ას-506-475-2010 19 ივლისი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ დ. მ-ია
მოწინააღმდეგე მხარე _ ი. ც-აძე
მოპასუხეები _ ნ. მ-ძე; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის დავის საგანი _ სასამართლო გადაწყვეტილების განმარტება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით, ი. ც-აძის სააპელაციო საჩივრის განხილვის შედეგად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ი. ც-აძის სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი დ. მ-იას მიერ 2008 წლის 10 მარტს გაცემული გენერალური მინდობილობის საფუძველზე 2008 წლის 19 მარტის სერგო მ-ძესა და ნ. მ-ძეს შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება; გაუქმდა ბათუმში, ... ქ. ¹113/115-ში მდებარე ბინაზე საჯარო რეესტრის ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში ნ. მ-ძეზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია და აღნიშნული ბინა საკუთრების უფლებით აღირიცხა ი. ც-აძის სახელზე; დ. მ-იას, ნ. მ-ძესა და საჯარო რეესტრის ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაეკისრათ ი. ც-აძის სასარგებლოდ პირველ ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 900 ლარი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი 150 ლარი (ტომი I, ს.ფ. 320-328).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ნოემბრის განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა და შევიდა კანონიერ ძალაში (ტომი I, ს.ფ. 433-442).
2010 წლის 6 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ი. ც-აძემ (წარმომადგენელი ს. შ-ძე), რომელმაც მოითხოვა ამავე სასამართლოს 2009 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტის განმარტება.
განმცხადებელმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მოცემულ საქმეზე გამოიწერა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც მიექცა აღსასრულებლად, თუმცა ბათუმის სააღსრულებო ბიურომ სააღსრულებო წარმოება ნაწილობრივ შეაჩერა. ამის მიზეზია ის, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მე-6 პუნქტიდან, რომლითაც დ. მ-იას, ნ. მ-ძესა და საჯარო რეესტრის ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაეკისრათ ი. ც-აძის სასარგებლოდ პირველ ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 900 ლარი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი 150 ლარი, არ ირკვევა, თითოეულმა მოპასუხემ რამდენი უნდა გადაიხადოს. აქედან გამომდინარე, ი. ც-აძემ მოითხოვა იმის განმარტება, თითოეულ მოპასუხეს გადაწყვეტილებით დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის რა თანხა უნდა გადაეხადა ან/და აღნიშვნა, რომ მათი პასუხისმგებლობა სოლიდარულია (ტომი II, ს.ფ. 2-3).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 აპრილის განჩინებით ი. ც-აძის განცხადება დაკმაყოფილდა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტი _ დ. მ-იას, ნ. მ-ძესა და საჯარო რეესტრის ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაეკისროთ ი. ც-აძის სასარგებლოდ პირველ ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 900 ლარი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში 150 ლარი, განიმარტა შემდეგნაირად: დ. მ-იას, ნ. მ-ძესა და საჯარო რეესტრის ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს სოლიდარულად დაეკისროთ ი. ც-აძის სასარგებლოდ პირველ ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 900 ლარი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში _ 150 ლარი.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტი მართლაც ბუნდოვანი იყო და საჭიროებდა განმარტებას. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტში საუბარია იმაზე, რომ დ. მ-იას, ნ. მ-ძესა და საჯარო რეესტრის ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაეკისრათ ი. ც-აძის სასარგებლოდ პირველ ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 900 ლარი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი 150 ლარი, მთლიანობაში _ 1050 ლარი. ამდენად, არ ირკვეოდა, ეს თანხა თითოეულმა რა ოდენობით უნდა გადაიხადოს, თუ უნდა იქნეს გადახდილი სოლიდარულად.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა განმცხადებლის მოთხოვნა და მიუთითა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტი უნდა განიმარტოს შემდეგნაირად: დ. მ-იას, ნ. მ-ძესა და საჯარო რეესტრის ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს სოლიდარულად დაეკისროთ ი. ც-აძის სასარგებლოდ პირველ ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 900 ლარი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში 150 ლარი (ტომი II, ს.ფ. 25-28).
სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 23 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. მ-იამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და თითოეული მოპასუხის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის თანხის წილობრივად განსაზღვრა.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ნ. მ-ძე არ მუშაობს, მას არც რაიმე ქონება გააჩნია დაკისრებული თანხის გადასახდელად. ამასთან, არსებობს საკმაოდ დიდი ალბათობა იმისა, რომ არც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური აანაზღაურებს დაკისრებულ თანხას. შესაბამისად, ამ თანხის გადახდა მხოლოდ კერძო საჩივრის ავტორს მოუწევს. იმისათვის, რომ არსებულ ვითარებაში დაცული იქნეს დ. მ-იას ინტერესები, ეს უკანასკნელი საჭიროდ მიიჩნევს სასამართლოს მიერ მოპასუხეთა წილობრივი პასუხისმგებლობის ფარგლების განსაზღვრას (ტომი II, ს.ფ. 38-39).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დატოვებულ იქნეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 აპრილის გასაჩივრებული განჩინებით ამავე სასამართლოს 2009 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტი _ დ. მ-იას, ნ. მ-ძესა და საჯარო რეესტრის ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაეკისროთ ი. ც-აძის სასარგებლოდ პირველ ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 900 ლარი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი 150 ლარი _ განიმარტა შემდეგნაირად: დ. მ-იას, ნ. მ-ძესა და საჯარო რეესტრის ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს სოლიდარულად დაეკისროთ ი. ც-აძის სასარგებლოდ პირველ ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 900 ლარი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში 150 ლარი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში განმარტა, რომ 2009 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტის მიხედვით მოპასუხეების _ დ. მ-იას, ნ. მ-ძისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის პასუხისმგებლობა სოლიდარულია.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას, რომ სააპელაციო სასამართლოს განმარტებით არ განსაზღვრულა მოპასუხეთა წილობრივი პასუხისმგებლობის ფარგლები. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიცემული განმარტება უკვე ნიშნავს მხარეთა პასუხისმგებლობის საზღვრების განსაზღვრას სოლიდარული ვალდებულების არსის გათვალისწინებით. აღნიშნული, სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლიდან გამომდინარე, იმაში მდგომარეობს, რომ ყოველი მოვალე ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში, ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების ერთჯერადი მოთხოვნის უფლება. თავის მხრივ, იმ სოლიდარულ მოვალეს, რომელიც მთლიანად აანაზღაურებს ზიანს, აქვს რეგრესული მოთხოვნის უფლება სხვა სოლიდარული მოვალის მიმართ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 256-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ გადაწყვეტილება გამოტანილია რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ, სასამართლომ უნდა მიუთითოს, თუ თითოეულმა მოპასუხემ გადაწყვეტილების რა წილი უნდა შეასრულოს, ან აღნიშნოს, რომ მათი პასუხისმგებლობა სოლიდარულია.
იმის გათვალისწინებით, რომ ქუთაისის სააპელაციო 2009 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით მოპასუხეებს _ დ. მ-იას, ნ. მ-ძესა და საჯარო რეესტრის ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაეკისრათ ი. ც-აძის სასარგებლოდ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1050 ლარის ოდენობით, სოლიდარული ვალდებულების არსიდან გამომდინარე, აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულება კრედიტორის წინაშე წარმოადგენს მოპასუხეების მთლიანი შესრულების საგანს. გადაწყვეტილების იმგვარად განმარტება კი, როგორც კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს _ განისაზღვროს თითოეული მოპასუხის შესრულების წილი, იმგვარად, რომ კრედიტორის წინაშე თითოეულმა მხოლოდ ამ წილის ფარგლებში შეასრულოს ვალდებულება, ეწინააღმდეგება სოლიდარული ვალდებულების არსს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ. მ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 აპრილის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.