Facebook Twitter

ას-560-528-2011 16 მაისი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ვ. ი-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ვ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 თებერვლის განჩინება

დავის საგანი _ სააღსრულებო ფურცლის გაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს. ვ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლი თანახმად ვ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქ.ბათუმში, ... ქ. ... ..-ში მდებარე მიწის ნაკვეთი გაიყო ვ. ი-სა და ს. ვ-ეს შორის სსიპ «ლევან სამხარაული სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს» 2009 წლის 17 აგვისტოს ¹13-4862 დასკვნის დანართი ¹1-ის შესაბამისად, ისე, როგორც ექსპერტიზის ჩატარების პერიოდისათვის ეკავათ მხარეებს და ზემოხსენებულ მისამართზე ვ. ი-ს მიეკუთვნა 317,3კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო ს. ვ-ეს მიეკუთვნა 669,5 კვ.მ მიწის ნაკვეთი. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძლაში.

2011 წლის 11 იანვარს ნ. ვ-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა. სასამართლო პროცესზე ნ. ვ-ემ ასევე მოითხოვა მისი მეუღლის _ ს. ვ-ის უფლებამონაცვლედ ცნობა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 თებერვლის განჩინებით ნ. ვ-ის განცხადება უფლებამონაცვლის დადგენისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ი-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის განჩინებით კასატორს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

2011 წლის 10 მაისს ვ. ი-მა წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარი გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და მოითხოვა მისი კერძო საჩივრის წარმოებაში მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ი-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის «ა» ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელ მაყვალა მოწყობილს ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 20 აპრილის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2011 წლის 27 აპრილს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ს.ფ.50).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 28 აპრილს და ამოიწურა ამავე წლის 2 მაისს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კერძო საჩივრის ავტორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

მოცემულ შემთხვევაში ვ. ი-მა სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა 2011 წლის 28 აპრილს, ხოლო გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ფოსტას ჩააბარა 2011 წლის 3 მაისს, ე.ი. სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, ვინიდან ხარვეზის გამოსწორების ბოლო ვადა იყო 2011 წლის 2 მაისი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მისი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 420-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. ი-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. ვ. ი-ს დაუბრუნდეს მიის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.