგი დაბა ... მდებარე 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთს ფლობდა როგორც მამაპაპისეულს და გადაეცა ამ უკანასკნელს საკუთრებაში. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსასრულებლად გარდაბნის რაიონის მიწის მართვის სამმართველომ მოქ. მ. მ-ის საკუთრებაში აღრიცხა ... სატყეოს უბნის ტერიტორიაზე, კვარტალ ¹00-ში არსებული 2000 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ¹196 მიწის ნაკვეთი, რომელმაც ფაქტობრივად მოიცვა მისი 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

გარდაბნის მიწის მართვის სამმართველოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ მ. მ-ის სახელზე მიწის ნაკვეთი აღრიცხა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გასცა სასამართლოს 2002წ. 11 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო გააუქმებდა აქტებს, სამმართველო შესაბამის ცვლილებებს შეიტანდა ჩანაწერებში. სარჩელი არ ცნო მ. მ-მა და განმარტა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა მამაპაპისეულს, რომელზეც საკუთრების უფლება დაუდგინდა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე და მიწის მართვის სამმართველომ კანონიერად აღრიცხა მის სახელზე.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2003წ. 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დ. ლ-ის სარჩელი. გაუქმდა გარდაბნის მიწის მართვის სამმართველოს მიერ მ. მ-ის სახელზე გაცემული ¹196 მიწის ნაკვეთის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა, მიწის მართვის სამმართველოში არსებული ამ ნაკვეთის სააღრიცხვო ბარათი და საკადასტრო რუკა. დაევალა გარდაბნის მიწის მართვის სამმართველოს, დაეზუსტებინა დ. ლ-ის მიწის ნაკვეთის საზღვრები და შეედგინა ახალი საკადასტრო რუკა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მ. მ-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დ. ლ-მა დააზუსტა სარჩელის მოთხოვნა და მოითხოვა მიწის ნაკვეთის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის, სააღრიცხვო ბარათისა და საკადასტრო რუკის ბათილად ცნობა, აგრეთვე, დავალებოდა გარდაბნის მიწის მართვის სამმართველოს, უზრუნველეყო მისი მიწის ნაკვეთის საზღვრის დაზუსტება, გამიჯვნის სამუშაოების განხორციელება და ახალი კადასტრული რუკის შედგენა.

სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი. რაიონული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. დაკმაყოფილდა დ. ლ-ის დაზუსტებული სარჩელი.

სასამართლომ მიუთითა, რომ გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. მ-ს იურიდიული ფაქტის დადგენის საფუძველზე საკუთრებაში გადაეცა 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთი დაბა ... და აღნიშნა, რომ ვერ იმსჯელებდა იმ გარემოებაზე, თუ რამდენად ანიჭებდა პირს საკუთრების უფლებას ნივთზე უდავო წარმოების წესით მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ აღნიშნული გადაწყვეტილება არ იძლეოდა გადაცემული მიწის ნაკვეთის იდენტიფიკაციის საშუალებას, რადგან მითითებული არ არის ნაკვეთის საზღვრებისა და მდებარეობის შესახებ, რაც შეუძლებელს ხდის ამ ფაქტის რეგისტრაციას და შესაბამისი დოკუმენტების გაფორმებას. სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, ასევე “მიწის რეგისტრაციის შესახებ” კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, სარეგისტრაციო სამსახური ვალდებული იყო ჩაეტარებინა კადასტრული სამუშაოები, რაც დასახელებული კანონის მე-17 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გულისხმობდა გარკვეული ტერიტორიის ფარგლებში მიწის კადასტრის სამუშაოების ჩატარებას, უძრავი ქონების საზღვრების დასადგენად. ასევე უგულებელყოფილი იყო ამავე კანონის მე-11 მუხლის მოთხოვნები. სასამართლომ მიიჩნია, რომ მიწის კადასტრის სამუშაოების კანონით დადგენილი წესით ჩატარების გარეშე უძრავი ქონების რეგისტრაცია ეწინააღმდეგებოდა “მიწის რეგისტრაციის შესახებ” კანონის მე-17 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნას, ასევე დარღვეული იყო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნა მიწის კადასტრის სამუშაოების ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების თაობაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მიწის რეგისტრატორის მიერ “მიწის რეგისტრაციის შესახებ” კანონის მოთხოვნების უგულებელყოფამ გამოიწვია სადავო მიწის ნაკვეთზე არასწორი რეგისტრაცია, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. მ-მა, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას და დ. ლ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საკასაციო საჩივრის მოტივების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება დ. ლ-ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

