ას-532-505-2011 2ივნისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა. მ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ნ-შვილი
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 თებერვლის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. მ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ნ-შვილის მიმართ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შვილიშვილის _ ნ. მ-შვილის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის _ 50 ლარის გადახდისაგან გათავისუფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით ა. მ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოელგიის 2007 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა შეიცვალა და ა. მ-შვილს არასრულწლოვანი შვილიშვილის _ ნ. მ-შვილის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად დაეკისრა ალიმენტის სახით _ 30 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. მ-შვილმა, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ალიმენტის გადახდის ვალდებულებისაგან სრულად გათავისუფლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 თებერვლის განჩინებით ა. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილევლად დაუშვებლობის გამო.
სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან აპელანტი ითხოვდა მასზე სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის _ 30 ლარის გადახდისაგან გათავისუფლებას, სააპელაციო საგნის ღირებულება სსკ-ის 41.1-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, შეადგენდა 360 (30X12) ლარს, რაც კანონით დადგენილ 1000 ლარზე ნაკლები იყო, შესაბამისად, სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. მ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ა. მ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
მითითებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის ღირებულების განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სარჩელით, რომელშიც ჩამოყალიბებულია მოსარჩელის მოთხოვნა, გასაჩივრებული გადაწყვეტილებითა და კანონით. კანონი ქონებრივი დავის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის გარკვეულ შეზღუდვას აწესებს, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს.
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია დავის საგნის ღირებულების განსაზღვრის წესი, რაც ჩამოყალიბებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40-41-ე მუხლებში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41.1-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება _ ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ა. მ-შვილი სააპელაციო საჩივრით ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებას, რომლითაც ა. მ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოელგიის 2007 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა შეიცვალა და ა. მ-შვილს არასრულწლოვანი შვილიშვილის _ ნ. მ-შვილის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად დაეკისრა ალიმენტის სახით _ 30 ლარის გადახდა.
სააპელაციო საჩივრის თანახმად, იგი ითხოვდა ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისთვის ალიმენტის გადახდის ვალდებულებისაგან სრულად გათავისუფლებას, რაც ცხადყოფს, რომ აპელანტმა სადავოდ გახადა ალიმენტის ოდენობა 30 ლარის ნაწილში, რომელიც მას, არასრულწლოვანი შვილიშვილის სასარგებლოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაეკისრა, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება უნდა გამოანგარიშდეს 30 ლარის ერთ წელზე (12 თვეზე) გაანგარიშებით, რაც არ აღემატება 1000 ლარს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა ა. მ-შვილის სააპელაციო საჩივრის ღირებულება 360 (300X12) ლარით, და მართებულად დატოვა იგი განუხილველად დაუშვებლობის გამო, რის გამოც არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 თებერვლის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. მ-შვლის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 თებერვლის განჩინება.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.