Facebook Twitter

¹¹ ბს-1230-805(კ-05) 6 დეკემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა

შემადგენლობა:

კ. კუბლაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. სხირტლაძე,

გ. ქაჯაია (მომხსენებელი),

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე,

თ. თოდრია,

რ. ნადირიანი,

ი. ტყეშელაშვილი

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 11 ნოემბერს მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ. ს-ემ მოპასუხე ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ და მოითხოვა “სამინისტროს თანამშრომელთა გათავისუფლების შესახებ” ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2004 წ. 13 ოქტომბრის ¹01/03-01/491 ბრძანების პირველი პუნქტის მე-12 ქვეპუნქტის ბათილად ცნობა, სარჩელის განხილვა დაჩქარებული სამართალწარმოების წესით, ტოლფას თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენა, განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრება ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.

მოსარჩელემ განმარტა, რომ 1998 წლიდან მუშაობდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში, რომელიც 2004 წელს ჩამოყალიბდა ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროდ. იმავე წლის 29 აპრილს ეკონომიკის მინისტრის ¹01/03-01/187 ბრძანებით დაინიშნა ამავე სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკისა და ინდიკატური დაგეგმვის დეპარტამენტის ეკონომიკური პოლიტიკის სამმართველოს მთავარ ...ად. “მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” 2004წ. 24 ივნისის კანონის საფუძველზე სამინისტრომ განიცადა ლიკვიდაცია და მის ბაზაზე ჩამოყალიბდა ეკონომიკური განვითარების სამინისტრო. ახალი მინისტრის, კ. ბ-ის ბრძანებით (29.06.04. ¹01/01-01/371), სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მიმდინარე რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო, სამინისტროს თანამშრომლები გაფრთხილებული იყვნენ დაკავებული თანამდებობიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2004წ. 13 ოქტომბრის ¹01/03-01/491 ბრძანების პირველი პუნქტის მე-12 ქვეპუნქტით მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. მითითებული ბრძანება მოსარჩელეს უკანონოდ მიაჩნია შემდეგ გარემოებათა გამო:

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შტატების შემცირებისას მოხელე არ შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ იგი თანახმაა, დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე, რისი შეუსრულებლობაც შეიძლება ავტომატურად გახდეს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების იურიდიული საფუძველი. მოსარჩელისათვის კი სხვა თანამდებობა არ შეუთავაზებიათ.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2004წ. 1 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ბრძანება “ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ”, რომლის მიხედვითაც, ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის თანამშრომელთა საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრა 12 სახელმწიფო მოხელით. აღნიშნული ბრძანებით სახელმწიფო მოხელეთა საშტატო რიცხოვნობა შემცირდა 10 მოხელით და ნაცვლად 21 საშტატო ადგილისა, გახდა 12. სინამდვილეში სამსახურიდან გათავისუფლდა მხოლოდ 5 თანამშრომელი, მათ შორის _ მოსარჩელეც. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მის მიმართ შრომითი უფლებები უხეშად დაირღვა, რაც იკრძალება შრომის და დასაქმების სფეროში დისკრიმინაციის შესახებ ჟენევის 1958წ. 4 ივნისის საერთაშორისო კონვენციით, რომელსაც საქართველო შეუერთდა 1995წ. 4 მაისს.

