Facebook Twitter

¹ას-543-513-2011 30 მაისი, 2011 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პ. ქათამაძე, ბ. ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ბ. თ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ სს «... ... ...”

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბ. თ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს «... ... ...ის” მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, შემდეგი დასაბუთებით: 2008 წლის 16 აპრილს მოსარჩელე მხარემ მოპასუხისაგან შეიძინა 33.500 აშშ დოლარად ავტომანქანა «სანგ იონგ რექსტონ» მოძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ¹... საფუძველზე, რაზედაც 2008 წლის 18 აპრილს შედგა მიღება-ჩაბარების აქტი. შესყიდულ ავტომანქანას ექსპლუატაციის დროს აღმოაჩნდა რიგი ხარვეზები, რომელთა შემოწმებისა და აღმოფხვრის მიზნით მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა მოწინააღმდეგე მხარეს, რომელმაც არასათანადოდ შეამოწმა ავტომანქანა არ გამოიკვლია მის მიერ წარდგენილი პრეტენზიები, რაც მოსარჩელე მხარისათვის გახდა საფუძველი ევარაუდა რომ მისი კანონიერი უფლებები დაირღვა.

მოპასუხე მხარემ არ ცნო სარჩელი შემდეგ გარემოებათა გამო და აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარეს მისთვის პრეტენზიით არ მიუმართავს არც წერილობით და არც ზეპირად. სერვისული მომსახურების პერიოდული ჩანაწერის მიხედვით მოსარჩელემ გაუწია ტექნიკური მომსახურება, რაც დასტურდება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი გარანტიის პირობებითა და მომსახურების პერიოდული ჩანაწერით. ასევე მოპასუხე მხარე უთითებს მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნის ხარვეზიანობაზე. მხარე აღნიშნავს რომ ბ. თ-ის მიერ დარღვეულ იქნა 2008 წლის 18 აპრილის ტექნიკური მომსახურების პროგრამის დებულებები რაზედაც თვითონ მოსარჩელე მხარე აწერდა ხელს. ბ. თ-ე 2009 წლის 13 იანვრიდან ტექნიკური მომსახურებისათვის სერვისცენტრში არ გამოცხადებულა. ზემოაღნიშნული ტექნიკური მომსახურების პროგრამის დასკვნით ნაწილში მითითებულია, რომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოპასუხე მხარე მოიხსნიდა საგარანტიო ვალდებულებებს კლიენტის წინაშე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით ბ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. თ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ბ. თ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დაკმაყოფილდა, ბ. თ-ის მოთხოვნა მასა და შპს ,,რ. კ-ს” (ამჟამად სს «... ... ...ი») შორის 2008წლის 16 აპრილს დადებული ¹... მოძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოპასუხე მხარე - სს «... ... ...ს» დაეკისრა ბ. თ-ის სასარგებლოდ 33 500 აშშ დოლარის გადახდა და სს «... ... ...ს» ბ. თ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2362.30 ლარის ანაზღაურება. სს «... ... ...მა» 2011 წლის 3 თებერვალს შეიტანა საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლით: მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მთავარ სხდომაზე იყო გამოძახებული, 2011 წლის 16 იანვარს გახდა ავად, შეხვდა ვირუსი, რამაც გამოიწვია მისი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება მოწინააღმდეგე მხარის მიერ დადასტურებულია საავადმყოფო ფურცლით, რომლიდანაც ირკვევა რომ 2011 წლის 22 იანვრამდე დანიშნული ჰქონდა წოლითი რეჟიმი.

მოპასუხე მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და საქმეზე დაინიშნა არსებითი განხილვა. 2011 წლის 1 მარტის საოქმო განჩინებით გაუქმდა 2011 წლის 18 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოების განხილვა.

2011 წლის 7 მარტის განცხადებით აპელანტმა ბ. თ-ემ მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 მარტის საოქმო განჩინების გაუქმება ახალ აღმოჩენილ გარემოებათა გამო და საქმის წარმოების განახლება.

