Facebook Twitter

ას-522-497-2011 23 მაისი, 2011 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პ. ქათამაძე, ბ. ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ მ. მ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ სს “მ-ი”- დირექტორი ბ. გ-ავა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 თებერვლისა და 28 თებერვლის განჩინებები

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება, სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მ. მ-ძემ მოპასუხე სს „მ-ის“ დირექტორს ბ. გ-ავას წინააღმდეგ და მოითხოვა სს „მ-ის“ დირექტორის ბ. გ-ავას 2007 წლის 28 ივნისის ¹6 ბრძანების ბათილად ცნობა და შრომითი ურთიერთობის აღდგენა 2007 წლის 12 აპრილიდან; 2007 წლის საშტატო განრიგში მ. მ-ძის ეკონომიკური სამსახურის უფროსის სახელფასო განაკვეთის 55,70 ლარის ბათილად ცნობა და მისი განსაზღვრა 70 ლარით, შესაბამისად მატერიალური ზიანის ანაზღაურება. 2008 წლის საშტაო განრიგში ცვლილების შეტანა, ეკონომიკური სამსახურის უფროსის ერთი საშტატო ერთეულის დამატების შესახებ, მიმდინარე ხელფასის 110 ლარის ოდენობით და თანამდებობაზე აღდგენის თარიღად 2007 წლის 12 აპრილის მითითება, შესაბამისად განაცდურის ანაზაურება 110 ლარიანი სახელფასო განაკვეთიდან, 2007 წლის 15 დეკემბრის შინაგანაწესის ბათილად ცნობა, 2010 წლის 5 იანვრის შრომითი ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სახელფასო განაკვეთის 85 ლარის ნაცვლად არანაკლებ 110 ლარით შეცვლა; თანამდებობაზე უპირობოდ აღდგენა და შრომის უწყვეტი სტაჟის შენარჩუნება, ასევე ანაზღაურებულ მატერიალური ზიანი 2007 წლის იანვრიდან 1575 ლარის ოდენობით.

მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით მ. მ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. მ-ძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 1 ივლისის განჩინებით მ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი. მ. მ-ძეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამავე დღეს განხილულ იქნა მ. მ-ძის კერძო საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის განჩინებაზე, სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 1 ივლისის განჩინებით მ. მ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის განჩინება; მ. მ-ძეს კერძო საჩივართან დაკავშირებული წარმოებისათვის დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.

დასახელებულ განჩინებებზე მ. მ-ძემ წარადგინა განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 1 ივლისის განჩინებების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. განმცხადებლის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 1 ივლისის განჩინებები უკანონოა, მას უკანონოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რადგან იგი იმყოფება ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში და კანონის თანახმად, არ წარმოადგენდა იმ პირს, რომელსაც სასამართლო განჩინებით უნდა დაკისრებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა. განმცხადებელი ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნევდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 3 დეკემბრის განჩინებას, მ. მ-ძის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების შესახებ და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერს, რომლითაც დგინდება, რომ მისი სარეიტინგო ქულა შეადგენს 48630 ლარს, ახალ გარემოებად განმცხადებელი ასევე მიიჩნევს სააღსრულებო ფურცელს, რომელიც 2010 წლის 1 ივლისის განჩინებაზე იქნა გაცემული.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 თებერვლის განჩინებით მიმიოზა მ-აძიას განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები: 2010 წლის მარტის თვიდან მ. მ-ძის ოჯახის სარეიტინგო ქულას შეადგენდა 66200, 2010 წლის 22 დეკემბრისათვის მ. მ-ძეს ისევ შეუმცირდა სარეიტინგო ქულა და იგი განისაზღვრა 48 630-ით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟი გადასახდელად მ. მ-ძეს დაეკისრა 2010 წლის 1 ივლისს, ანუ იმ პერიოდში, როდესაც მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენდა 66 200-ს. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის ¹145 დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად, საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა არის 57 001. 2010 წლის 1 ივლისისათვის მ. მ-ძის ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენდა 66200-ს, ამასთან იგი არ ღებულობდა საარსებო შემწეობას.

