Facebook Twitter

¹ას-518-492-2011 2 ვნისი, 2011 წელი

20 დეკემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ქ. თბილისი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ჯ-ია

მოწინააღმდეგე მხარე _ გ., ბ. ო-შვილები

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ჯ-იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების ბ. და გ. ო-შვილების მიმართ და მოითხოვა მოპასუხეთა მფლობელობიდან თბილისში, ..., მე-4მ/რ-ის მე-11 კორპუსში მდებარე ბინა¹52-ის გამოთხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნანა ჯიქიას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჯ-იამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 მარტის განჩინებით ნანა ჯიქიას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევის გამო.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ჯ-იამ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მას ჩაჰბარდა არა 2011 წლის 9 თებერვალს, არამედ 2011 წლის 10 თებერვალს და, ამდენად, მას სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადა არ დაურღვევია, რის გამოც მოითხოვა კერძო საჩივრის დაკმაყოფილება და საქმის წარმოების განახლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ნ. ჯ-იას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება ნ. ჯ-იას გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით და პირადად ჩაჰბარდა 2010 წლის 9 თებერვალს (ტ. I, ს.ფ 85). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 10 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 23 თებერვალს. ამდენად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ბოლო ვადა იყო 2011 წლის 23 თებერვალი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილია 2011 წლის 24 თებერვალს, ანუ კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, რომლის აღდგენაც დაუშვებელია (იხ. ტ.I ს.ფ. 86-95).

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არა 2011 წლის 9 თებერვალს, არამედ 2011 წლის 10 თებერვალს და, ამდენად, მას სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადა არ დაურღვევია.

აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და ვერ მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან საქმის მასალებით, კერძოდ, ნ. ჯ-იას მისამართით გადაწყვეტილების ასლის გზავნილზე გარკვევით არის მითითებული, რომ გადაწყვეტილების ასლი მან პირადად ჩაიბარა (იხ. ს.ფ. 85), რის გამოც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას მასზე, რომ მან სასამართლო გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა 2011 წლის 10 თებერვალს, ვინაიდან აღნიშნული საქმის მასალებით არ დასტურდება და ვერც კერძო საჩივრის კერძო საჩივრის ავტორმა ვერ შეძლო მის მიერ მითითებული გარემოების დადასტურება, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მისი მტკიცების ტვირთს შეადგენდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა სააპელაციო საჩივარი. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ნ. ჯ-იას სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ჯ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 მარტის განჩინება.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.