ას-505-474-10 15 ივლისი, 2010 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სს “უ-ი” - დირექტორი დ. დ-შვილი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს “ე-ა” (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 30 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 15 ივლისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა სს „ე-ამ“, მოპასუხედ დაასახელა სს „უ-ი“ და მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სს „ე-ას“ კუთვნილი ქონების გამოთხოვა და ამ მიზნით ყოფილი მოიჯარის მხრიდან მესაკუთრისათვის ქონების დაბრუნებაზე ხელშეშლის აკრძალვა მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სს „უ-იდან“, სს „ე-ას“ სასარგებლოდ გამოითხოვილ იქნა 10 ცალი „ჩარტერის“ წარმოების და 1 ცალი „ვაუმაქტს“ წარმოების კონდიციონერი, 1 ცალი ძაბვის გამმართველი, ზღუდარები, ფარდა ჟალუზები და 29.06.07 ხელშეკრულების დანართში ჩამოთვლილი სხვა ქონება; ამ მიზნით სს „უ-ს“ აეკრძალა მესაკუთრისათვის ქონების გამოტანის ხელშეშლა; სს „უ-ს“, სს „ე-ას“ სასარგებლოდ დაეკისრა 120 ლარის გადახდა.
დასახელებულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა სს „უ-ის“ დირექტორმა დ. დ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.
სამოქალაქო საქმეთა პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში შევიდა ხარვეზით, კერძოდ, იგი წარმოდგენილი არ იყო ნაბეჭდი სახით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებულ ფორმის ახალი ნიმუშის შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი სათანადო რაოდენობით, ასევე არ იყო წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება.
აღნიშნული ხარვეზის შესავსებად აპელანტს, 2010 წლის 12 თებერვლის განჩინებით მიეცა ვადა 5 დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან და განემარტა, რომ, თუ დანიშნულ ვადაში ხარვეზს არ შეავსებდა, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
2010 წლის 4 მარტს, სასამართლოს განცხადებით მომართა აპელანტმა, წარმოადგინა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ახალი ნიმუშის შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 10 მარტის განჩინებით სს „უ-ის“ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და აპელანტს გაუგრძელდა ამავე სასამართლოს 2010 წლის 12 თებერვლის განჩინებით, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა განჩინების ასლის გადაცემიდან 5 დღით. მასვე განემარტა, თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსებოდა, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი აპელანტს გაეგზავნა და ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით; მიუხედავად აღნიშნულისა, ხარვეზი არ შევსებულა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 30 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
პალატამ დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შევიდა ხარვეზით და ხარვეზის შესავსებად აპელანტს განესაზღვრა ვადა 5 დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან.
დადგენილია, რომ აპელანტის მიერ ხარვეზი ნაწილობრივ იქნა შევსებული, რის გამოც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 10 მარტის განჩინებით, სს „უ-ს“ გაუგრძელდა, ამავე სასამართლოს 2010 წლის 12 თებერვლის განჩინებით, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენისათვის დადგენილი ვადა. აღნიშნული განჩინება 2010 წლის 10 მარტს პირადად ჩაჰბარდა სს „უ-ის” დირექტორს დ. დ-შვილს, მას ხარვეზის შევსებისათვის ვადა ჰქონდა 2010 წლის 16 მარტამდე, რაც არ შეუვსია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 30 მარტის განჩინება
სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ კერძო საჩივრით გაასაჩივრა სს “უ-ის” დირექტორმა დ. დ-შვილმა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 30 მარტის განჩინებით სს „უ-ის“ სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი. მან სასამართლოს წინაშე არაერთხელ განაცხადა, რომ სს „უ-ის“ საანგარიშსწორებო ანგარიშები დაყადაღებულია, მათ ადევთ ინკასო, ასევე ერთ წელზე მეტია არანაირი შემოსავალი არ აქვს, იმიტომ, რომ არ აწარმოებს სამეწარმეო საქმიანობას გაუთავებელი და დაუსრულებელი სასამართლო დავებიდან გამომდინარე. კერძო საჩივრის ავტორმა სს „უ-მა“ მოითხოვა ბაჟის გადახდის გადავადება, რაც უსაფუძვლოდ არ იქნა დაკმაყოფილებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ. კანონის მოთხოვნათა აღნიშნული დარღვევა გახდა იმის საფუძველი, რომ სს „უ-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, რამაც შელახა მხარისათვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 30 მარტის განჩინების გაუქმებასა და საქმის განსახილველად დაბრუნებას იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო წარმოდგენილ კერძო საჩივარს, საქმის მასალებს, და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 12 თებერვლის განჩინებით მიეცა ვადა 5 დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან.
ქუთაისის სააპელაციოა სასამართლოს 2010 წლის 19 მარტის განჩინებით სს “უ-ის” შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და სასამართლოს 2010 წლის 12 თებერვლის განჩინებით აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა.
ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი აპელანტს გაეგზავნა და ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით, რაც დასტურდება საქმეში არსებული საფოსტო შეტყობინების ბარათით, თუმცა, მიუხედავად ამისა, ხარვეზი არ შეუვსია.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველი სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს, ხოლო, ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რაზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე და საქმეზე დადგენილი გარემოებების შესაბამისად, სს “უ-ის” მხრიდან ხარვეზის დროულად შეუვსებლობა წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ სამართლებრივ საფუძველს.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ მან სასამართლოს წინაშე არაერთხელ განაცხადა, რომ სს „უ-ის“ საანგარიშსწორებო ანგარიშები დაყადაღებულია, მათ ადევთ ინკასო, ასევე ერთ წელზე მეტია არანაირი შემოსავალი არ აქვს, იმიტომ, რომ არ აწარმოებს სამეწარმეო საქმიანობას გაუთავებელი და დაუსრულებელი სასამართლო დავებიდან გამომდინარე, აღნიშნულთან დაკავშირებით, საქმეში არ ყოფილა წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, ამასთან გადასახდელი ბაჟი _ 150 ლარი არ არის ისეთი რაოდენობის თანხა, რომ შეუძლებელი ყოფილიყო მისი გადახდა განკუთვნილ ვადაში. შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მხარემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი და, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად დაკარგა აღნიშნული საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოება არ შეიძლება გახდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 30 მარტის განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს “უ-ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 30 მარტის განჩინება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.