ას-528-496-2010 19 ივლისი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები _ ვ. და გ. გ-ავები (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე _ ე. ჩ-შვილი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 იანვრის განჩინება
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 10 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ე. ჩ-შვილმა მოპასუხეების _ გ. გ-ავასა და ვ. გ-ავას მიმართ მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის, ხელშეშლის აღკვეთისა და გამოსახლების მოთხოვნით.
სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე 1999 წლიდან 2005 წლამდე მეუღლესთან და 3 არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა ავტოფარეხში, რის გამოც განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიას, სადაც ითხოვა დახმარება ბინით დაკმაყოფილების საკითხში. საბინაო კომისიამ განიხილა აღნიშნული საკითხი და ქ. თბილისის მთავრობის დადგენილებით მოსარჩელეს გამოეყო 43,2 კვ.მ საცხოვრებელი ბინა. აღნიშნულ ბინაში უკანონოდ შეიჭრნენ აფხაზეთიდან დევნილები ვ. და გ. გ-ავები, რომლებიც მოსარჩელეს არ აძლევენ კუთვნილი ბინით სარგებლობის შესაძლებლობას (ტ.1, ს.ფ. 1-12).
მოპასუხეებმა გ. და ვ. გ-ავებმა იმავე სასამართლოში შეგებებული სარჩელი წარადგინეს. შეგებებული სარჩელის ავტორებმა მოითხოვეს 2004 წლის 12 მარტის საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულებისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა (ტ.1, ს.ფ. 96-110).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 23 იანვრის საოქმო განჩინებითY გ. და ვ. გ-ავების შეგებებული სარჩელი საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულებისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე გამოეყო ცალკე წარმოებად და განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას (ტ.1, ს.ფ. 237-245).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით ე. ჩ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, დადგინდა გ. და ვ. გ-ავების სადავო ბინიდან გამოსახლება. სასამართლომ მიუთითა, რომ, მართალია, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 2007 წლის 19 ივნისის ცნობიდან ირკვეოდა აღნიშნული კორპუსისათვის დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტის სტატუსის მინიჭება, მაგრამ ამავე სამინისტროს 2008 წლის 9 სექტემბერს გაცემულ ცნობაში მითითებული იყო, რომ აღნიშნულ კორპუსში არცერთი დევნილი არ იყო ჩაწერილი. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ე. ჩ-შვილისათვის ქ. თბილისის მთავრობის დადგენილებით სადავო ბინის გადაცემა (ტ.1, ს.ფ. 316-321).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. და ვ. გ-ავებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება. აპელანტები მიუთითებდნენ, რომ კორპუსი, სადაც განთავსებული იყო სადავო ბინა, წარმოადგენდა დევნილთა კომოპაქტურად განთავსების ობიექტს, რის გამოც იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ საქართველოს კანონით გამოირიცხებოდა აღნიშნულ ობიექტში ჩასახლებულ პირთა გამოსახლება (ტ.1, ს.ფ. 332-348)
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით გ. და ვ. გ-ავების სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, აპელანტებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შემწეობის მიღების დამადასტურებელი მტკიცებულების ან 160 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა (ტ.2, ს.ფ. 3-6).
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართეს აპელანტებმა და ითხოვეს სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირება ან მისი გადახდის გადავადება, წინააღმდეგ შემთხვევაში ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება განჩინების ჩაბარებიდან 20 დღით (ტ.2, ს.ფ. 15).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 5 ნოემბრის განჩინებით აპელანტებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღით (ტ.2, ს.ფ. 16-18).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 იანვრის განჩინებით გ. და ვ. გ-ავების სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა აპელანტების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ. 2010 წლის 5 ნოემბრის განჩინებით აპელანტებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღით და განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნებოდა დატოვებული. აღნიშნული განჩინება აპელანტებს ჩაჰბარდათ 2010 წლის 5 იანვარს, ხოლო აპელანტების მიერ ხარვეზი არ შევსებულა (ტ.2, ს.ფ. 29-32).
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს გ. და ვ. გ-ავებმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვეს.
კერძო საჩივრის ავტორების მითითებით, ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება ჩაჰბარდათ 2010 წლის 5 იანვარს. მატერიალური მდგომარეობის გამო 2010 წლის 15 იანვრამდე მათ ვერ შეძლეს 160 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა. კერძო საჩივრის ავტორები ასევე მიუთითებენ, რომ იძულებით გადაადგულებულ პირთა დევნილთა შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრულია მათი სოციალური სტატუსი _ დევნილი, რაც საკმარისი საფუძველი უნდა ყოფილიყო მათი ქონებრივი მდგომარეობის შესაფასებლად და ამ საფუძვლით სახემწიფო ბაჟის გადახდისგან გასათავისუფლებლად ან მისი გადახდის ოდენობის შესამცირებლად (ტ.2, ს.ფ. 56-58).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. და ვ. გ-ავების კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 იანვრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარში ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 5 ნოემბრის განჩინების ასლი აპელანტებს ჩაჰბარდათ 2010 წლის 5 იანვარს. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტებს ხარვეზი არ შეუვსიათ და არც ხარვეზის შეუვსებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებიათ სასამართლოსთვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების 10-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2010 წლის 6 იანვარს და დასრულდა 2010 წლის 15 იანვარს. აღნიშნულ ვადაში სააპელაციო საჩივრის დადგენილი ხარვეზი აპელანტებს არ შეუვსიათ.
მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები, ხოლო მათი ამჟამინდელი სრული ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები, რაც სააპელაციო სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა, გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-48-ე მუხლები, აპელანტების მიერ არ ყოფილა წარდგენილი. სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გ. და ვ. გ-ავების სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საპროცესო საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. და ვ. გ-ავების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 იანვრის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.