Facebook Twitter

¹ას-52-51-2010 3 თებერვალი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მოსამართლე ლ. ლაზარაშვილი

განიხილა ც. თ-ძის საპროცესო უფლებამონაცვლე ნ. ლ-ძის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 19 აგვისტოს განჩინებაზე. საკასაციო სასამართლომ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით ც. თ-ძის სარჩელი მოპასუხე მ. კ-იანის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს დაეკისრა 1998 წლის 25 ივნისიდან გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის ქირის გადახდა 948 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მოთხოვნა მ. კ-იანის ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. არ დაკმაყოფილდა მ. კ-იანის შეგებებული სარჩელი ც. თ-ძის, ნ. თ-ძისა და ნ. ე-ძის მიმართ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შესახებ (ტ.1, ს.ფ. 174-175).

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ც. თ-ძის სარჩელი მ. კ-იანის ბინიდან გამოსახლების ნაწილში დაკმაყოფილდა. მ. კ-იანის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტ.1, ს.ფ. 510-516).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 22 მარტის განჩინებით მ. კ-იანის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება მ. კ-იანის ბინიდან გამოსახლებისა და და ქირის გადახდის ნაწილში და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო საჩივარი მ. კ-იანის შეგებებული სარჩელის ნაწილში არ დაკმაყოფილდა (ტ.1, ს.ფ. 661-672).

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 19 აგვისტოს განჩინებით ც. თ-ძისა და მ. კ-იანის სააპელაციო საჩივრები თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებაზე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო განუხილველად იქნა დატოვებული (ტ.1, ს.ფ. 701-704). აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ც. თ-ძის წარმომადგენელმა ნ. ლ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა (ტ.1, ს.ფ. 707).

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეტა სააპელაციო პალატის 2005 წლის 15 სექტემბრის განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა ც. თ-ძის გარდაცვალების გამო მისი საპროცესო უფლებამონაცვლის დადგენამდე (ტ.1, ს.ფ. 718-719).

2009 წლის 7 დეკემბერს ნ. ლ-ძემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და აღნიშნა, რომ წარმოადგენს ც. თ-ძის საპროცესო უფლებამონაცვლეს და სადავო ქონება აღრიცხულია მის საკუთრებაში. ნ. ლ-ძის მიერ ასევე წარდგენილი იქნა განცხადება კერძო საჩივარზე უარის თქმის შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 დეკემბრის განჩინებით ნ. ლ-ძის განცხადება მისი ც. თ-ძის საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობასა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდა, განახლდა საქმეზე წარმოება და ნ. ლ-ძის კერძო საჩივარი, ასევე განცხადება კერძო საჩივარზე უარის თქმის შესახებ განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს (ტ.2, ს.ფ. 16-20).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

მოცემულ შემთხვევაში ნ. ლ-ძემ კერძო საჩივარზე უარის თქმით მოახდინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე მხარის ნების გამოვლენა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ლ-ძის კერძო საჩივრის ფორმალური დასაშვებობის საკითხი აღარ უნდა შემოწმდეს და კერძო საჩივარი განუხილველად იქნეს დატოვებული.

საკასაციო სასამართლო განუმარტავს კერძო საჩივრის ავტორს, რომ კერძო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ც. თ-ძის საპროცესო უფლებამონაცვლე ნ. ლ-ძის შუამდგომლობა კერძო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;

ც. თ-ძის უფლებამონაცვლე ნ. ლ-ძის კერძო საჩივარი განუხილველად იქნეს დატოვებული;

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 19 აგვისტოს განჩინება;

განემარტოს კერძო საჩივრის ავტორს, რომ კერძო საჩივარზე უარის თქმის გამო მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელციო პალატის 2005 წლის 19 აგვისტოს განჩინება კერძო საჩივრით;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.