Facebook Twitter

ას-535-503-2010 12 ივლისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ლ. კ-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები _ შპს ,,ბ-ო” (მოპასუხე)

დავის საგანი – საგარანტიო წერილის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ლ. კ-ძემ სარჩელი აღძრა შპს ,,ბ-ოსა და ო. წ-ძის” მიმართ და მოითხოვა 2001 წლის 17 მარტს ო. წ-ძესა და შპს ,,ბ-ო”-ს შორის გაფორმებული საგარანტიო წერილის ბათილად ცნობა. მოსარჩელის განმარტებით აღნიშნული საგარანტიო წერილი (ნარდობის ხელშეკრულება) დადებულია კანონმდებლობის დარღვევით.

მოპასუხე შპს “ბ-ოს” დირექტორმა სარჩელი ცნო და განმარტა, რომ მას მოტყუებით მოაწერინეს ხელი ხელშეკრულებაზე, ხოლო მოპასუხე ო.წ-ძის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ აღნიშნული ხელშეკრულების დადებისათვის არ იყო საჭირო პარტნიორთა თანხმობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. კ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. კ-ძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 დეკემბრის განჩინებით ლ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დატოვებულ იქნა განუხილველად. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ლ. კ-ძემ სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში ხარვეზი არ შეავსო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. კ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნია, რომ მოცემული კერძო დაჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივნისის განჩინებით ლ. კ-ძეს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება (მოცემულ შემთხვევაში განჩინება) ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებულ ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფელის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტის ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოძახებული პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად, თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისიწნებული გამონაკლისისა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის ავტორს არაერთხელ გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე (ქ.თბილისი, ... ¹17, ბინა ¹5), მაგრამ განჩინების ჩაბარება ვერ მოხერხდა ადრესატის ლ. კ-ძის არყოფნის გამო, ხოლო განჩინების ჩაბარებაზე ოჯახის წევრმა - მეუღლემ უარი განაცხადა. კერძოდ, სასამართლო კურიერის მიერ შედგენილია აქტები, სადაც მითითებულია, რომ ლ. კ-ძის მეუღლემ უარი განაცხადა განჩინების მიღებაზე, ხოლო ფოსტიდან შემოსულ ცნობაში კი მითითებულია, რომ კონვერტი შენახვის ვადის გასლის გამო უკან დაბრუნდა (ტ.II. ს.ფ. 156-166).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. კ-ძის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 71-ე, 73-ე, 74-ე, 75-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. კ-ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 დეკემბრის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.