საკასაციო პალატა უსაფუძვლობის მოტივით ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია სსკ-ის 394-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევით-სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. მ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვა რამდენჯერმე იყო დანიშნული სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, რის შესახებაც მხარეები გაფრთხილდნენ კანონით დადგენილი წესით. მიუხედავად ამისა, აპელანტი მ. მ-ი არ გამოცხადდა 29.04.2004წ., 16.06.2004წ, 21.07.2004წ, 06.10.2004წ. და 17.11.2004წ. სასამართლოს სხდომებზე. საქმეში არსებული შეტყობინებით დასტურდება, რომ მ. მ-ს 21 ოქტომბერს ჩაჰბარდა უწყება 17 ნოემბრის სხდომის შესახებ, ხოლო მის წარმომადგენელ პ. ბ-ეს _ გაეგზავნა დეპეშა. წარმომადგენლისათვის 17 ნოემბრის სხდომის თაობაზე ცნობილი რომ იყო, დასტურდება თვით მისი განცხადებით, რომლითაც იგი ითხოვდა სხდომის სხვა დროისათვის გადადებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას არ დაურღვევია სსკ-ის 394-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის მოთხოვნა.

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 1996წ. 14 ივნისს ¹2353 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე დ. ლ-ს საკუთრებაში გადაეცა 600 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გარდაბნის რაიონის ... სატყეოს ტერიტორიაზე. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე 2000წ. 9 მარტს დ. ლ-ზე გაიცა მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა. მიწის ნაკვეთისათვის მინიჭებულ იქნა შემდეგი ნუმერაცია: ... სატყეოს ტერიტორია, კვარტალი ¹00, ნაკვეთი ¹033.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. მ-ის სარჩელი და დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ მ. მ-ი ფლობს და სარგებლობს დაბა ... მდებარე მამაპაპისეულ 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთს და აღნიშნულ ნაკვეთზე დაუდგინდა მას საკუთრების უფლება. გადაწყვეტილების საფუძველზე გარდაბნის რაიონის მიწის მართვის სამმართველომ პირველადი რეგისტრაციის სახით 2003წ. 17 ივლისს მ. მ-ის საკუთრებაში აღრიცხა ... სატყეოს უბნის ტერიტორიაზე კვარტალ ¹00-ში არსებული 2000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ¹196 მიწის ნაკვეთი. ასევე დადგენილია, რომ მ. მ-ის სახელზე აღრიცხულმა 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთმა ფაქტობრივად მოიცვა დ. ლ-ის კუთვნილი 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, მაგრამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, თუ რამდენად წარმოადგენდა დ. ლ-ი სათანადო მოსარჩელეს იმ მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მოწმობისა და საკადასტრო რუკის ბათილად ცნობის ნაწილში, რომელიც არ მოიცავდა მოსარჩელის კუთვნილ 600 კვ.მ მიწის ნაკვეთს, კერძოდ, 1400 კვ.მ მიწის ნაწილში, რამდენადაც დადგენილია რომ დ. ლ-ის საკუთრებაში ირიცხება 600 კვ.მ ნაკვეთი, ხოლო მ. მ-ის საკუთრებაში _ 2000 კვ.მ. ასევე დადგენილია, რომ მ. მ-ის სახელზე გაცემული სარეგისტრაციო მოწმობა და საკადასტრო რუკა მოიცავს დ. ლ-ის საკუთრებაში არსებულ 600 კვ.მ ნაკვეთს. ამდენად, მ. მ-ისა და დ. ლ-ის მიწის ნაკვეთების თანხვედრა ხდება იმ ოდენობის მიწის ნაკვეთზე, რა ოდენობაც გააჩნია დ. ლ-ს და სწორედ ამ ოდენობის მიწის ნაკვეთის ნაწილში ირღვევა მისი უფლება და ამ ნაწილში წარმოადგენს ის სათანადო მოსარჩელეს, დანარჩენ 1400 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში, რომელიც არ მოიცავს (არ ემთხვევა) მის კუთვნილ 600 კვ.მ მიწის ნაკვეთს, ის არასათანადო მოსარჩელეს წარმოადგენს და მას უარი უნდა ეთქვას მ. მ-ის სარეგისტრაციო მოწმობის 1400 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში ბათილად ცნობის მოთხოვნაზე, ასკ-ის 22.2 მუხლის საფუძველზე.

საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქმის განმხილველმა სასამართლოებმა (გარდაბნის და თბილისის საოლქო სასამართლოები) გააუქმეს გარდაბნის რაიონული სასამართლოს 11.03.2002წ. ¹2-232 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, ვინაიდან არც რაიონული სასამართლოს და არც საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ მიუთითებს გარდაბნის რაიონული სასამართლოს 11.09.2002წ. გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე. უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლო არ მსჯელობს (არ აფასებს) გარდაბნის რაიონული სასამართლოს 11.03.2002წ. გადაწყვეტილების კანონიერებაზე და მიუთითებს, რომ მისი განხილვის საგანს არ წარმოადგენს, თუ რამდენად სწორად დაუდგინდა მ. მ-ს უდავო წარმოების წესით საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მაგრამ აღნიშნავს, რომ 11.09.2002წ. გადაწყვეტილებით დადგენილი არ ყოფილა მ. მ-ის მიწის ნაკვეთის საზღვრები, რის გამო გარდაბნის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს სარეგისტრაციო სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა “მიწის რეგისტრაციის შესახებ” კანონით გათვალისწინებული წესითა და პროცედურების დაცვით. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებს საკასაციო პალატაც, რადგან დადგენილია, რომ ორივე მიწის ნაკვეთი (დ. ლ-ის და მ. მ-ის) მდებარეობს ... სატყეოს უბანზე, კოდი ¹23, კვარტალი 00 და “მიწის რეგისტრაციის შესახებ” კანონის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რეგისტრატორს მიწის ნაკვეთის საზღვრები უნდა დაეფიქსირებინა მოსაზღვრე მხარეების შეთანხმებისა და სათანადო წესით შესრულებული კადასტრული სამუშაოების ჩატარების საფუძველზე, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა. სარეგისტრაციო სამსახურის მიერ კანონის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, დ. ლ-ის კუთვნილი 600 კვ.მ ნაკვეთი ასევე დარეგისტრირდა მ. მ-ის საკუთრებად, რითაც შეილახა დ. ლ-ის საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე და განაპირობა განსახილველი დავის წარმოშობა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 17 ნოემბრის გადაწყვეტილება მ. მ-ზე 17.07.03 წელს გარდაბნის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიერ გაცემული ¹196 მიწის ნაკვეთის საკუთრების მოწმობის 1400 კვ.მ ნაწილში და ამავე ოდენობის მიწის ნაკვეთზე სააღრიცხვო ბარათისა და საკადასტრო რუკის ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. დ. ლ-ის სარჩელი მ. მ-ზე 17.07.03 წელს გარდაბნის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიერ გაცემული ¹196 მიწის ნაკვეთის საკუთრების მოწმობის 1400 კვ.მ-ის და ამავე ოდენობის მიწის ნაკვეთზე სააღრიცხვო ბარათისა და საკადასტრო რუქის ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

4. მ. მ-ის საკასაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

5. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 17 ნოემბრის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;

6. დ. ლ-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით;

7. მ. მ-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით;

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.