ას-53-52-2010 12 აპრილი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ მ. მ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ა. მ-ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი _ უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე თანხების დაკისრება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2004 წლის 1 ივნისს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს ც. და მ. მ-ძეებმა მოპასუხე ა. მ-ძის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს:
ა. ხელვაჩაურის რაიონის სოფელ წინსვლაში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან ც. მ-ძის საკუთრებაში არსებული ფართის გამიჯვნა, იზოლირებულად სარგებლობის გათვალისწინებით;
ბ. მოპასუხის მიერ თვითნებურად მითვისებული ქონების დაბრუნება ც. მ-ძისათვის ან მისი ღირებულების ანაზღაურება;
გ. მოპასუხის დავალდებულება ხელი არ შეეშალა მოსარჩელეებისათვის საკუთრებით სარგებლობაში;
დ. ც. მ-ძის შესახლება საცხოვრებელი სახლის კუთვნილ ნაწილში;
ე. მოპასუხის მიერ მ. მ-ძისათვის საკარმიდამო ნაკვეთის ღობის აღდგენა ან მისი ღირებულების ანაზღაურება (ტომი I, ს.ფ. 1-2).
მოგვიანებით, იმავე სასამართლოში შეგებებული სარჩელი აღძრა ა. მ-ძემ მოპასუხეების: ხელვაჩაურის რაიონის ... საკრებულოს, ც. და მ. მ-ძეების მიმართ. შეგებებულმა მოსარჩელემ მოითხოვა:
ა. ხელვაჩაურის რაიონის ... საკრებულოს საკომლო წიგნში ცვლილებების შეტანა, კერძოდ, ც. მ-ძის კომლის ქონებად სახლის 1/2 ნაწილის აღრიცხვის შესახებ ჩანაწერის გაუქმება და სადავო საცხოვრებელი სახლის მთლიანად ა. მ-ძის კომლის ქონებად აღრიცხვა;
ბ. ც. მ-ძისათვის ა. მ-ძის სასარგებლოდ 20 000 აშშ დოლარის, ხოლო მ. მ-ძისათვის _ 30 000 აშშ დოლარის დაკისრება (ტომი I, ს.ფ. 57-60).
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 25 ნოემბრის განჩინებით ცალკე წარმოებად გამოიყო შეგებებული სარჩელის მოთხოვნა საკრებულოს მოქმედების უკანონოდ ცნობისა და საკომლო წიგნში ცვლილებების შეტანის შესახებ თავდაპირველად განსახილველად, ხოლო ძირითადი სარჩელისა და შეგებებული სარჩელის მოთხოვნაზე თანხების დაკისრების შესახებ წარმოება შეჩერდა (ტომი I, ს.ფ. 92).
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. მ-ძის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ... თემის საკრებულოს დაევალა იმ საკომლო ჩანაწერის გაუქმება, რომლითაც საკომლო წიგნში ც. მ-ძის უფროსობის ქვეშ დაფიქსირებულია კომლის მთლიანი ქონების 1/2 ნაწილი, რაც შეეხებოდა ა. მ-ძის მოთხოვნას სადავო საცხოვრებელი სახლის მთლიანად მის სახელზე აღრიცხვის შესახებ, იგი დარჩა განუხილველი იმ მოტივით, რომ მითითებულ ქონებაზე არ იყო დადგენილი მოდავე მხარეთა საკუთრების უფლებები.
აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ც. და მ. მ-ძეების სააპელაციო საჩივრის განხილვის შედეგად, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ა. მ-ძის სარჩელი საკომლო ჩანაწერების გაუქმებისა და სადავო სახლის მის სახელზე აღრიცხვის შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონის ... თემის საკრებულოს საკომლო ჩანაწერებში ც. მ-ძის საკუთრებაში სადავო საცხოვრებელი სახლის 1/2 ნაწილის აღრიცხვის ჩანაწერები და სადავო საცხოვრებელი სახლი აღირიცხა ამ ჩანაწერების განხორციელებამდე არსებული საკომლო მონაცემების მიხედვით; ა. მ-ძეს მთლიანი საცხოვრებელი სახლის მის საკუთრებაში აღრიცხვაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო (ტომი I, ს.ფ. 97-101).
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 13 მარტის განჩინებით ც. და მ. მ-ძეების სარჩელზე ა. მ-ძის მიმართ საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთის, საცხოვრებელ ფართში შესახლებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, აგრეთვე, ა. მ-ძის შეგებებულ სარჩელზე თანხის დაკისრების შესახებ საქმის წარმოება განახლდა (ტომი I, ს.ფ. 111).