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით პალატამ მიიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონშესაბამისად მოხდა სააპელაციო და კერძო საჩივრების წარმოებისათვის ბაჟის გადახდის დაკისრება.

რაც შეეხება მ. მ-აძის მიერ მითითებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 3 დეკემბრის განჩინება, რომლითაც კასატორი მ. მ-აძე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა), პალატამ მიიჩნია, რომ იგი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს იმ ახალ გარემოებად, რომელიც თავის მხრივ საფუძვლად დაედება საქმის წარმოების განახლებას, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე, 48-ე, მუხლების შესაბამისად, სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო კონკრეტულ შემთხვევაში თავად მიეღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, აპელანტი უნდა გათავისუფლებულიყო თუ არა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სწორედ ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული სააპელაციო სასამართლოს მიერ 2010 წლის 1 ივლისს, რაც მ.მ-ძის საჩივრების საფუძველზე უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, სწორედ საჩივრის ავტორის მიერ ბაჟის გადაუხდელობის მოტივით.

რაც შეეხება საააღსრულებო ფურცლებზე, როგორც ახლად აღმოჩენილ გარემოებებზე მითითებას, პალატამ აღნიშნული არ გაიზიარა და მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინებებზე გაცემული სააღსრულებო ფურცლები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 223-ე მუხლის „ვ“ პუნქტის თანახმად ახლად აღმოჩენილ გარმოებას არ წარმოადგენს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 1 ივლისის განჩინებით მ. მ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის განჩინება; მ. მ-ძეს კერძო საჩივართან დაკაშვირებული წარმოებისათვის დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის გადახდა.

მ. მ-ძემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივლისის განჩინებებზე გაცემულ სააღსრულებო ფურცლებზე წარმოების შეწყვეტა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მ. მ-ძის განცხადება.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, პალატამ განმარტა, რომ განჩინებები შევიდა კანონიერ ძალაში, მათზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი, არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება სააღსრულებო ფურცლის გაუქმების თაობაზე, შესაბამისად, არ არსებობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2010 წლის 1 ივლისს მიღებულ განჩინებებზე გაცემული სააღსრულებო ფურცლებზე წარმოების შეწყვეტის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 თებერვლისა და 28 თებერვლის განჩინებები კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. მ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: მას სახელმწიფო ბაჟის გადახდა უკანონოდ დაეკისრა, ვინაიდან არ ეკუთვნოდა, რაც დადასტურებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 03.12.10 წლის განჩინებით, აღნიშნული მხედველობაში არ მიიღო სააპელაციო სასამართლომ და არ მიიჩნია ახლად აღმოჩენილ გარემოებად. განჩინებაში არასწორადაა მითითებული თითქოს 01.07.10 წლისათვის ოჯახის სარეიტინგო ქულა იყო 66200 და მხოლოდ 22.12.10 წლისთვის გახდა 48630, აღნიშნული არ წარმოადგენდა დადგენილ ზღვარზე ანუ 70 000 მეტს. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ასევე უსაფუძვლოდ უთხრა უარი სასამართლომ 2010 წლის 1 ივლისის განჩინებებზე გაცემული სააღსრულებო ფურცლებზე წარმოების შეწყვეტაზე. იმ საფუძვლით თითქოს განჩინებები შესულია კანონიერ ძალაში, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, დღემდე მისთვის მიყენებული ზიანი არ აუნაზღაურებიათ, მისი უფლებები დარღვეულია, შესაბამისად, უკანონოა გაცემული სააღსრულებო ფურცელი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრების საფუძვლები და მიიჩნია, რომ მ. მ-ძის კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

წარმოდგენილი კერძო საჩივრებით მ. მ-ძე სადავოდ ხდის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 და 28 თებერვლის განჩინებების მართლზომიერებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მ. მ-ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, ამავე პალატის 2011 წლის 28 თებერვლის განჩინებით მ. მ-ძეს უარი ეთქვა სააღსრულებო წარმოების შეწყვეტაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 265-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. მითითებული ნორმა ადგენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებული საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ მხარემ შეიტყო ისეთი გარემოება ან მოიპოვა მტკიცებულება, რომელიც მისთვის საქმის განხილვის დროს ობიექტური მიზეზით ხელმიუწვდომელი იყო, თუმცა ასეთ გარემოებასა თუ მტკიცებულებას შეეძლო, ზეგავლენა მოეხდინა საქმის განხილვის შედეგზე და მხარისათვის სასურველი გადაწყვეტილების მიღებას გამოიწვევდა.

