Facebook Twitter

¹ას-50-49-2010 15 მარტი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე)

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ რ. და მ. შ-ძეები (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ე.-ჯ.” (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 დეკემბრის განჩინება

სარჩელის დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 22 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა შპს “ე.-ჯ.” მოპასუხე რ. და მ. შ-ძეების, როგორც სოლიდარული კრედიტორების მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულია, რომ რ. შ-ძე ავტომანქანას დიდი სიჩქარით მართავდა ალკოჰოლური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. მან შპს “ე.-ჯ.” კუთვნილი ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიაზე ვერ დაიმორჩილა ავტომანქანა და შეეჯახა სადგურის ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიას, რის შედეგადაც შპს “ე.-ჯ.” მიადგა მატერიალური ზიანი. მოსარჩელის განცხადებით ზეპირი და სატელეფონო მოთხოვნის მიუხედავად რ. შ-ძე არ ასრულებდა ვალდებულებას. ავტომანქანის მესაკუთრეს წარმოადგენდა მ. შ-ძე (ს.ფ. 21-34).

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს “ე.-ჯ.” სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს _ რ. შ-ძესა და მ. შ-ძეს შპს “ე.-ჯ.” სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ ზიანის ანაზღაურება 4275,32 ლარის ოდენობით. სასამართლომ მიიჩნია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა მაღაზიის სავიტრინე შუშები, მაღაზიაში არსებული ნივთები და პროდუქტები, რამაც მოსარჩელეს მიაყენა მატერიალური ზიანი (ს.ფ.146-155).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს რ. და მ. შ-ძეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად. აპელანტები მიუთითებდნენ, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის მასალები და დაეყრდნო მტკიცებულებას, რომელიც საქმეში არ ყოფილა წარმოდგენილი. აპელანტების მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიკვლია იმ თანხის ოდენობის მართზომიერების საკითხი, რასაც ითხოვდა მოსარჩელე ზიანის ასანაზღაურებლად (ს.ფ. 162-171).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 დეკემბრის განჩინებით რ. და მ. შ-ძეების სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი რ. შ-ძის ოჯახის წევრს ჩაჰბარდა 2009 წლის 25 ნოემბერს, ხოლო მ. შ-ძეს _ 2009 წლის 26 ნოემბერს. სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 2009 წლის 15 დეკემბერს, გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ (ს.ფ. 178-182).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 29 დეკემბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ კერძო საჩივრით გაასაჩივრეს რ. და მ. შ-ძეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორები მიუთითებენ, რომ მათ მიერ სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა 2009 წლის 9 დეკემბერს საკურიერო სამსახურ “ფარავანის” მეშვეობით, საპროცესო ვადის ამოწურვამდე 1 დღით ადრე და მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო საქმეში არ მოიპოვება სააპელაციო საჩივრის კონვერტი, რომელზეც აღნიშნულია სააპელაციო საჩივრის ფოსტაში შეტანის ვადა (ს.ფ. 189-190).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 დეკემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების ასლი რ. შ-ძის ოჯახის წევრს ჩაჰბარდა 2009 წლის 25 ნოემბერს, ხოლო მ. შ-ძეს _ 2009 წლის 26 ნოემბერს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შესატანად დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების 14-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში რ. შ-ძის მიმართ დასრულდა 2009 წლის 9 დეკემბერს, ხოლო მ. შ-ძის მიმართ 2009 წლის 10 დეკემბერს. აპელანტებმა სააპელაციო საჩივარი წარადგინეს 2009 წლის 15 დეკემბერს, ანუ გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლი ასევე მიუთითებს, რომ, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორების მსჯელობა, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში შევიდა ფოსტის მეშვეობით. საქმის მასალების თანახმად სააპელაციო საჩივარი სასამართლოში შესულია საფოსტო კონვერტის გარეშე. კერძო საჩივარზე თანდართული საკურიერო სამსახურ “ფ.” წერილი ასევე არ წარმოადგენს იმ მტკიცებულებას, რომლითაც უტყუარად შეიძლება დადასტურდეს სააპელაციო საჩივრის ფოსტის მეშვეობით გაგზავნა. მოცემული წერილის შინაარსიდან არ ირკვევა, არის თუ არა აღნიშნული საკურიერო სამსახური საფოსტო დაწესებულება, რა კორესპონდენცია ჩაჰბარდა მას, წერილი არ შეიცავს კორესპონდენციის ჩამბარებლის ხელმოწერას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. და მ. შ-ძეებმა გაუშვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა, რის გამოც სააპელაციო საჩივარი სწორად იქნა დატოვებული განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რ. და მ. შ-ძეების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 დეკემბრის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.