2006 წლის 14 მარტს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს ახალი სარჩელით მიმართა ც. მ-ძემ მოპასუხეების _ ა. მ-ძისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. ამჯერად მოსარჩელემ მოითხოვა:
ა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 10 თებერვლის ჩანაწერის გაუქმება მთლიანი საცხოვრებელი სახლის ა. მ-ძის საკუთრებაში აღრიცხვის შესახებ;
ბ. საცხოვრებელი სახლიდან საკუთრების უფლებით ც. მ-ძის წილის რეალურად გამოყოფა;
გ. ზემოაღნიშნულ ფართში მოსარჩელის შესახლება და საჯარო რეესტრისათვის საცხოვრებელი სახლის შესაბამისი წილის ც. მ-ძის საკუთრებაში აღრიცხვის დავალება;
დ. მოსარჩელის კუთვნილი ფართით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთა;
ე. სადავო ფართიდან მოპასუხის გამოსახლება და ც. მ-ძისათვის მისი თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება (ტომი II, ს.ფ. 1-2).
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 26 აპრილის განჩინებით ც. და მ. მ-ძეებისა და ც. მ-ძის სარჩელებით აღძრული სამოქალაქო საქმეები ერთ წარმოებად გაერთიანდა (ტომი II, ს.ფ. 58).
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით ც. მ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მ. მ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ა. მ-ძეს დაევალა მ. მ-ძისათვის ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული 1 000კვ.მ მიწის ნაკვეთის გადაცემა და მიწის ნაკვეთის სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთა, ხოლო დანარჩენი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მას უარი ეთქვა; ა. მ-ძის სარჩელი ასევე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ც. მ-ძეს ა. მ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 28 825 ლარის, ხოლო მ. მ-ძეს _ 51 300 ლარის გადახდა; ც. მ-ძის სარჩელზე ა. მ-ძის მიმართ ქონების ან მათი ღირებულების, ასევე ბოსლის ღირებულების დაბრუნების ნაწილში წარმოება შეწყდა (ტომი II, ს.ფ. 152-161).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ც. და მ. მ-ძეებმა. ც. მ-ძემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ა. მ-ძის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მ. მ-ძემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა და მას ა. მ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 51 300 ლარის გადახდა (ტომი II, ს.ფ. 169-171, 172-173).
სააპელაციო სასამართლოში დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა მ. მ-ძემ, რომელმაც მოითხოვა მისი სარჩელის ამგვარად დაკმაყოფილება: ა. მ-ძეს დავალებოდა აპელანტის ნაკვეთში შემავალი ჭიშკრისა და ღობის აღდგენა, აგრეთვე სამშენებლო მასალის გატანა (ტომი II, ს.ფ. 184-185).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით ც. და მ. მ-ძეების სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება ც. მ-ძისათვის მისი ძმის _ ა. მ-ძის სასარგებლოდ 28 825 ლარის დაკისრების ნაწილში, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა (ტომი II, ს.ფ. 241-248).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა., ც. და მ. მ-ძეებმა.
ა. მ-ძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით თავისი სარჩელის დაკმაყოფილება და ც. მ-ძისათვის 28 825 ლარის დაკისრება (ტომი II, ს.ფ. 261-263).
ც. მ-ძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სააპელაციო საჩივარი, კერძოდ, საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა, რომლითაც ა. მ-ძის საკუთრებაში აღირიცხა სადავო შენობა-ნაგებობა; საცხოვრებელი სახლის 1/2 ნაწილის მესაკუთრედ ცნობა; რეალური წილის გამოყოფა და საჯარო რეესტრის დავალდებულება მითითებული ფართის საკუთრებაში აღრიცხვის შესახებ (ტომი იI, ს.ფ. 265-268).
მ. მ-ძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სააპელაციო საჩივარი და ახალი გადაწყვეტილებით ა. მ-ძის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, აგრეთვე, ა. მ-ძის დავალდებულება კასატორის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე შემავალი ჭიშკრისა და ღობის აღდგენის შესახებ (ტომი II, ს.ფ. 270-273).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 8 აპრილის განჩინებით ა. მ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ც. და მ. მ-ძეების საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება ც. მ-ძისათვის თანხის დაკისრების შესახებ ა. მ-ძის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში დარჩა უცვლელად, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე გაუქმებულ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (ტომი III, ს.ფ. 109-130).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოცემული საქმის განხილვისას ც. მ-ძემ სააპელაციო საჩივარზე უარი განაცხადა, რის გამოც ამავე სასამართლოს 2008 წლის 1 ოქტომბრის საოქმო განჩინებით მის სააპელაციო საჩივარზე წარმოება შეწყდა (ტომი III, ს.ფ. 160-161, 162-164).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით მ. მ-ძის სააპელაციო საჩივრით განსახილველი ადმინისტრაციული საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას (ტომი III, ს.ფ. 174-182).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 სექტემბრის განჩინებით მ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მ. მ-ძეს სწორად უთხრა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე თავის ნაკვეთში შემავალი ჭიშკრისა და ღობის აღდგენის ნაწილში.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შეკითხვაზე, თუ რით ადასტურებდა მოსარჩელე თავის ნაკვეთში ჭიშკრისა და ღობის ადრე არსებობის ფაქტს, აპელანტმა და მისმა წარმომადგენელმა განმარტეს, რომ ამის თაობაზე მათ მტკიცებულებები არ გააჩნდათ, თუმცა ა. მ-ძემ ნამდვილად მოშალა მ. მ-ძის ნაკვეთში შემავალი ჭიშკარი და ღობე.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადასტურებულად მიიჩნია მ. მ-ძის მიწის ნაკვეთზე ა. მ-ძის მიერ გარკვეული სამუშაოების გაწევის ფაქტი.