განსახილველ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 1 ივლისის განჩინებით მ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი, მ. მ-ძეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა. სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 1 ივლისის განჩინებით მ. მ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის განჩინება, მ. მ-ძეს კერძო საჩივართან დაკავშირებული წარმოებისათვის დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ.

კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა აღნიშნული განჩინებების გაუქმება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო. გაუქმების საფუძვლად მიიჩნია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 3 დეკემბრის განჩინება, (მ. მ-ძის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების შესახებ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი და ასევე 2010 წლის 1 ივლისის განჩინებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სავსებით დასაბუთებულია გასაჩივრებული განჩინება, სადაც სააპელაციო სასამართლო ასკვნის, რომ მ. მ-ძის მიერ მითითებული გარემოებები არ შეიცავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლებს.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად: საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა არის 57001. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა იმ პერიოდისათვის როდესაც მ. მ-ძეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა. მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენდა 66200-ს და არ იღებდა შემწეობას, რაც აღემატებოდა ზემოაღნიშნული დადგენილებით განსაზღვრულ ქულას. შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დააკისრა მ. მ-ძეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა სააპელაციო და კერძო საჩივრების წარმოებისთვის, ხოლო განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოება სწორად არ მიიჩნია საქმეზე წარმოების განახლების საფუძვლად.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ 2010 წლის 22 დეკემბრისათვის მ. მ-ძეს შეუმცირდა სარეიტინგო ქულა და იგი განისაზღვრა 48630-ით, რაც საფუძვლად დაედო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 3 დეკემბრის განჩინებას, (მ. მ-ძე განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან) აღნიშნული ფაქტი სადავოდ არ გაუხდია თავად განმაცხადებელსაც. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მითითებული გარემოება ასევე ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინებების გაუქმების საფუძველი, რამდენადაც უზენაესი სასამართლოს განჩინების გამოტანის დროისათვის არსებული ვითარება სააპელაციო და კერძოს საჩივრების წარმოებისას არ არსებობდა, რაც გამორიცხავდა მ. მ-ძის განთავისუფლებას სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ამდენად, საკასაციო პალატამ მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა განჩინების გაუქმების საფუძვლად მითითებული გარემოებები და სრულიად კანონიერად უთხრა უარი საქმის წარმოების განახლებაზე.

საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას, რომ სააღსრულებო ფურცლები ახლად აღმოჩენილ გარმოებას არ წარმოადგენენ, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 223-ე მუხლის „ვ“ პუნქტით და ისინი თავისთავად ვერ შეცვლის სასამართლოს მიერ მიღებულ გასაჩივრებულ განჩინებებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 თებერვლის გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი სამართლებრივად დაუსაბუთებელია და არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების საფუძვლები.

რაც შეეხება მ.მ-ძის კერძო საჩივარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 28 თებერვლის განჩინების გაუქმებასთან დაკავშირებით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 1 ივლისის განჩინებებზე გაცემულ სააღსრულებო ფურცლებზე წარმოების შეწყვეტას.

“სააღსრულებო წარმობათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულებას ექვემდებარება კერძო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება. ამავე კანონის მე-20 მუხლის თანახმად, სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის გარეშე. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად კი, აღსრულების შეწყვეტა სააღსრულებო ფურცლის გარეშე შესაძლებელია, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 1 ივლისის განჩინებები შესულია კანონიერ ძალაში და მათზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი, ასევე დადგენილია, რომ არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება სააღსრულებო ფურცლის გაუქმების თაობაზე.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობდა ზემოაღნიშნულ განჩინებებზე გაცემულ სააღსრულებო ფურცლებზე წარმოების შეწყვეტის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები და სააპელაციო პალატამ კანონიერად უთხრა უარი მ. მ-ძეს აღნიშნულ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებები კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. მ-ძის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 თებერვლისა და 28 თებერვლის განჩინებები დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.