ას-564-532-10 22 ივლისი, 2010 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – თ. ა-ძე
წარმომადგენელი_ ნ. ზ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ა. უ-ძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – მემკვიდრედ ცნობა, სამკვიდროდან წილის მიკუთვნება, შინაურული ანდერძისა და ქორწინების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა თ. ა-ძემ, მოპასუხედ დაასახელა ა. უ-ძე და მოითხოვა მისი არასრულწლოვანი შვილის თ. უ-ძის აწ გარდაცვლილი ბებიის, ჟ. უ-ძის მთლიანი ქონების მემკვიდრედ ცნობა, როგორც იდეალური, ასევე რეალური წილის სახით, ასევე მოპასუხის მფლობელობაში არსებული, მამკვიდრებლის მიერ დატოვებული მოძრავი ნივთების ნატურით დაბრუნება და მოპასუხის გამოსახლება დანაშთი საცხოვრებელი სახლიდან.
2009 წლის 2 და 9 თებერვალს, თ. ა-ძემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა ქ.ქუთაისში, ... ქ.¹7-ში მდებარე, აწ გარდაცვლილი ჟ. უ-ძის საკუთრებაში რეგისტრირებულ საცხოვრებელ სახლზე, მისი აწ გარდაცვლილი მეუღლის, ა. უ-ძის, მიერ გაწეული სამუშაოების ხარჯების 800 ლარის ანაზღაურება, ასევე ჟ. უ-ძის მიერ 2006 წლის 19 ნოემბერს შედგენილი შინაურული ანდერძის ბათილად ცნობა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით თ. ა-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თ. უ-ძე ცნობილ იქნა ბებიის, ჟ. უ-ძის, დანაშთი უძრავ-მოძრავი ქონების მემკვიდრედ ა. უ-ძესთან ერთად და გამოეყო რეალური სამკვიდროს უძრავი და მოძრავი ქონება მდებარე ქ.ქუთაისში, ... ქ.¹7-ში თავისი წილის შესაბამისად; ბათილად იქნა ცნობილი ჟ. უ-ძის 2006 წლის 9 ნოემბრის შინაურული ანდერძი, როგორც ფორმის დაუცველად დადებული გარიგება; სარჩელი ქ.ქუთაისში, ... ქ¹7-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან ა. უ-ძის გამოსახლებისა და 800 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. უ-ძის წარმომადგენელმა ა. ბ-ძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 18 ივნისის განჩინებით ა. უ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება თ. ა-ძის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 ნოემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ა. უ-ძის შვილები: კ. უ-ძე და დ. უ-ძე.
2009 წლის 25 დეკემბერს მესამე პირებმა, კ. უ-ძემ და დ. უ-ძე-კ-ძემ დამოუკიდებელი სარჩელი წარადგინეს სასამართლოში, მოპასუხედ დაასახელეს თ. ა-ძე და ა. უ-ძე და ქ.ქუთაისში, ... ქ.¹7-ში მდებარე აწ გარდაცვლილი ჟ. უ-ძის დანაშთ უძრავ-მოძრავ ქონებაზე მემკვიდრედ ცნობა და აწ გარდაცვლილი მამის, ა. უ-ძის, სამკვიდროდან რეალური წილის გამოყოფა მოითხოვეს, ასევე მოითხოვეს ჟ. უ-ძის მიერ 2006 წლის 19 ნოემბერს შედგენილი შინაურული ანდერძისა და თ. ა-ძისა და ა. უ-ძის ქორწინების ბათილად ცნობა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით თ. ა-ძის, კ. და დ. უ-ძეების სარჩელები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თ. უ-ძე, კ. და დ. უ-ძეები ცნობილ იქნენ მემკვიდრეებად უძრავ-მოძრავ ქონებაზე მდებარე ქ.ქუთაისში, ... ქ.¹7-ში და გამოეყოთ რეალური წილი მათი მამის აწ გარდაცვლილი ა. უ-ძის კუთვნილი 1/2 სამკვიდრო წილიდან; ბათილად იქნა ცნობილი ჟ. უ-ძის 2006 წლის 9 ნოემბრის შინაურული ანდერძი, როგორც ფორმის დაუცველად დადებული; კ. და დ. უ-ძეების მოთხოვნა თ. ა-ძისა და ა. უ-ძის ქორწინების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ა-ძის წარმომადგენელმა ნ. ზ-ძემ და მისი ნაწილობრივ გაუქმება მოითხოვა, კერძოდ, მან მოპასუხე ა. უ-ძისათვის დანაშთი ქონების 1/2 წილზე უარის თქმა, მესამე პირის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და თ. უ-ძის აწ გარდაცვლილი ჟ. უ-ძის დანაშთი ქონების 1/2 წილზე მემკვიდრედ ცნობა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 მაისის განჩინებით თ. ა-ძის წარმომადგენელ ნ. ზ-ძის სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
დადგენილია, რომ 2010 წლის 14 მაისს, სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი და მისი წარმომადგენელი ნ. ზ-ძე, რომელიც სასამართლო სხდომაზე მოწვევისა და გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე იყო გაფრთხილებული. მიუხედავად ამისა, აპელანტი მხარე სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა და არც რაიმე შეტყობინება გამოუცხადებლობის მიზეზების თაობაზე სასამართლოში არ წარმოუდგენია.
სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა ა. უ-ძემ და მისმა წარმომადგენელმა, ასევე მესამე პირების წარმომადგენელმა უარი განაცხადეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, ასევე საქმის განხილვის გადადებაზე და სასამართლოს წინაშე იშუამდგომლეს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
პალატამ მიიჩნია, რომ, ვინაიდან აპელანტი არ გამოცხადდა სხდომაზე, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა საქმის განუხილველად დატოვების თაობაზე, დასახელებული შუამდგომლობა იყო სამართლებრივად საფუძვლიანი.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. ა-ძის წარმომადგენელმა ნ. ზ-ძემ.
კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განმარტებით, მან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 14 და 17 მაისს მიმართა შესაბამისი განცხადებებით, რითაც მოითხიოვა პროცესზე დაგვიანებული 2 საათის აღდგენა. თუმცა აღნიშნულ განცხადებებზე სააპელაციო სასამართლოს რეაგირება არ მოუხდენია, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის უფლება დაირღვა და სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 66-ე მუხლი და აღედგინა საპროცესო ვადა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო საქმეზე წარმოდგენილ კერძო საჩივარს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 მაისის განჩინებით თ. ა-ძის წარმომადგენელ ნ. ზ-ძის სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლები განსაზღვრავს საპროცესო მოქმედების მხარისათვის შეტყობინების წესს. კერძოდ კი 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეს ან მის წარომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. ამასთან, წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, 2010 წლის 14 მაისს დანიშნული პროცესის თაობაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესით გაფრთხილებულ იქნა თ. ა-ძის წარმომადგენელი ნ. ზ-ძე (ს.ფ.318). აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის მითითებას, რომ მან ვერ უზრუნველყო აპელანტის გაფრთხილება 14 მაისის სხდომის დროის შესახებ, ვერ მიიღებს მხედველობაში, როგორც საპატიო გარემოებას. ნ. ზ-ძე თავისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლებში ვალდებული იყო მხარე გაეფრთხილებინა სააპელაციო სასამართლოში დანიშნული სხდომის დღისა და დროის თაობაზე.
კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი განმარტავს, რომ მან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 14 და 17 მაისს მიმართა შესაბამისი განცხადებებით, რითაც მოითხიოვა პროცესზე დაგვიანებული 2 საათის აღდგენა.
საქართველოს სამოქლაქო საპროცესო კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო განცხადებას საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე დააკმაყოფილებს იმ შემთხვევაში თუ ცნობს, რომ საპროცესო ვადის გაშვება საპატიო მიზეზით მოხდა.
მხარის სასამართლოს პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო გარემოებებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც საპატიო მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რაც შეუძლებელს ხდის მხარის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. შესაბამისად, ნ. ზ-ძის მიერ მითითებული გარემოება რომ ის გეგუთის კოლონიაში მსჯავრდებულთან იმყოფებოდა არ წარმოადგენს პროცესზე გამოუცხადებლობის თუ დაგვიანების საპატიო გარემოებას. ამასთან მხარეს შეეძლო წინასწარ მიემართა სააპელაციო სასამართლოსთვის, ეცნობებინა პროცესზე გამოუცხადებლობის დამაბრკოლებელი გარემოების არსებობის თაობაზე და ამით თავიდან აეცილებინა დამდგარი შედეგი, თუმცა აღნიშნულ მოქმედებას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სწორად დატოვა განუხილველი თ. ა-ძის სააპელაციო საჩივარი და არ არსებობს თ. ა-ძის წარმომადგენლის ნ. ზ-ძის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. ა-ძის წარმომადგენლის ნ. ზ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 მაისის განჩინება;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.