Facebook Twitter

ას-511-480-2010 5 ივლისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ლ. ლაზარაშვილი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ გ. ბ-კო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ე. ო-ძე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ქონების თანამესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. ო-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ბ-კოს მიმართ და მოითხოვა მხარეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი გ. ბ-კოს სახელზე რეგისტრირებული ქ. გორში, ... ქ¹20-ში მდებარე ¹3 ბინის 1/2-ის½მესაკუთრედ ცნობის შესახებ იმ საფუძვლით, რომ მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში მათ შეიძინეს სადავო ქონება, რომელიც, მართალია, აღირიცხა მხოლოდ გ. ბ-კოს სახელზე, მაგრამ, სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის შესაბამისად, მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო ბინა შეიძინა მისი დედის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის გაცვლის შედეგად.

გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით ე. ო-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ე. ო-ძე ცნობილ იქნა გ. ბ-კოს სახელზე რეგისტრირებული სადავო უძრავი ქონების 1/2-ის½ მესაკუთრედ.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გ. ბ-კომ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის განჩინებით გ. ბ-კოს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2010 წლის 16 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, აპელანტს განესაზღვრა საპროცესო ვადა _ 5 დღე და დაევალა ინვალიდობის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული დოკუმენტის წარდგენა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სახელმწიფო ბაჟის გადახდა იმ უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების 4%-ის ოდენობით, რომელზე თანამესაკუთრედ ცნობასაც იგი ითხოვდა.

პალატის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის მიხედვით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 16 აპრილის განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ 2010 წლის 21 აპრილს ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელ ვ. თ-ძეს. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე, 74-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი ვადის ათვლა აღნიშნული დროიდან უნდა აითვალოს. პალატამ აღნიშნული ვადა ამოწურულად მიიჩნია 2010 წლის 26 აპრილს. აპელანტმა ხარვეზის შესახებ განცხადებით სასამართლოს მომართა მითითებული ვადის გასვლის შემდგომ _ 2010 წლის 27 აპრილს, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე და 63-ე მუხლების მიხედვით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე გ.ბ-კოს წარმომადგენელმა ვ. თ-ძემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ ვ.თ-ძეს სასამართლო გზავნილი 2010 წლის 21 აპრილს ჩაბარდა და ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა მითითებული თარიღიდან აითვალა, ვინაიდან რეალურად სადავო განჩინების ასლი ვ. თ-ძეს ჩაბარდა 2010 წლის 22 აპრილს, მეზობლების _ ნ. ბ-ძისა და შ. ძი-შვილისაგან, რომელთაც სასამართლო გზავნილი ადრესატის სახლის წინ იპოვნეს. ხაშურის საკურიერო სამსახურმა კი სასამართლოს გზავნილის ჩაბარების დროის თაობაზე არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. აღნიშნული გარემოებები დასტურდება ნ. ბ-ძისა და შ. ძი-შვილის წერილობითი ახსნა-განმარტებებით, რომელიც დამოწმებულია სანოტარო წესით და ერთვის კერძო საჩივარს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ბ-კოს წარმომადგენელ ვ. თ-ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. ხარვეზის დადგენის საფუძველს წარმოადგენს როგორც ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული გარემოებები, ისე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა.

ამასთან, მოქმედი კანონმდებლობა განსაზღვრავს გარკვეულ პირთა წრეს, რომლებიც სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან, კერძოდ, “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის “მ” ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ინვალიდები ყველა სარჩელზე. ამდენად, პირებს, რომლებიც კანონის მოთხოვნათა დაცვით ინვალიდებად არიან ცნობილი, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება არ ეკისრებათ.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში წარმოდგენილია შპს “ე-ის” 2010 წლის 26 იანვრის ¹77 ცნობა (ტ.I, ს.ფ. 122), რომელიც ადასტურებს, რომ გ. ბ-კო 10 წელია პირველი ჯგუფის ინვალიდია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ.ბ-კოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შემოწმებისას სააპელაციო პალატამ უნდა შეაფასოს ზემოხსენებული მტკიცებულება და მისი გათვალისწინებით უნდა იმსჯელოს, კანონით ევალება თუ არა აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. ბ-კოს წარმომადგენელ ვ. თ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.