სააპელაციო სასამართლომ უწინარესად ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ აპელანტს სადავოდ არ გაუხდია ზოგადად ა. მ-ძის მიერ სამუშაოთა ჩატარების ნამდვილობა და მათი ღირებულება, თუმცა მიუთითა, რომ ეს სამუშაოები მის მიწის ნაკვეთზე არ ჩატარებულა. ამის საწინააღმდეგოდ სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დასტურდებოდა ა. მ-ძის მიერ სამუშაოების სწორედ მ. მ-ძის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ჩატარება.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ იმ საკითხის გადასაწყვეტად, თუ კონკრეტულად ვის მიწის ნაკვეთზე განხორციელდა ა. მ-ძის მიერ შესრულებული სამუშაოები (ბეტონის გალავანი, სადრენაჟე არხი, ჭაობიანი ნიადაგის ამოშრობა მიწით ანუ ნიადაგის კეთილმოწყობის სამუშაოები, რაც გამოიხატა ქვიშისა და ხრეშის დაყრით), დანიშნა ექსპერტიზა. იმავდროულად, სასამართლოს მიერ მხარეებს დაევალათ ექსპერტისათვის თავ-თავიანთი მიწის ნაკვეთების საკადასტრო რუკების წარდგენა, რაზედაც სასამართლო სხდომაზე ორივე მხარემ თანხმობა განაცხადა. 2009 წლის 10 ივნისს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან საქმე დაბრუნდა შეუსრულებლად იმ მიზეზის გამო, რომ მხოლოდ ა. მ-ძემ წარუდგინა ექსპერტს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული საკადასტრო გეგმა, რამაც ექსპერტებს არ მისცა გამოსაკვლევ მიწის ნაკვეთებზე ექსპერტიზის ჩატარების საშუალება. ამის შემდგომ ა. მ-ძის ინიციატივით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად დამოუკიდებლად ჩატარდა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ა. მ-ძეზე 2008 წლის 27 ნოემბერს გაცემული ¹9261 საკუთრების უფლების მოწმობით დარეგისტრირებული მიწის ფართობის სამხრეთით მდებარე თავისუფალი მიწის ნაკვეთი შეადგენდა 1 000კვ.მ-ს. სწორედ ამ მიწის ფართობში იყო შესრულებული მიწის მოზვინვის სამუშაოები, წყალსაწრეტი არხი, საინჟინრო-სამშენებლო სამუშაოები, ჩაყრილი იყო რკინის მილები.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სხდომაზე დაკითხული ექსპერტის _ დ. გ-ძის განმარტებაზე, რომლის თანახმად, ზემომითითებულ ტერიტორიაზე მაღალ დონეზე არის ჩატარებული საინჟინრო სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოები ჩატარებულია ა. მ-ძის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გვერდზე, მიმდებარედ და იგი დაახლოებით 15 მეტრით სცილდება ა. მ-ძის მიწის ნაკვეთის საზღვრებს. ექსპერტის პასუხის მიხედვით, დასახელებული სამუშაოები ა. მ-ძის მიწის ნაკვეთში არ არის ჩატარებული.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, კონკრეტულ შემთხვევაში იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, მ. მ-ძის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ნამდვილად არსებობდა თუ არა ღობე და ჭიშკარი, რომელიც მ. მ-ძემ მოშალა, წარმოადგენდა მოსარჩელე მ. მ-ძის სამტკიცებელ ფაქტს. ამ ფაქტობრივი გარემოების დადასტურებულად მიჩნევისათვის სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ მ. მ-ძის განმარტება არ მიიჩნია საკმარის მტკიცებულებად, სხვა რაიმე სახის მტკიცებულება (მოწმის ჩვენება და ა.შ.) აპელანტს სასამართლოში არ წარუდგენია. აღნიშნულის გამო, მ. მ-ძის მოთხოვნა ამ ნაწილში უსაფუძვლო იყო და პირველი ინსტანციის სასამართლომ იგი სწორად არ დააკმაყოფილა.