მოსარჩელისათვის გაუგებარი იყო, თუ რა კრიტერიუმებით დადგინდა სამსახურიდან გასაშვები და სამსახურში დასატოვებელი პირების ვინაობა. “შკკ-ის” 36-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, “მუშაკთა რიცხოვნობის ან შტატების შემცირებისას სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება ენიჭებათ იმ მუშაკებს, რომლებიც უფრო მაღალი კვალიფიკაციითა და შრომის ნაყოფიერებით გამოირჩევიან. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2000 წელს გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო კურსები ისრაელის საერთაშორისო ინსტიტუტში, 2001 წელს კვალიფიკაცია აიმაღლა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვენის გაერთიანებული ინსტიტუტის პროგრამის ფარგლებში, ასევე კიევის ეროვნულ აკადემიაში. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მისი კვალიფიკაცია და შრომის ნაყოფიერება არ გაუთვალისწინებინათ აღნიშნული ბრძანების გამოცემისას, რითაც დაირღვა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის და შკკ-ის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები, ასევე, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის “დ”, “ე” და “თ” ქვეპუნქტების მოთხოვნები, რომელთა თანახმადაც, საჯარო სამსახურის ძირითად პრინციპებს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეებისათვის საჯარო სამსახურის ხელმისაწვდომობა პროფესიული მომზადების შესაბამისად, მოსამსახურეთა პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა და მოსამსახურეთა კადრების სტაბილურობა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იგი ეკონომიკური განვითარების სამინისტროს პროფესიული გაერთიანების წევრი იყო, “პროფესიული კავშირების შესახებ” კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დასაქმების ინიციატივით მუშაკთან-პროფკავშირის წევრთან შრომითი ხელშეკრულების (კონტრაქტის) ვადაზე ადრე გაუქმება, შესაბამისი პროფკავშირის კომიტეტთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, შეიძლება მხოლოდ კანონმდებლობით, კოლექტიური ხელშეკრულებით, შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. შკკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში, სადაც არსებობს პროფკავშირი, დაუშვებელია ადმინისტრაციის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) მოშლა პროფკავშირის თანხმობის გარეშე, გარდა კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტროში არსებულ პროფკავშირს მის განთავისუფლებაზე თანხმობა არ მიუცია.

მოსარჩელის მითითებით, ზემოაღნიშნული ბრძანების გამოცემით დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის მოთხოვნები, რომლებიც ეხება ადმინისტრაციული აქტის რეკვიზიტებს. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ყოველ ადმინისტრაციულ აქტში უნდა მიეთითოს ორგანო, რომელშიც შეიძლება გასაჩივრდეს ადმინისტრაციული აქტი, მისი მისამართი და გასაჩივრების ვადა, რაც ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ბრძანებაში არ იყო მითითებული. გარდა ამისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ აქტზე გამოსახული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო გერბი, სამინისტროს ბრძანებაზე კი გამოსახული იყო ე.წ. ძველი გერბი. ახალი გერბი მიღებულ იქნა 2004წ. 1 ოქტომბერს და ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე. სამინისტროს ბრძანება კი გამოიცა 2004წ. 13 ოქტომბერს, მაშინ, როდესაც ძალაში იყო შესული “საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ” კანონი. მოსარჩელემ დაასკვნა, რომ სამინისტროს ბრძანებას არ გააჩნდა ადმინისტრაციული აქტისათვის აუცილებელი და საკმარისი რეკვიზიტები, რითაც დაირღვა ადმინისტრაციული აქტის გამოცემის წესები, რაც თავისთავად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული აქტის ბათილობის საფუძველია.

2004წ. 8 დეკემბერს მოსარჩელემ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ეკონომიკური განვითარების მინისტრის 13.10.04წ. ¹01/01-01/491 ბრძანების პირველი პუნქტის მე-12 ქვეპუნქტის ნაწილის უკანონოდ ცნობა, ტოლფას თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენა, ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრება და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება პირვანდელ სარჩელში მითითებული საფუძვლებით.

მოსარჩელემ დამატებით მიუთითა, რომ მოპასუხემ დაარღვია “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი და არ გაითვალისწინა ის, რომ დაკავებულ თანამდებობაზე დანიშნული იყო გამოსაცდელი ვადით, რომლის ვადაც “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 24-ე მუხლით განსაზღვრულია არა უმეტეს 6 თვისა, რომლის განმავლობაშიც უნდა შემოწმებულიყო მოსარჩელის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებულ თანამდებობასთან და მხოლოდ არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამოვლენის შემთხვევაში შეიძლება დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, რაც სამინისტროს არ გაუკეთებია და არ მოუხდენია დაკავებული თანამდებობის მოთხოვნებთან მისი შესაბამისი შეფასება და არ არსებობდა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების შეფასების შედეგი.

