Facebook Twitter

საქმე # 330100118002559647

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №340აპ-19 ქ. თბილისი

ო–ი სერგო, 340აპ-19 8 დეკემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მარტის განაჩენზე თბილისის გლდანი - ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია გურულის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი - ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია გურულმა. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ს. ო–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგი არგუმენტებით: მართალია, დაზარალებულმა ო. ო–მ და მისმა დედამ, მოწმე ს. ო–მ, რომლებიც არიან შემთხვევის შემსწრე პირები, პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოიყენეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და უარი განაცხადეს თავიანთი ახლო ნათესავის - ს. ო–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, მაგრამ სასამართლოს უნდა გაეზიარებინა მოცემულ საქმეზე სხვა ირიბ მოწმეთა (გამომძიებლების, ბრალდებულის მეზობლების, თარჯიმნის, ექსპერტის) ჩვენებები; ამასთან, დანაშაულის შესახებ დაზარალებულის შეტყობინება და დაზარალებულის სამედიცინო ექსპერტის დასკვნა და ამ დასკვნაში მისი განმარტება დაზიანებასთან დაკავშირებით, უნდა შეფასდეს პირდაპირ მტკიცებულებებად.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ს. ო–ს ბრალი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე , 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

ს. ო–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 20 ივნისს, 16:30 საათიდან 18:00 საათამდე დროის მონაკვეთში, ქ. .........ში, .........ის პირველი მკ/რნ-ი, ..-ე კორპუსის, ბინა N..-ში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ს. ო–მა ოჯახური ძალადობა განახორციელა თავისი დის ო. ო–ს მიმართ, კერძოდ: ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სახეში გაარტყა ხელი, მარცხენა მკლავში ძლიერად მოუჭირა ხელი და რამდენჯერმე კვლავ დაარტყა ხელი თავისა და ტანის არეში, რა დროსაც ო. ო–მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 დეკემბრის განაჩენით ს. ო–ი, - დაბადებული ..... წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

გაუქმდა ს. ო–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

სერგო ოსმინკინი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ს. ო–ს განემარტა, რომ უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი - ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია გურულმა. ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ს. ო–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის მოთხოვნას გამართლებულ ს. ო–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შესახებ, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანდ, კერძოდ: სისხლის სამართლის საქმის მასალებით დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას, შემთხვევის შემსწრე პირებმა, დაზარალებულმა ო. ო–მ და მოწმე ს. ო–მ (გამართლებულის დედა) ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის მინიჭებული უფლებამოსილებით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და უარი განაცხადეს თავიანთი ახლო ნათესავის, ს. ო–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. რაც შეეხება მოწმე პოლიციელების - ზ. წ–ისა და გ. კ–ის ჩვენებებს, მათ ჩვენებებს შორის არის არსებითი სახის წინააღმდეგობა, რაც ამ მტკიცებულებებს უკარგავს სანდოობასა და დამაჯერებლობას. ბრალდების მხარე ასევე აპელირებს დაზარალებულ ო. ო–ს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლითაც მართალია დგინდება, რომ მას სხეულზე აღინიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით, მაგრამ, ვინაიდან დაზარალებულმა უარი განაცხადა ს. ო–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო ბრალდების მხარეს სხვა რაიმე პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულება დაზიანებების გამომწვევ მიზეზთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია, იმის მტკიცება, რომ ეს დაზიანებები მას სწორედ ს. ო–მა მიაყენა, შეუძლებელია.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი - ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია გურულის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი