ას-548-516-2010 22 ივლისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ინდივიდუალური მეწარმე თ. თ-შვილი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს “ს-ი” (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ვალდებულების შესრულება იპოთეკის საგნის აუქციონზე რეალიზაციის გზით
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს “ს-მა” სარჩელი აღძრა სასამართლოში ინდივიდუალურ მეწარმე თ. თ-შვილისა და ნ. მ-ძის მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების დავალდებულებისა და იპოთეკის საგნის აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნით.
ინდივიდუალურმა მეწარმე თ. თ-შვილმა სარჩელი ნაწილობრივ ცნო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს “ს-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ინდივიდუალურ მეწარმე თ. თ-შვილს სს “ს-ის” სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების _ 195972.4 აშშ დოლარის გადახდა, დავალიანების გადახდის მიზნით იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული თ.თ-შვილის კუთვნილი, ქ.ქობულეთში, ... ¹126-ში მდებარე და ნ. მ-ძის კუთვნილი, ქ.ქობულეთში, ......... ქ¹25-ში მდებარე უძრავი ქონება.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ინდივიდუალაურმა მეწამე თ.თ-შვილმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილვგველად ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ინდივიდუალურმა მეწარმე თ. თ-შვილმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივნისის განჩინებით ინდივიდუალურ მეწარმე თ. თ-შვილის კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 9 ივნისის განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა და ჩაბარდა ადრესატს 2010 წლის 2 ივლისს.
2010 წლის 6 ივლისს ინდივიდუალურმა მეწარმე თ. თ-შვილმა განცხადებით მომართა სასამართლოს და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ მეწარმე თ. თ-შვილის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ კერძო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, კერძო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კერძო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 9 ივნისის განჩინებით ინდივიდუალურ მეწარმე თ. თ-შვილის კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებაში მითითებული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრა 3 (სამი) დღით.
ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 9 ივნისის განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა ინდივიდუალურ მეწარმე თ. თ-შვილს საქმეში მითითებულ მისამართზე და შპს “ფ-ის” წერილობითი პასუხის თანახმად, სასამართლო შეტყობინება ადრესატს ჩაბარდა 2010 წლის 2 ივლისს (იხ. ტ.II ს.ფ. 120, 125).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. დასახელებული ნორმა სასამართლოს უდგენს ალტერნატიულ ვალდებულებას სასამართლოს შეტყობინება საპროცესო მოქმედების შესრულების დროის შესახებ აცნობოს ნორმაში მითითებულ სუბიექტთაგან ერთ-ერთს _ მხარეს ან მის წარმომადგენელს და მითითებულთაგან ერთ-ერთისათვის, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად მხარის არყოფნის შემთხვევაში, მისი ოჯახის სრულწლოვანის წევრისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. დასახელებული ნორმების თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 3 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 5 ივლისს, ხოლო საფოსტო კონვერტით უდავოდ დასტურდება, რომ თ.თ-შვილმა საფოსტო განყოფილებას მიმართა 2010 წლის 6 ივლისს _ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დარღვევით, რაც მისი კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
თ. თ-შვილს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2010 წლის 5 ივლისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის (კერძო საჩივრის) განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად დაბრუნებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ინდივიდუალურ მეწარმე თ. თ-შვილის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
თ. თ-შვილს დაუბრუნდეს მის მიერ 2010 წლის 5 ივლისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარი
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.