მოსარჩელემ ასევე უკანონოდ მიიჩნია სადავო ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 58-ე მუხლზე მითითება, რომლის თანახმად, თანამდებობიდან გათავისუფლებამდე მისთვის მინდობილი ქონების დასაბრუნებლად უნდა მიემართა ამისათვის დანიშნული პირისათვის, ვინაიდან სამინისტროს ასეთი პირის, რომელიც ვალდებული იყო ჩაებარებინა საქმის წარმოება და ქონება, დანიშვნაზე გადაწყვეტილება არ მიუღია.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 8 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ს-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა _ ბათილად იქნა ცნობილი ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004წ. 13 ოქტომბრის ¹01/03-01/149 ბრძანების მე-12 პუნქტი ნ. ს-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; ნ. ს-ე აღდგენილ იქნა ეკონომიკური განვითარების სამინისტროსი გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე და მოპასუხეს დაეკისრა განაცდურის ხელფასის ანაზღაურება მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებიდან სამსახურში აღდგენამდე. ნ. ს-ეს იმავე თარიღის განჩინებით გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ და მოითხოვა მისი გაუქმება, როგორც უსაფუძვლოსი და დაუსაბუთებელის, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტმა მიუთითა, რომ ეკონომიკის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში გათვალისწინებულ სტურუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის შესაბამისად, 2004წ. 29 ივნისს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ¹01/03-01/371 ბრძანებას გაეცნო მოსარჩელე, დაეთანხმა აღნიშნულ ბრძანებას, არ გაუსაჩივრებია და დაადასტურა ხელმოწერით, ანუ მისთვის ცნობილი იყო ცენტრალურ აპარატში რეორგანიზაციის, შტატების შემცირებისა და მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ.

აპელანტმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 2004წ. 10 სექტემბრის ¹77 დადგენილების შესაბამისად, 2004წ. 1 ოქტომბრის ¹1-1/127 ბრძანებით დამტკიცდა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს აპარატის საშტატო განრიგი, რომლის თანახმად, ეკონომიკური პოლიტიკის სამმართველო გაუქმდა (ცხრა საშტატო ერთეული) და შეიქმნა ზოგადი ეკონომიკური პოლიტიკის სამმართველო, სადაც გათვალისწინებული იყო 4 საშტატო ერთეული. აპელანტმა უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მტკიცება იმის შესახებ, რომ შტატები არ შემცირებულა. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის შესაბამისად, სამინისტრომ ყველა მოთხოვნები დაიცვა რეორგანიზაციის დროს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 16 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 8 თებერვლის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ნ. ს-ე წარმოადგენდა საჯარო მოხელეს და მასზე ვრცელდებოდა მითითებული კანონის მოთხოვნები და ამავე კანონის 112-ე მუხლის მიხედვით, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია, მოითხოვოს გათავისუფლების უკანონოდ ცნობა და ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად, ხოლო, როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. ამავე კანონის 97.1 მუხლის მიხედვით, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას, მაგრამ ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მოხელე არ შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ იგი თანახმაა, დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებიდან დაადგინა, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მოსარჩელე ნ. ს-ისათვის სხვა თანამდებობაზე დანიშვნა არ შეუთავაზებია.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ნ. ს-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისას უხეშად დაირღვა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე დანიშნული იყო გამოსაცდელი ვადით, ხოლო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 24.1 მუხლის თანახმად, პირს, რომელსაც მოხელის სამსახურში მიღების უფლება აქვს, შეუძლია გამოიყენოს გამოსაცდელი ვადა არა უმეტეს 6 თვისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება მოხელის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებულ თანამდებობასთან, ხოლო არადამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ამ კანონით დადგენილი წესით.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელის გათავისუფლებისას აპელანტ მხარეს საერთოდ არ უმსჯელია მოსარჩელის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების შესაბამისობაზე დაკავებულ თანამდებობასთან. სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე გათავისუფლებული იყო დაკავებული თანამდებობიდან გამოსაცდელი ვადის პერიოდში “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 58-ე (საქმის წარმოების და ქონების გადაცემის) და 97-ე ( სამსახურიდან გათავისუფლება შემცირებასთან დაკავშირებით) მუხლების საფუძველზე.საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ სადავო ბრძანების გამოცემისას ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ გაითვალისწინა და გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-14 მუხლისა და შკკ-ის 36-ე მუხლის დებულებები (სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება).

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 2004წ. 1 ოქტომბრის ¹1-1/127 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს ეკონომიკური განვთარების სამინისტროს აპარატის საშტატო განრიგი, რომლითაც გაუქმდა ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტი 12 საშტატო ერთეულით, სადაც, თვითონ აპელანტის განმარტებით, სამ საშტატო ვაკანსიაზე გამოცხადებული იყო კონკურსი თანამდებობის დასაკავებლად.

თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ნ. ს-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში გათვალისწინებულ სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით, “საქართველოს მთავრობის სტურუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” და “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად, 2004წ. 29 ივნისს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ¹01/03-01/371 ბრძანებას გაეცნო მოსარჩელე, დაეთანხმა აღნიშნულ ბრძანებას, რაც თავისი ხელმოწერით დაადასტურა, მაგრამ არ გაუსაჩივრებია კანონმდებლობით დადგენილი წესით. კასატორმა მიუთითა, რომ სასამართლოს მიერ უგულებელყოფილი იყო აღნიშნული საკითხი, რაც არასწორი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი გახდა.

კასატორი უთითებს, რომ “საქართველოს მთავრობის სტურუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” 2004წ. 24 ივნისის კანონით განხორციელდა ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს ლიკვიდაცია, შეიქმნა ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, რამაც შტატების შემცირება გამოიწვია, კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2004წ. 10 სექტემბრის ¹77 დადგენილების შესაბამისად, 2004წ. 1 ოქტომბრის 1-1/127 ბრძანებით დამტკიცდა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს აპარატის საშტატო განრიგი, რომლის თანახმადაც, ეკონომიკური პოლიტიკის სამმართველო გაუქმდა. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არც აღნიშნული გარემოება გაითვალისწინა.

კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლს. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს, სხვა თანამშრომლებისაგან განსხვავებით, არ მიუმართავს სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი განცხადებით და სხვა თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ თანხმობა არ წარმოუდგენია.

კასატორი აღნიშნავს, რომ ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004წ. ¹01/03-01/491 ბრძანება ნ. ს-ის გათავისუფლების ნაწილში გამოცემული იყო მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით და არ არსებობდა არანაირი იურიდიული საფუძველი მისი ბათილად ცნობისა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მიმართა მოწინააღმდეგე მხარე ნ. ს-ემ, რომელმაც მიუთითა, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი შეტანილი იყო კანონით გათვალისწინებული 14-დღიანი ვადის დარღვევით, ვინაიდან გასაჩივრებული განჩინება ამ უკანასკნელმა ჩაიბარა 2005წ. 12 ივლისს, ხოლო საკასაციო საჩივარი ფოსტას ჩაჰბარდა 27 ივლისს და ითხოვა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2005წ. 31 ოქტომბრის განჩინებით ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და საკასაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ კასატორის _ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 16 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2002წ. 21 ოქტომბრის განჩინების საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მუშაკის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანებებთან დაკავშირებული დავები განიხილებოდა როგორც ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები და სასამართლოები ასეთი კატეგორიის დავების განხილვისას მსჯელობდნენ ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტის კანონიერებაზე.

დიდი პალატა განმარტავს, რომ საქართველოს 2005წ. 24 ივნისის კანონის საფუძველზე 2005წ. 15 ივლისიდან ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის “ზ” ქვეპუნქტით განსაზღვრული და ამავე კოდექსის მე-5 თავით რეგლამენტირებული “ადმინისტრაციული გარიგება” შეიცვალა “ადმინისტრაციული ხელშეკრულებით”, რაც სამართლებრივად არსებითად განსხვავდება ადმინისტრაციული გარიგებისგან და გამორიცხავს ცალმხრივი გარიგების არსებობას ადმინისტრაციულ სამართალურთიერთობებში. შესაბამისი ცვლილება განიცადა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლმა და მასზე დამატებული 21 და 22 პუნქტებით დადგინდა, რომ სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული სამართლებრივი აქტების (ბრძანების, განკარგულების) გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება კანონმდებლობით დადგენილი წესით აქტის გაცნობიდან და რომ სარჩელის წარდგენა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას, ანუ, აღნიშნული ცვლილებების თანახმად, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს ბრძანება (გადაწყვეტილება, განკარგულება) არის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის მე-4 თავით რეგლამენტირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებული დავების განხილვისას უნდა შემოწმდეს ამ საკითხებზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტის შესაბამისობა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 თავით, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონითა და შკკ-ის ნორმებით დადგენილ მოთხოვნებთან.

სსკ-ის 407.2-ე მუხლის საფუძველზე დიდი პალატა მოცემულ საქმეზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე ნ. ს-ე “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” 2004წ. 11 თებერვლის კანონის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს 2004წ. 29 აპრილის 01/03-01/87 ბრძანებით დაინიშნა ამავე სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკისა და ინდივიდუალური დაგეგმვის დეპარტამენტის ეკონომიკური პოლიტიკის სამმართველოს მთავარ ...ად საგამოცდო ვადით (2004წ. 29 აპრილიდან) “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე. ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004წ. 13 ოქტომბრის 301/03-01/491 ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების საფუძვლად ბრძანებაში მიეთითა “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონზე, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 58-ე და 97-ე მუხლებზე, “ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004წ. 10 სექტემბრის ¹77 დადგენილებაზე, “საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატის რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით თანამშრომელთა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გაფრთხილების თაობაზე” ეკონომიკის მინისტრის 2004წ. 29 ივნისის ¹01/03-01/371 ბრძანებაზე, “საქართველოს ეკონომიკის მინისტრის 2004წ. 29 ივნისის ¹ 01/03-01/371 ბრძანებაზე და “ეკონომიკური განვითარების სამინისტროს აპარატის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ” ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004წ. 1 ოქტომბრის ¹1-1/127 ბრძანებაზე.

გასაჩივრებული განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 8 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელე ნ. ს-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004წ. 13 ოქტომბრის ¹01/03-01/491 ბრძანების მე-12 პუნქტი, ნ. ს-ე აღდგენილ იქნა ეკონომიკური განვითარების სამინისტროსი გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე და მოპასუხეს დაევალა თანამდებობიდან გათავისუფლებიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდში მოსარჩელისათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება, რასაც დიდი პალატა ნაწილობრივ არ იზიარებს, კერძოდ: ნ. ს-ეზე, როგორც საჯარო მოხელეზე, ვრცელდება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონისა და შკკ-ის მოთხოვნები. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის ნორმებში არ არის მოცემული “ტოლფასი თანამდებობის” ცნება, შესაბამისად, არ არის გათვალისწინებული და განსაზღვრული დათხოვნილი მუშაკის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის დაშვების შესაძლებლობა.

შკკ-ის 206-207-ე მუხლებში გათვალისწინებულია კანონიერი საფუძვლის გარეშე დათხოვნილ ან სხვა სამუშაოზე უკანონოდ გადაყვანილ მუშა-მოსამსახურეთა აღდგენა წინანდელ სამუშაოზე. მითითებულ კოდექსში ტერმინი “ტოლფასი თანამდებობა” მოხსენიებულია მხოლოდ 109-ე მუხლში, რომელიც არჩევით თანამდებობაზე არჩეულ მუშაკთა გარანტიებს ეხება და დიდი პალატის აზრით, არ შეიძლება იგი მთლიანობაში იქნეს გავრცელებული შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას, ვინაიდან 109-ე მუხლი გამონაკლის შემთხვევას აწესრიგებს და დაკავშირებულია სამუშაოდან გათავისუფლებასთან მუშაკის არჩევით თანამდებობაზე არჩევის გამო, რაც სრულებით არ ნიშნავს მუშაკის ადმინისტრაციის ინიციატივით გათავისუფლებას. შესაბამისად, ამ შემთხვევაში კანონმდებელმა განსხვავებულად მოაწესრიგა აღნიშნული სახის შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა მისი განსხვავებული ხასიათის გამო. ამავე დროს, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით დიდი პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე თანამდებობაზე დანიშნული იყო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 24.1 მუხლის საფუძველზე გამოსაცდელი ვადით, რომელიც შეადგენს არა უმეტეს 6 თვეს, ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება მოხელის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებულ თანამდებობასთან. ანუ ადმინისტრაციის გადასაწყვეტია და მის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება გამოსაცდელი ვადით დანიშნულ მოსამსახურესთან შრომითი ხელშეკრულების გაგრძელება. გასაჩივრებული განჩინებით კი მოსარჩელე ფაქტობრივად განუსაზღვრელი ვადით დაინიშნა გამოსაცდელი ვადით დანიშნულ თანამდებობაზე, რომელიც 2004წ. 29 ოქტომბერს მთავრდებოდა და ადმინისტრაციის უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა მისი თანამდებობაზე დატოვების საკითხის გადაწყვეტა.

ამდენად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დიდი პალატა თვლის, რომ მოსარჩელე ნ. ს-ის აღდგენა გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე არ შეესაბამება შრომით-სამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს.

