ას-508-477-2010 5 ივლისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლ. ლაზარაშვილი, პ. ქათამაძესაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ნ. ა-შვილი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. ა-შვილი, დ. თ-შვილი, ზ. გ-ძე, ო. ო-იანი, ქ. დ-ია, ქ. ჭ-ელი, მ. დ-იანი, ვ. გ-ძე, ს. ო-ოვი, რ. კ-ძე, ბ. მ-ძე, მ. მ-შვილი, ზ. ბ-ავა, ზ. რ-შვილი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებისა და საარბიტრაჟო შეთანხმების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ა-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ. ა-შვილის, დ. თ-შვილის, ზ. გ-ძის, ო. ო-იანის, ქ. დ-იას, ქ. ჭ-ელის, მ. დ-იანის, ვ. გ-ძის, ს. ო-ოვის, რ. კ-ძის, რ. მ-ძის უფლებამონაცვლე ბ. მ-ძის, მ. მ-შვილის, ზ. ბ-ავასა და ზ. რ-შვილის მიმართ საარბიტრაჟო შეთანხმებებისა და სესხის ზეპირი ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მოთხოვნით და მიუთითა, რომ სადავო გარიგებები არის კაბალური, ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს, დადებულია მოტყუებით, ნდობის ბოროტად გამოყენებით, შეცდომით და სათანადო ფორმის დაუცველად.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს დაუსაბუთებლობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ა-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ა-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 აპრილის განჩინებით ნ. ა-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის განხილვის შესახებ მხარეებს ეცნობათ კანონის მოთხოვნათა დაცვით, თუმცა ნ. ა-შვილი დანიშნულ დროს სასამართლოში არ გამოცხადდა. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის 2010 წლის 19 აპრილის განცხადება საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით. მოცემულ შემთხვევაში, ნ. ა-შვილმა სასამართლოს აცნობა რა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის თაობაზე (რაც დასტურდება მის მიერ სასამართლო კანცელარიის მეშვეობით წარმოდგენილი განცხადებით, რომელსაც დართული აქვს უცხოურ ენაზე შედგენილი დოკუმენტი), პალატამ მიიჩნია, რომ მისი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, კერძოდ, აპელანტის მიერ წარმოდგენილ განცხადებაზე დართული უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტით იკითხება მხოლოდ აპელანტის სახელი და გვარი “ნ. ა-შვილი” და სასამართლოსათვის უცნობია დოკუმენტში მითითებული შინაარსი, რის გამოც ვერ დასტურდება აპელანტის მიერ განცხადებაში მოყვანილი გარემოების _ საელჩოში მიმდინარე გასაუბრების რეალობა. აქედან გამომდინარე, არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით განსაზღვრული საპატიო მიზეზი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 229-ე მუხლების, 275-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარეთა _ ზ. რ-შვილის, დ. თ-შვილის, ქ. ჭ-ელის, ზ. გ-ძის, ს. ო-ოვისა და მ. დ-იანის შუამდგომლობა, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ სხდომაზე ასევე არ გამოცხადდნენ მოწინააღმდეგე მხარეები _ ქ. დ-ია, ზ. ბ-ავა, ო. ო-იანი, რ. კ-ძე, მ. მ-შვილი, ვ. გ-ძე, ბ. მ-ძე და ქ. ა-შვილი, რის გამოც მათ მიმართ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევა არც ერთი მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში ნ. ა-შვილის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ნ. ა-შვილმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ნ. ა-შვილი სადავო სხდომაზე საპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, რის შესახებაც წინასწარ აცნობა სასამართლოს. პალატამ არასწორად მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლსა და 216-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ვინაიდან საქმის განხილვის დანიშვნის დროისათვის აპელანტმა მიიღო მიწვევა სხვა ქვეყნის საელჩოდან. აღნიშნული დოკუმენტი დაერთო განცხადებას, თუმცა სასამართლომ იგი ფორმალური მიზეზით _ უცხო ენაზე შესრულების გამო, არასწორად არ გაიზიარა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ა-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე იმ აპელანტის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, სასამართლო მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და ნ.ა-შვილს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ მას 2010 წლის 20 აპრილის სასამართლო სხდომის თაობაზე კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა, თუმცა იგი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა.
საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ ნ.ა-შვილს სასამართლო პროცესზე თავისი გამოუცხადებლობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საპატიო მიზეზის არსებობა არ დაუდასტურებია, კერძოდ:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით, კანონმდებელი განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობისას მხარეს გარკვეული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა საპატიოდ ეთვლება და ასეთი შეუსრულებლობის მიზეზი საპატიოდ ჩაითვლება მხოლოდ ობიექტურად დაუძლეველი გარემოების არსებობის შემთხვევაში.
დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ სააპელაციო სასამართლომ 2010 წლის 20 აპრილის სხდომაზე ნ.ა-შვილის გამოუცხადებლობა საპატიოდ არასწორად არ ჩათვალა, რადგან არ გაიზიარა აპელანტის მიერ წარდგენილი მტკიცებულებანი სააპელაციო საჩივრის განხილვის დროისათვის სხვა ქვეყნის საელჩოს მიერ აპელანტის მიწვევის თაობაზე. ფაქტობრივად, ნ.ა-შვილის 2010 წლის 19 აპრილის განცხადებაზე დართული დოკუმენტებიდან და არც საქმეში წარმოდგენილი სხვა რაიმე მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ნ. ა-შვილს 2010 წლის 20 აპრილს სააპელაციო სასამართლოში გამოცხადება ობიექტური მიზეზით არ შეეძლო, ვინაიდან მხარის მიერ მითითებული მიწვევა ვრცელდება 2010 წლის 5-18 მაისზე, რაც 20 აპრილს მხარის სასამართლოში გამოცხადებაზე გავლენას ვერ იქონიებდა.
ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლი კი ადგენს, რომ საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრეთვე _ აფხაზური. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში საქმის წარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე, რაც იმას გულისმხობს, რომ მხარეები ვალდებული არიან, მათთვის მნიშვნელოვანი გარემოებები დაადასტურონ ქართულად შედგენილ მტკიცებულებათა წარდგენის გზით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სავსებით მართებულად მიუთითა ამ გარემოებაზე. ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა, დასახელებული მტკიცებულებებით დანიშნულ დროზე სასამართლოში მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი არ დასტურდება.
ამდენად, კანონიერია სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ.ა-შვილის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ა-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.