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 11 მარტის განჩინებით, განუხილველად იქნა დატოვებული ბ. თ-ის განცხადება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის საფუძველზე, პალატამ მიიჩნია, რომ დასაშვებია ისეთი საქმეების წარმოების განახლება, რომელთა წარმოება დამთავრებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით. შესაბამისად, სასამართლოს მიერ სხვა შინაარსის განჩინებები არ შეიძლება იყოს საქმის წარმოების განახლების მიზნით ბათილად ცნობისა თუ ახალ აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმების საფუძველი, რადგან მათი მეშვეობით ხდება არა საქმის წარმოების დამთავრება, არამედ ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულება, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების გადაწყვეტა.

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 11 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ბ. თ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: განცხადებას ერთვოდა ისეთი გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც თავისი შინაარსით ახლად აღმოჩენილ გარემოებას განეკუთვნება, რომელთა წარდგენა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების განჩინების გამოტანამდე შეუძლებელი იყო და ამის შესახებ აღნიშნული იყო განცხადებაში. განცხადებაზე თანდართული მასალა, არსებითი ხასიათისაა და საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას კანონიერ ძალაში არ შესულ განჩინებაზე, მაგრამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის გამოყენებით, სასამართლო შეეძლო განცხადების განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ბ. თ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით _ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ წანამძღვრებს.

აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ ისეთ საქმეებზე, რომელთა წარმოება დამთავრდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით. ასეთ განჩინებებს განეკუთვნება განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (სსკ-ის 272-ე მუხლი) და განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ (სსკ-ის 275-ე მუხლი), ანუ განჩინებები, რომლითაც მთავრდება საქმის წარმოება. იგივე უნდა ითქვას სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებზე და განჩინებებზე, რომლითაც მთავრდება საქმის წარმოება.

სასამართლო ინსტანციების ყველა სხვა განჩინება არ შეიძლება იყოს საქმის განახლების მიზნით, ბათილად ცნობისა თუ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, გაუქმების ობიექტი, რადგან მათი მეშვეობით ხდება არა საქმის წარმოების დამთავრება, არამედ ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულება, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების გადაწყვეტა.

განსახილველ შემთხვევაში, ბ. თ-ის წარმომადგენელმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება შეიტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 მარტის განჩინებაზე. აღნიშნული განჩინებით სს «... ... ...ს” წარმომადგენლის საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის განხილვა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საჩივრის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, სასამართლო განჩინებით აუქმებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რის შედეგაც იწყება სარჩელის განხილვა. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონი სადავო განჩინების დამოუკიდებლად გასაჩივრებას კერძო საჩივრით არ ითვალისწინებს, რაც ნათლად ადასტურებს, რომ მოცემული განჩინება თავისი ბუნებით შუალედური ტიპის განჩინებაა და საქმის წარმოების რაიმე ეტაპს საბოლოოდ არ ასრულებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მითითებული განჩინებით არ დასრულებულა საქმის განხილვა, შესაბამისად, აღნიშნული არ განეკუთვნება იმ განჩინებათა რიგს, რომლის ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით შესაძლებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე, როგორც დაუშვებელი, მართებულად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მე-7 მუხლის შესაბამისად, ანალოგიით შესაძლებელი იყო ახლად აღმოჩენილ გარემოებებზე მსჯელობა და საქმის წარმოების განახლება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, თუ არ არსებობს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი სასამართლო იყენებს კანონს, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი კანონიც არ არსებობს, სასამართლო ემყარება საქართველოს კანონმდებლობის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მითითებული ნორმის გამოყენების საფუძველი შეიძლება გახდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში არსებული ხარვეზის შევსება. კონკრეტულ შემთხვევას აღნიშნული ნორმა არ ეხება, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსში იმპერატიულად არის განსახღვრული საქმის წარმოების განახლების საფუძვლები, შესაბამისად, ანალოგიის გამოყენების საჭიროება არ არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიიჩნევს, რომ არ არსებობს ბ. თ-ის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ბ. თ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.