ამავე დროს, დიდი პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 24.2 მუხლის თანახმად, არადამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ამ კანონით დადგენილი წესით, ხოლო შკკ-ის 22.4 მუხლში მითითებულია, რომ საგამოცდო ვადის განმავლობაში მუშაკზე მთლიანად ვრცელდება ამ კოდექსით დადგენილი წესები, რაც იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ საჯარო სამსახურში თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით მიღებულ პირზე ასევე მთლიანად ვრცელდება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით დადგენილი უფლება-მოვალეობანი.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადასტურებულადაა მიჩნეული და დიდი პალატაც იზიარებს იმ გარემოებას, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ნ. ს-ისთვის გათავისუფლებისას არ შეუთავაზებია სხვა თანამდებობაზე დანიშვნა, რითაც დაარღვია “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97.2 მუხლის იმპერატიული მოთხოვნა, რომ მოხელე არ შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ იგი თანახმაა, დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დიდი პალატა განმარტავს, რომ შეთავაზებული შეიძლება იყოს სხვა, იგივე ან უფრო დაბალი რანგის თანამდებობა, ან სამუშაო ადგილი, მაგრამ შეთავაზება აუცილებლად უნდა მოხდეს და მხოლოდ ამის შემდეგ აქვს უფლება ადმინისტრაციას, მიიღოს გადაწყვეტილება მუშაკის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. დიდი პალატა განუმარტავს კასატორს, რომ თავად ადმინისტრაციაა ვალდებული, შესთავაზოს დასათხოვ მუშაკს სხვა თანამდებობა და მუშაკის მხრიდან განცხადებით მიმართვის არარსებობა ადმინისტრაციას არ ათავისუფლებს აღნიშნული მოვალეობისაგან.

დიდი პალატა ასევე თვლის, რომ კასატორმა სადავო ბრძანების გამოცემისას დაარღვია “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-14 მუხლისა და შკკ-ის 36.2 მუხლის “ა” ქვეპუნქტის მოთხოვნები. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 და 96.2 მუხლების თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს უფლება კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, მათ შორის, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა-შეფასების გარეშე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დიდი პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ბრძანება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონისა და შრომის კანონთა კოდექსით მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლებისას დადგენილი პროცედურული საკითხების უგულებელყოფით, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს. დიდი პალატა ამავე დროს, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობა სცილდება სასამართლოს კომპეტენციას და იგი ადმინისტრაციის დისკრეციულ უფლებას განეკუთვნება, თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლი და სადავო საკითხის _ მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2004წ. 13 ოქტომბრის ¹01/03-01/491 ბრძანების მე-12 პუნქტი ნ. ს-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და დაევალოს კასატორს გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ. ს-ესთან მიმართებაში ზემოაღნიშნული გარემოებების გამოკვლევა _ შეფასების შემდეგ უნდა გაირკვეს, რა საშტატო ერთეულებია გათვალისწინებული ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ახლად შექმნილ ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტში და ხომ არ არის მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ანალოგიური თანამდებობა ახალი განრიგით, ან ხომ არ არის სხვა შესატყვისი სამსახური, რაზეც თანახმა იქნება მოსარჩელე.

ამავე დროს, დიდი პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ნ. ს-ეს უნდა აუნაზღაურდეს გათავისუფლებიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე პერიოდის იძულებითი განაცდური ხელფასის სახით, ვინაიდან ხელფასის გაცემის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ მუშაკის გათავისუფლება სამსახურიდან, ხოლო მოსარჩელის გათავისუფლების ბრძანება ამ ეტაპზე ბათილად არის ცნობილი და ხელფასის გაუცემლობის საფუძველი არ არსებობს. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37.1 მუხლის თანახმად, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება მოსარჩელის გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 16 ივნისის განჩინება. ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და არ საჭიროებს მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევას სასამართლოს მხრიდან, სსკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე დიდი პალატა თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. კასატორ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 16 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ნ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, ბათილად იქნეს ცნობილი ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004წ. 13 ოქტომბრის ¹01/-03-01/491 ბრძანების მე-12 პუნქტი ნ. ს-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და დაევალოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შკკ-ისა და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5. დაევალოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს აუნაზღაუროს ნ. ს-ეს განაცდური ხელფასი გათავისუფლებიდან ახალი ინდივიდუალური ადმინსიტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემამდე.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.