რაც შეეხებოდა მ. მ-ძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, გაუქმებულიყო სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის ა. მ-ძის სარჩელის დაკმაყოფილების გამო 51 300 ლარის დაკისრების ნაწილში, სააპელაციო სასამართლომ დასახელებული მოთხოვნა ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია. საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ ექსპერტიზის ჩატარებას და იმ საკითხის გარკვევას, რომ ერთმნიშვნელოვნად დადგენილიყო საკითხი, თუ ვისი მიწის ნაკვეთზე იყო სამუშაოები განხორციელებული, ხელი სწორედ მ. მ-ძემ შეუშალა, რადგან ექსპერტიზას არ წარუდგინა თავისი მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა, რომლის წარდგენაც მას სასამართლოს განჩინებით ჰქონდა დავალებული.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა: სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის 2009 წლის 2 ივნისის ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლითაც დგინდება, რომ სამუშაოები ა. მ-ძის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში არ იყო შესრულებული, რომ ეს სამუშაოები შესრულებული იყო ა. მ-ძის მიწის ნაკვეთის სამხრეთით მდებარე მიწის ფართობში, რომლის ფართობი დაახლოებით 1 000კვ.მ იყო; სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის 2006 წლის 7 ივნისის დასკვნაზე, რომლის თანახმად, ა. მ-ძემ მ. მ-ძის მიწის ნაკვეთზე ჩაატარა შემდეგი სამუშაოები: წყლის საწრეტად მიწაში ჩადებულ იქნა 1 000მმ ლითონის მილი, ჭაობიანი ნიადაგის დონე შეტანილი ბალასტით აწეულ იქნა 1 მეტრზე ზევით, შემოღობილ იქნა რკინა-ბეტონის ღობის 85 გრძივ მეტრზე 70X15 და მთლიანად ამ სამუშაოებმა შეადგინა 56 815 ლარი. მ. მ-ძის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით და საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდებოდა, რომ ა. მ-ძის მიწის ნაკვეთის მოსაზღვრედ სწორედ მ. მ-ძის კუთვნილი 1 000კვ.მ მიწის ნაკვეთი მდებარეობდა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის შესაბამისად, პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა. გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი, ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს.
საქმეზე დგინდებოდა, რომ მ. მ-ძის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი გამოუსადეგარი იყო დანიშნულებით გამოსაყენებლად, ა. მ-ძის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად იგი დიდწილად გაუმჯობესდა, მ. მ-ძეს სამუშაოთა წარმოებისა და ხარჯების გაწევის დროს წინააღმდეგობა არ გაუწევია ა. მ-ძისათვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მოთხოვნები დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა (ტომი IV, ს.ფ. 168-174).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ა. მ-ძისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორი არ იზიარებს გასაჩივრებული განჩინებაში ასახულ სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის მოტივებს და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში საერთოდ არ არის საუბარი უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 8 აპრილის განჩინებაში ასახულ მითითებებზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიმართ, მაშინ როდესაც საკასაციო სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს მიუთითა, დამატებით შეესწავლა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათ შორის, საქმეზე წარდგენილი სურათები. ამ მიზნით სააპელაციო სასამართლომ დანიშნა მხოლოდ ექსპერტიზა, რომელსაც უნდა დაედგინა, ა. მ-ძის მიერ იყო თუ არა შესრულებული სამუშაოები მ. მ-ძის მიწის ნაკვეთზე. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს იმერეთის სამსახურში საქმის მასალების გადაგზავნის შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა უსაფუძვლო გახადა ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა და ნათლად წარმოაჩინა მ. მ-ძის მოთხოვნების მართებულობა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებით დადგენილია ის გარემოება, რომ მ. მ-ძის სახელზე მანამდე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ასევე რეგისტრირებული ჰქონდა ა. მ-ძეს, რომლის მიწის ნაკვეთთან არსებობდა გადაფარვა. მოცემულ შემთხვევაში მ. მ-ძეს თავისი მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება სადავო აქვს. საქმე აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის მიზნით სასამართლოს წარმოებაში იმყოფება. აქედან გამომდინარე, მ. მ-ძის მიწის ნაკვეთზე გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე მსჯელობა საფუძველსაა მოკლებული (ტომი IV, ს.ფ. 181-191).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ. გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, მ. მ-ძის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება განსახილველად დაშვებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე მ. მ-ძეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (2 565 ლარი) 70% _ 1795.5 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. მ-ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 სექტემბრის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. მ. მ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (2 565 ლარი) 70% _ 1795.5 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.