ას-563-531-2010 19 ივლისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლ. ლაზარაშვილი, პ. ქათამაძესაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ც. ლ-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ყ-შვილი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ყ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ც. ლ-ძის მიმართ მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ლ.ყ-შვილის კუთვნული ოქროს ნივთების გამოთხოვის შესახებ იმ საფუძვლით, რომ 2008 წლის მარტში მოპასუხეს ათხოვა სამი ცალი ოქროს ბეჭედი, რომელიც ც.ლ-ძეს არ დაუბრუნებია.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ნათხოვარი ოქროს ნივთები მოსარჩელეს დაუბრუნა, რის შემდეგ ლ.ყ-შვილის ორი წლის განმავლობაში მის მიმართ რაიმე სახის პრეტენზია არ განუცხადებია.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ლ. ყ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ც. ლ-ძეს ლ. ყ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 380 ლარის გადახდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ც. ლ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 მაისის განჩინებით ც. ლ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილებით აპელანტს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ დაეკისრა 380 ლარის გადახდა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით განსაზღვრული სააპელაციო საჩივრის ღირებულების ზღვრულ ოდენობაზე ნაკლებია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ც. ლ-ძემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ საქმე განიხილა ტენდენციურად და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი თვალსაზრისით არ შეაფასა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ც. ლ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, კანონი ქონებრივი დავის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის გარკვეულ შეზღუდვას აწესებს, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს, წინააღმდეგ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.
მოცემულ შემთხვევაში საჩხერის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით ც. ლ-ძეს დაეკისრა ლ. ყ-შვილის სასარგებლოდ 380 ლარის გადახდა, რაც მან გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ც. ლ-ძის სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება 380 ლარით სწორად განსაზღვრა და მიიჩნია, რომ იგი კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას _ 1000 ლარს არ აღემატება, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას სააპელაციო პალატის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი თვალსაზრისით შეუმოწმებლობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გასაჩივრებული განჩინებით ც.ლ-ძის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების გამო სააპელაციო პალატის მიერ მისი ფაქტობრივი თუ სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება დაუშვებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ც. ლ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.