Facebook Twitter

ას-547-515-10 15 ივლისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ბ. ვ-ძეE

მოწინააღმდეგე მხარე – დ. მ-ავი, მ. ფ-შვილი, მუდმივმოქმედი არბიტრაჟი “დ-ი”

დავის საგანი – მუდმივმოქმედი არბიტრაჟი “დ-ის” დადაგენილების გაუქმება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება –Q თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 3 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 29 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა ბ. ვ-ძემ მოპასუხე მუდმივმოქმედი არბიტრაჟის ,,დ-ის” მიმართ და მოითხოვა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის ,,დ-ის” დადგენილების გაუქმება და ყადაღის მოხსნა თბილისში, სოფელ ტაბახმელაში მდებარე მ. თ-შვილის სახელზე რიცხულ სახლზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 3 მაისის განჩინებით ბ. ვ-ძეს უარი ეთქვა საჩივრის წარმოებაში მიღებაზე.

სასამართლომ მიუთითა, რომ “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებული, ჯერ კიდევ დაუმთავრებელი საარბიტრაჟო დავები განიხილება კერძო არბიტრაჟის შესახებ საქართველოს 1997 წლის 17 აპრილის კანონით განსაზღვრული წესით, თუ მხარეები არ შეთანხმდნენ აღნიშნული დავების არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით განხილვაზე.

“არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის თანახმად, ეს კანონი ამოქმედდა 2010 წლის 1 იანვრიდან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არბიტრაჟის შესახებ საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონით განსაზღვრული წესით, სააპელაციო სასამართლოები განიხილავენ სარჩელებს 2010 წლის 1 იანვრიდან მიღებულ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებზე, ასევე ამ კანონის ამოქმედებამდე, ანუ 2010 წლის 1 იანვრამდე დაწყებულ და ჯერ კიდევ დაუმთავრებელ საარბიტრაჟო დავებზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თუ საარბიტრაჟო დავა დაწყებულია და დამთავრებულია 2010 წლის 1 იანვრამდე, მაშინ ასეთ დავებზე მიღებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების მიმართ ვერ გავრცელდება არბიტრაჟის შესახებ საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონის ამოქმედება. ასეთ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებზე შეტანილი სარჩელები განხილულ უნდა იქნეს კერძო არბიტრაჟის შესახებ საქართველოს 1997 წლის 17 აპრილის კანონით განსაზღვრული წესით.

MOმოცემულ შემთხვევაში, მხარე ითხოვს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის ,,დ-ის” 07.09.2009წ. საქმე ¹ 4/07-09 სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მიღებული დადგენილების გაუქმებას. სააპელაციო სასამართლოს აზრით, მითითებული საარბიტრაჟო დადგენილების გასაჩივრების მიმართ ვერ გავრცელდება “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს 19.06.2009წ. განსაზღვრული წესი, ვინაიდან აღნიშნული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მიღებულია 2010 წლის 1 იანვრამდე, ანუ ხსენებული კანონის ამოქმედებამდე.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მხარეს შეუძლია აღნიშნულ საკითხზე სარჩელით მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ბ. ვ-ძემ. მან განმარტა, რომ “არბიტრაჟის შესახებ” კანონის 46-ე მუხლის შესაბამისად, არბიტრაჟის მიერ დაწყებული საქმეები განიხილება “არბიტრაჟის შესახებ” კანონით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საქმის წარმოება არ არის დამთავრებული. კონკრეტულ შემთხვევაში საქმის წარმოება დამთავრებულია. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო არბიტრაჟის შესახებ კანონით განიხილება საქმეები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეების მიერ არ არის დადგენილი საქმის განხილვა “არბიტრაჟის შესახებ” კანონით. მოცემულ შემთხვევაში კი, კასატორმა მოითხოვა საქმის განხილვა სწორედ “არბიტრაჟის შესახებ” კანონით. აქედან გამომდინარე, კასატორის აზრით მისი საჩივარი განხილული უნდა ყოფილიყო “არბიტრაჟის შესახებ” კანონით და შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო მიეღო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ბ. ვ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 3 მაისის განჩინებით ბ. ვ-ძეს უარი ეთქვა მუდმივმოქმედი არბიტრაჟი “დ-ი”-ს 07.09.2009წ. დადგენილების გაუქმების თაობაზე წარმოდგენილი საჩივრის მიღებაზე.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მუდმივმოქმედი არბიტრაჟი “დ-ი”-ს 07.09.2009წ. დადგენილება მიღებულია 2010 წლის 1 იანვრამდე, ანუ “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, აქედან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მითითებული კანონი არ ვრცელდება იმ საარბიტრაჟო დავებზე, რომლებიც დაწყებულია და დამთავრებულია 2010 წლის 1 იანვრამდე.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებული, ჯერ კიდევ დაუმთავრებელი საარბიტრაჟო დავები განიხილება “კერძო არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს 1997 წლის 17 აპრილის კანონით განსაზღვრული წესით, თუ მხარეები არ შეთანხმდნენ აღნიშნული დავების “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონით განსახილველი წესით განხილვაზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საარბიტრაჟო დავებზე გამოტანილ გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება უნდა განხორციელდეს ამ კანონით განსაზღვრული წესით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი მუხლი განსაზღვრავს მითითებული კანონის გამოყენების ფარგლებს. ამდენად, მოქმედი “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის გამოყენება, ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ საარბიტრაჟო დავებზე, შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საარბიტრაჟო დავა მართალია დაიწყო ამ კანონის ამოქმედებამდე (2010წ.01.01.) და გრძელდება ამ კანონის მოქმედების პერიოდში, მაგრამ არსებობს მხარეთა შეთანხმება ამ დავის 2010 წ 01. იანვრიდან ამოქმედებული “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონით განხილვაზე. ასევე ზემოაღნიშნულ დავებზე (რომლებიც დაწყებულია ამ კანონის ამოქმედებამდე და გრძელდება მოქმედი კანონის მოქმედიბის პერიოდში) გამოტანილ გადაწყვეტილებათა ცნობასა და აღსრულებაზე.

კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და არც მხარეთა შორის არ იწვევს დავას ის გარემოება, რომ საარბიტრაჟო დავა დაიწყო და დამთავრდა მოქმედი “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, ე.ი. 2010 წლის 01 იანვრამდე.

საკასაციო პალატა, ასევე აღნიშნავს, რომ არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს კერძო საჩივრის ავტორის მითითება იმაზე, რომ ადგილი აქვს “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის დანაწესს, რადგან არსებობს მისი მოთხოვნა ამ კანონით საქმის განხილვაზე.

ამასთან მიმართებაში საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ დასძენს, რომ განსახილველი ნორმის თანახმად მოქმედი “არბიტრაჟის შესახებ” კანონის მოქმედება ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებულ და ამ კანონის მოქმედების პერიოდში გაგრძელებულ იმ საარბიტრაჟო დავებზე, რომლის მონაწილე მხარეები შეთანხმდნენ მოქმედი კანონით მათი საარბიტრაჟო დავის მოწესრიგებაზე.

ამდენად, სადავო შემთხვევაზე არ ვრცელდება “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 46-ე მუხლის საფუძველზე “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონი.

საკასაციო პალატა თვლის, რომ ზემოაღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად გამოყენებულ უნდა იქნეს “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით.

აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმას, რომ “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონით არ არის დადგენილი მისი უკუძალა იმ ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, რომლებიც წარმოიშვნენ და დასრულდნენ ამ კანონის ამოქმედებამდე. ამდენად საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად უთხრა უარი ბ. ვ-ძეს საჩივრის მიღებაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კერძო საჩივარი საფუძველს მოკლებულია და მის დაკმაყოფილებას უნდა ეთქვას უარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ბ. ვ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 3 მაისის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.